გეკა გელაძე: ეკიპაჟის 20-ვე წევრის ცხედარი ნაპოვნია, გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ყველა ტექნიკური საშუალება და თვითმფრინავის ფრაგმენტები ნანახია, მიმდინარეობს ექსპერტიზა

გეკა გელაძე

საქართველოსა და თურქეთის შესაბამისი სამსახურების მიერ, სამდღიან უწყვეტ რეჟიმში ჩატარებული სამძებრო ღონისძიებების შედეგად, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, თურქული სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის ადგილზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბორტზე მყოფი 20-ვე პირის ცხედარი ნაპოვნია.

„ეკიპაჟის 20-ვე წევრის ცხედარი ნაპოვნია. გუშინ 19 ცხედარი გადავასვენეთ პროზექტურაში. დაახლოებით ნახევარი საათის წინ კი ვიპოვეთ მეოცე ცხედარიც. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები და საგამოძიებო ჯგუფი აგრძელებს მუშაობს. გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ყველა ტექნიკური საშუალება და თვითმფრინავის ფრაგმენტები ნანახია და მიმდინარეობს ექსპერტიზა. საგამოძიებო და სამაშველო ღონისძიებებში ჩართული იყო 1000-ზე მეტი ადამიანი, როგორც ქართული, ასევე, თურქული მხარის წარმომადგენლები. მინდა, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებს, თავდაცვის ძალების წარმომადგენლებსა და თურქულ მხარეს გაწეული საქმიანობისთვის“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ.

თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა 11 ნოემბერს საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით ხუთ კილომეტრში განიცადა.