1771531835
BSP - მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია
ქართულმა კომპანია ,,ბლექ სი პეტროლიუმმა“ ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტ Honeywell-თან მნიშვნელოვანი საინჟინრო და სალიცენზიო შეთანხმება გააფორმა. შეთანხმება ითვალისწინებს ძირითადი ტექნოლოგიური პროცესების პროექტირებას და ლიცენზირებას. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ქარხნის დანადგარებითა და მაღალტექნოლოგიური მართვის ცენტრებით მომარაგებისთვის. ეს ყოველივე მნიშვნელოვნად აახლოებს “ბლექ სი პეტროლიუმს” აწარმოოს ევრო-5 სტანდარტის ბენზინი, დიზელი და ასევე საავიაციო ნავთი.
Honeywell 100 წელზე მეტ გამოცდილებას ითვლის და წარმოადგენს ტექნოლოგიური პროცესების, აღჭურვილობისა და მომსახურების წამყვან საერთაშორისო მიმწოდებელსა და ლიცენზიარს ნავთობგადამამუშავებელი, გაზის გადამამუშავებელი და ნავთობქიმიური მრეწველობის დარგებში.
ქვემოთ გთავაზობთ კომპანიის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ პრესრელიზს სრულად:
თბილისი, საქართველო
კომპანია ბლექ სი პეტროლიუმმა (Black Sea Petroleum - BSP) მნიშვნელოვანი საინჟინრო და სალიცენზიო შეთანხმება გააფორმა ტექნოლოგიურ გიგანტ Honeywell-თან. ხელშეკრულება ითვალისწინებს ნავთობგადამუშავების ძირითადი დანადგარების დაპროექტებასა და ლიცენზირებას, რაც ისტორიულად მნიშვნელოვანი, წინ გადადგმული ნაბიჯია, როგორც კომპანიისთვის, ისევე საქართველოს ენერგეტიკული სექტორის განვითარებისათვის.
“ბლექ სი პეტროლიუმი” ყულევში აშენებს სრული ციკლის, თანამედროვე, მაღალტექნოლოგიურ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, რომლის ნომინალური წლიური წარმადობა 4,5 მილიონ ტონამდეა. პროექტის ფარგლებში BSP-მ უკვე წარმატებით დაასრულა ქარხნის პირველი ეტაპი წლიური ნომინალური სიმძლავრით 1,2 მლნ ტონა. ამჟამად შენდება მეორე ეტაპი, რომლის ნომინალური სიმძლავრე წელიწადში 3,3 მილიონი ტონა იქნება.










