გენერალურ პროკურატურაში პარალელური ფინანსური გამოძიების წარმოების შესახებ სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა

პრეზენტაცია

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში პარალელური ფინანსური გამოძიების წარმოების შესახებ სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებაში საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე, ბაკურ აბულაძე, გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილე, ალექსანდრე მუყასაშვილი და უწყების სხვა ხელმძღვანელი პირები მონაწილეობდნენ.

სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილემ ალექსანდრე მუყასაშვილმა გამართა.

პარალელური ფინანსური გამოძიების წარმოების შესახებ სახელმძღვანელო საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში შექმნილი სპეციალური სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავდა, რომელიც მიზნად ისახავს დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების მოძიება/ჩამორთმევის, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და მასთან დაკავშირებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გაუმჯობესებას და ასევე, პარალელური ფინანსური გამოძიების წარმოების ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებას.

დოკუმენტი განკუთვნილია საგამოძიებო ორგანოების იმ თანამშრომლებისთვის, რომლებიც ახდენენ მატერიალური სარგებლით მოტივირებული დანაშაულების ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეების გამოძიებას ან საპროცესო ზედამხედველობას.

აღსანიშნავია, რომ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, საქართველოს პროკურატურის მიერ წლების განმავლობაში სხვადასხვა სახის აქტივობები სისტემატურად ხორციელდებოდა.

შედეგად, ევროპის საბჭოს Moneyval კომიტეტმა მეხუთე რაუნდის შეფასების პროცესში, საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით გატარებული ღონისძიებები პოზიტიურად შეაფასა.