გაზრდის თუ არა ქვეყანა ფულადი ჯილდოს ოდენობას აცრის წასახალისებლად 

ვაქცინაცია

იმუნიზაციის საბჭო ვაქცინის მეოთხე დოზის დაშვებაზე მსჯელობას იწყებს. უკვე ცნობილია, რომ პირველ და მეორე ბუსტერ დოზას შორის პერიოდი 3- 4 თვე იქნება, განისაზღვრება კატეგორიაც, 50 წლის ზემოთ და ჯანმრთელობის სტატუსის მქონე პირებისთვის ასაკობრივი ბარიერის გარეშე.

ეპიდემიოლოგები შემოდგომა-ზამთრის პერიოდისთვის კოვიდის ახალ ან ომიკრონის ქვეშტამებს ისევ ელოდებიან. ინფექციონისტები ამ ვითარებაში ვაქცინის მე-4 დოზის აუცილებლობას მნიშვნელოვნად მიიჩნევენ, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ჯანმრთელობის გაუარესების რისკი მაღალი აქვს.

პარალელურად, ქვეყანაში ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანიის ახალი ტალღა იწყება. ეპიდემიოლოგები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ისევ ჩავლენ და კიდევ ერთხელ დაარწმუნებენ მოსახლეობას, რომ ვაქცინაციის გარეშე პანდემიის დასრულება შეუძლებელია. სავარაუდოდ, გაიზრდება ფულადი ჯილდოებიც.

ვაქცინაციის გეგმის მიხედვით, ივლისამდე მოსახლეობის 65-70 % უნდა აიცრას, თუმცა, ბოლო რამდენიმე თვეა, აცრილთა დღიური მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია. მარტო დღეს მხოლოდ 26 ადამიანია ვაქცინირებული.

საქართველოში მოსახლეობის მხოლოდ 85%-ია, ვისაც ვირუსის მიმართ იმუნიტეტი გამომუშავებული აქვს. კვლევებით დასტურდება, რომ იმუნიტეტს მუდმივად სჭირდება გაძლიერება.