1771531835
ეს პირდაპირ იყო ეკონომიკური დივერსია - მიმართული კრიტიკული ინფრასტრუქტურის არგანვითარებისკენ" - გურამ ნიკოლაშვილი "ნამახვანჰესისი" საქმეზე
ეკონომიკური დივერსია საქართველოს ენერგო დამოუკიდებლობის წინააღმდეგ - ასე აფასებს მმართველი გუნდი "ნამახვანჰესის" საქმეზე პარიზის სასამართლოს განაჩენს. პროტესტისა და შეჩერებული პროექტის შემდეგ, კომპანია "ენკას" სარჩელზე პარიზის სააპელაციო სასამართლომ საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილება აღიარა და საქართველოს 400 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა.
სასამართლომ, საქართველოს მთავრობის შუამდგომლობის საფუძველზე, გადაწყვეტილების აღსრულება დროებით შეაჩერა. "ქართულ ოცნებაში" ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს იხსენებენ, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ვარლამ გოლეთიანისა და სამოქალაქო ჯგუფების პროტესტს, რომელმაც "ენკასთან" ხელშეკრულების გაწყვეტა გამოიწვია. "ნამახვანჰესის" პროექტის განხორციელების შემთხვევაში, კომპანიას ქვეყანაში 800 მილიონის ინვესტიცია უნდა შემოეტანა.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრის, გურამ ნიკოლაშვილის განცხადებით, "ნამახვანჰესის" ირგვლივ განვითარებული მოვლენები პირდაპირი ეკონომიკური დივერსია იყო.
"ეს არის ნათელი ილუსტრაცია იმისი, რომელსაც წლების მანძილზე, სხვადასხვა საბაბით, პირველ რიგში, გარე ძალების ჩარევით ხდებოდა ქვეყანაში შიდა ჯგუფების ქსელურად გამოყენება იმისთვის, რომ მომხდარიყო საბოტაჟი. ეს პირდაპირ იყო ეკონომიკური დივერსია, ეს არის მიმართული კრიტიკული ინფრასტრუქტურის არგანვითარებაზე, რაც ქვეყნის განვითარების და აღმშენებლობის საწინდარია. მსხვილ ინვესტიციებზე ორკესტრირებული იერიში, NGO სექტორის ძალიან მსუყე ჩართულობით და სხვადასხვა აქტორის ქსელური ჩართულობით პირდაპირ ატარებს ამ ნიშნებს და წარმოადგენს მათ პოლიტიკურ დღის წესრიგს. მე მათთან თავის დროზე მქონდა ლაპარაკი და დისკუსია რამდენადაც შესაძლებელი იყო ამ თემებზე და ვაფრთხილებდი, რომ ეს ზიანი აუცილებლად დადგებოდა. თუ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ლაპარაკობდნენ, ახლა მაინტერესებს დღეს რას იტყვიან. ეს ზიანი ხომ დადგა, რაც მათი პირდაპირი მონაწილეობით მოხდა. ასეთი ტიპი კითხვები კვალიფიციურმა და მცოდნე ადამიანმა უნდა დასვას, არა ვიღაც ავანტიურისტებმა, რომლებიც საიდანღაც გაუგებრად გამოჩნდნენ. გარკვეული ბრალი მიუძღვით იმ ადამიანებს, რომლებიც იდგნენ მის ზურგს უკან ან მაშინდელ თანამდებობის პირებს, მაგრამ პირველ რიგში, ეს არის საზოგადოების იმ ნაწილის პასუხისმგებლობა, რომლებმაც ამ რეალობის წინაშე ქვეყანა დააყენეს", - განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა.










