ღმერთს პუტინის სიკვდილს კი ნუ ვთხოვთ, კარგი არტილერია უნდა ვთხოვოთ - რომან გოცირიძე

რომან გოცირიძე

რამდენიმე უცხოური მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ვლადიმერ პუტინი წარუმატებელი ოპერაციის შემდეგ კომაშია და კრემლი სასწრაფოდ ავითარებს ძალაუფლების გადაცემის სცენარს, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე ეხმაურება.

„ორ კვირაში ერთხელ, სერიოზული თუ არასერიოზული სააგენტოები, სერიოზული თუ არასერიოზული ადამიანები ავრცელებენ მსგავს ინფორმაციას და მერე სულმოუთქმელად ელოდებიან მის დადასტურებას უკვე ნამდვილად სერიოზულებისაგან.

წუხელ ჩაირთო მოლოდინის რეჟიმი და ეს გაგრძელდება მანამ, სანამ პუტინი არ გამოჩნდება სადმე სპორტულ დარბაზში ან კრემლის კორიდორში. ბევრი დაიჯერებს, რომ არ მომკვდარა, ზოგი იფიქრებს, რომ მისი ორეულია, ზოგიც დარწმუნებულია იმაში, რომ ვიდეომონტაჟია, ”ღრმა ტექნოლოგიების” პროდუქტი. ბევრს სჯერა, რომ პუტინი დიდი ხნის მკვდარია და მისი ორეულებით მართავენ ქვეყანას, ოღონდ იმას არ ამბობენ, ვინ მართავს, დებილი შოიგუ თუ ჩლუნგი ლავროვი.

იმათ, ვისაც ამ სისულელეების არ სჯერათ, იმაში ღრმად არიან დარწმუნებულები, რომ პუტინი მძიმედაა ავად.
მოკლედ, მთელი მსოფლიო ღმერთის კეთილ ნებაზეა მინდობილი, ნაცვლად იმისა, რომ ხელი გაანძრიონ და ეშველოთ.

ღმერთს პუტინის სიკვდილს კი ნუ ვთხოვთ, კარგი არტილერია უნდა ვთხოვოთ, მთლად უკეთესი-თუ ძალიან შორსმსროლელი“, - წერს გოცირიძე სოცქსელში.