განათლების სამინისტროში შეხვედრა იყო საჭირო, ცოტა დაგვიანებულიც, უნივერსიტეტების გაერთიანებაზე გადაწყვეტილება მიღებულია, მსჯელობა მიდის დეტალებზე, რომ პროცესი მინიმალურად მტკივნეული იყოს - თამარ ვეფხვაძე

თამარ ვეფხვაძე

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი თამარ ვეფხვაძე აცხადებს, რომ განათლების სამინისტროში თსუ-ს წარმომადგენლებთან ძალიან საჭირო შეხვედრა გაიმართა და უმჯობესი იყო, ასეთი შეხვედრა უფრო ადრეც გამართულიყო.

როგორც თამარ ვეფხვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე დაისვა მწვავე კითხვები.

თამარ ვეფხვაძის განცხადებით, შეხვედრაზე იყო პოზიტიური ნიშნები, თუმცა, მისივე განმარტებით, ეს არ ეხება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არგაერთიანებას, რადგან აღნიშნული ორი უნივერსიტეტის გაერთიანებასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მხრიდან გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. თამარ ვეფხვაძის თქმით, ახლა მიმდინარეობს მსჯელობა დეტალებზე, რომ პროცესი მინიმალურად მტკივნეული იყოს.

„ეს იყო ძალიან საჭირო შეხვედრა, მიმაჩნია, ცოტა დაგვიანებულიც. უპრიანი იყო, უფრო ადრეც ყოფილიყო ამ ფორმატში შეხვედრები. დაისვა ძალიან ბევრი მწვავე შეკითხვა. გარკვეული პოზიტიური და იმედის მომცემი ნიშნები ნამდვილად იყო. რომ არ გაერთიანდება არა, უკვე ძალიან ცალსახად განაცხადა სახელმწიფომ, რომ ეს არის გადაწყვეტილება, ეს გადაწყვეტილება მიღებულია. ახლა მსჯელობა მიდის დეტალებზე და იმაზე, რომ პროცესი იყოს მინიმალურად მტკივნეული“, – განაცხადა თამარ ვეფხვაძემ.

დღევანდელ შეხვედრასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა განათლების სამინისტრომაც. უწყების ცნობით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრთან, გივი მიქანაძესთან სამუშაო შეხვედრა გაიმართება, რომელშიც მონაწილეობის შესაძლებლობა ორივე უნივერსიტეტის წარმომადგენლებს ექნებათ. ამასთან, როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, შეხვედრის ფარგლებში თსუ-ის და სტუ-ის გაერთიანების თაობაზე დამატებითი კონსულტაციები შედგება.