კარგი სიახლე მერიისგან - ნახეთ, რომელი მიმართულებით დაემატა ახალი მარშრუტი
1771585722
გლდანის მერვე მიკრორაიონის N13 კორპუსთან რეკრეაციული სივრცე ეწყობა. სამუშაოები, დაახლოებით, 7 000 კვ.მ ფართობზე ჩატარდება.
პროექტის საწყის ეტაპს თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილეებთან – ირაკლი ბენდელიანსა და კახა აბულაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.
„გლდანის მერვე მიკრორაიონში, N13 კორპუსის მიმდებარე ტერიტორია წესრიგდება. აქ ძალიან კარგი პარკი გაშენდება. სამუშაოები, რომელსაც გლდანის რაიონის გამგეობა ახორციელებს, დაწყებულია და აგვისტოში დასრულდება. პროექტით გათვალისწინებულია მოსასვენებელი პავილიონების მოწყობა, ასევე, პატარებისთვის გაკეთდება ატრაქციონები, სასეირნო ბილიკები, განათების ბოძები, დაირგვება ხე-მცენარეები, მოეწყობა სარწყავი სისტემა. აქ იყო უკანონო შემოღობვები და მინდა, მადლობა გადავუხადო ადგილობრივ მოსახლეობას თანამშრომლობისთვის, რადგან ხდება ამ სივრცეების გამოთავისუფლება. ასევე, განხორციელდება უსახური ფარეხების დემონტაჟი, სადაც ავტომობილებისთვის მოეწყობა საპარკინგე არეალი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა ბავშვთა გასართობი ზონები, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, საქანელა სკამები, ასევე, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები – დაიგება რულონური ბალახი და დაირგვება ხე – მცენარეები.
გარდა ამისა, მიმდებარე ტერიტორიაზე, ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით, განხორციელდება უკანონო შემოღობვისა და ავტოფარეხების დემონტაჟი და მოეწყობა საპარკინგე სივრცე.
აღნიშნული პროექტისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 783 000 ლარი დაიხარჯება.
ადგილზე დედაქალაქის მერთად ერთად გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი თბილისის საკრებულოში მიხეილ რეხვიაშვილი იმყოფებოდა.