"გასვენების დღეს ერთი პატარა ვარდი აყვავდა ეზოში..." - როსტომ საგინაშვილის შვილის ემოციური პოსტი

rostom saginashvili

13 თებერვალს კოსმოსში გაშვებული "ჩაკრულოს" შემსრულებელი, ოქროს ხმად აღიარებული - როსტომ საგინაშვილი გარდაიცვალა. 

ილია ზაქაიძისა და როსტომ საგინაშვილის მიერ შესრულებული „ჩაკრულო“, მთელ საბჭოთა კავშირში, ერთადერთი სიმღერა აღმოჩნდა, რომელიც 1977 წელს მსოფლიოს 27 საუკეთესო სიმღერასთან ერთად, „NASA“-მ კოსმოსში „ვოიაჯერებს“ ოქროს ფირფიტით გაატანა.

ამ დიდი ღვაწლის მქონე ადამიანის შვილი, თამარ საგინაშვილი, ფეისბუქზე  ემოციურ პოსტს აქვეყნებს. 

თამარ საგინაშვილი: თუ შეიძლება დაკრძალვაზე ითქვას სიტყვა ლამაზი, მამას დაკრძალვა ულამაზესი იყო.
ორი დღის განმავლობაში მომღერლები და მგალობლები, უფროსი თაობა და ახალი თაობა ენაცვლებოდნენ ერთმანეთს, გასვენების დღეს ხომ საერთოდ, რამდენიმე საათის განმავლობაში არ შეწყვეტილა სიმღერა, სანამ ბოლოს "ჩაკრულოთი" და უკანასკნელი აპლოდისმენტებით არ გააცილეს მამა.
ეს იყო მართლაც ხალხის გულიდან წამოსული სიყვარული და პატივისცემა, გულწრფელი ცრემლები ქართველი მომღერლების თვალებზე და გულით მოტანილი ულამაზესი თაიგულები.

პატრიარქის ჩოხოსნებმა კახეთის სადროშოდან პატივი მიაგეს როსტომ საგინაშვილს.

ანსამბლი "რუსთავი", "გურჯაანი" და "ხარება"... და ბოლოს მამას საყვარელი "ერისიონი"...

ყველა მღეროდა და ყველა ტიროდა...
უდიდესი მადლობა ყველას, ვინც პატივი მიაგო როსტომ საგინაშვილს, ვისაც გული ეტკინა, ვინც მოგვისამძიმრა.

ახლა რა დროს ვარდის აყვავებაა, მაგრამ გასვენების დღეს ერთი პატარა ვარდი აყვავდა ეზოში. ეს შენმა სამშობლომ მოგიძღვნა-მეთქი, ვუთხარი მამას და გულზე დავადე ეს პატარა ვარდი. სიტყვის მასალად არ მითქვამს, მჯერა, რომ მისთვის აყვავდა.ნათელში იყოს შენი კეთილი, ალალი, თავმდაბალი და მარადიული სული, მამა.იმდენი იტანჯე, დარწმუნებული ვარ სრულიად განწმენდილი გადახვედი მარადისობაში.წყალნი წავლენ და წამოვლენ - პრემიერებიც, პრეზიდენტებიც, მინისტრებიც, მათი ხელქვეითებიც... შენი ხმა კი მარად დარჩება ამ უკიდეგანო სამყაროში.ილოცე შენი საყვარელი ოჯახისთვის და შენი ლამაზი საქართველოსთვის, ასე რომ გიყვარდა