ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ დევნილი მოქალაქის ტრაგიკულად დაღუპვის გამო - დიმიტრი ხუნდაძე

დიმიტრი ხუნდაძე

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გუშინ, თბილისის ზღვაზე მდებარე სანატორიუმ „ქართლის“ შენობიდან ერთ-ერთი დევნილი მოქალაქის ტრაგიკულად დაღუპვის გამო. გამოძიება მიმდინარეობს და აუცილებლად დაადგენს ამ ტრაგიკული შემთხვევის მიზეზს. დევნილები ის სოციალურად მოწყვლადი ჯგუფია, ვის მიმართაც განსაკუთრებული დამოკიდებულება და პატივისცემა მაქვს.“, - ამის შესახებ დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

„შეუფასებელია მათი ტკივილი თუნდაც მხოლოდ დევნილობის სტატუსის გამო. 2012 წლიდან დღემდე ეტაპობრივად მიმდინარეობს მათი ბინებით დაკმაყოფილება, თუმცა, მესმის იმ ოჯახების, ვისაც მძიმე პირობებში უწევს ცხოვრება და მოუთმენლად ელიან საცხოვრებელ ფართებს.

სამწუხაროდ, ქვეყნის ბიუჯეტიდან გამომდინარე, ვერ ხერხდება ყველას ერთდროულად დაკმაყოფილება, ეს შესაბამისი შეფასებითი კრიტერიუმების მიხედვით მიმდინარეობს. ვიმედოვნებ, ბინების მოლოდინში მყოფი დევნილი მოსახლეობის მდგომარეობა მალე გამოსწორდება და აღარ გვექნება შეხება მსგავს საპროტესტო ფაქტებთან. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს ამ დიდ ტკივილს“,- ამბობს დიმიტრი ხუნდაძე.