1728933551
გრძელდება იმ პირების გამოკითხვა, ვისაც რაიმე სახის შემხებლობა ჰქონდა ვაკის პარკში მიმდინარე სამუშაოებთან
იმ პირების გამოკითხვა, ვისაც რაიმე სახის შემხებლობა ჰქონდა ვაკის პარკში მიმდინარე სამუშაოებთან, ამ დრომდე გრძელდება.
გამომძიებლების კითხვებს პასუხობდნენ "გრინ სერვის პლუსის" ხელმძღვანელები და თანამშრომლები, ასევე მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები და ექსპერტები.
ვაკის პარკის ტერიტორიაზე მომხდარი შემთხვევის დროს იქ მყოფი არასრულწლოვნების, 55-ე საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეების, პედაგოგების, სკოლის ადმინისტრაციისა და მანდატურის სამსახურის წარმომადგენლების გამოკითხვა გვიან ღამემდე გაგრძელდა.
მთელი ღამე მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები ვაკის პარკში. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. სპეციალისტების მხრიდან განხორციელდა შადრევნის დეტალური დათვალიერება. მიმდებარე ტერიტორია ამ დრომდე ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.
შეგახსენებთ უბედური შემთხვევა ვაკის პარკში გუშინ მოხდა, შადრევანში ბურთის ამოსატან ჩასულ სამ ბავშვს დენმა დაარტყა. 13 წლის მარიტა მეფარიშვილს გული საავადმყოფოში მიყვანამდე გაუჩერდა, ორი მოზარდი კი დაშავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.