11 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1728588267
საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ექიმმა, რევაზ ბოჭორიშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ამტკიცებდა, რომ საქართველო ერთ სულ მოსახლეზე აბორტის მაჩვენებლით ლიდერი იყო. პოსტს თან ახლდა ფოტო ვიკიპედიიდან, რომელზე გამოსახული სტატისტიკა ავტორის მტკიცებას ამყარებდა.
"და ამის მიზეზი ისევ და ისევ ბანალური რამ, განათლების დეფიციტია...
გამოსავალი?
სავალდებულო სექსუალური განათლება დაწყებით კლასებში (13 წლიდან),კონტრაცეფციის ხელმისაწვდომობა (უფასოობა) ახალგაზრდებისათვის( მოზარდებისათვის, 16 წლიდან) გარანტირებული სახელმწიფოს მიერ,ჰორმონალური კონტრაცეფციის უსაფრთხოების პროპაგანდა (დიახ, პროპაგანდა) პროფესიონალების მხრიდან“, - წერდა რევაზ ბოჭორიშვილი.
შემდგომში რევაზ ბოჭორიშვილმა პოსტი წაშალა.2019 წელს საქართველოში აბორტის აღნიშნული რაოდენობა (21600) ასევე დასტურდება სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით. ამავე მონაცემების მიხედვით, საქართველოში 2019 წლიდან აბორტის აღრიცხულმა რაოდენობამ იკლო. თუ 2019 წელს მაჩვენებელი 21600 იყო, 2021 წელს აბორტების რაოდენობა 17,8 ათასს შეადგენდა.
გავრცელებული სტატისტიკა ემყარებოდა ვიკიპედიის ძველ სტატისტიკას, რომელიც მოგვიანებით თავად ამ პლატფორმამ ჩაასწორა. 2023 წლის 21 იანვარს დარედაქტირებული მონაცემების მიხედვით, კი საქართველო (2019 წლის სტატისტიკით) არა 1, არამედ 86-ე ადგილზე იმყოფება. ასევე, საქართველოს პირველობა აბორტების რაოდენობაში არ დასტურდება არც სხვა ოფიციალური სტატისტიკიდან.
ვიკიპედიაზე არსებობს გვერდი, რომელიც აბორტის სტატისტიკას აჯამებს. აღნიშნულ გვერდზე აბორტის რაოდენობა 1000 ქალზეა (წილი) გამოთვლილი. აღნიშნული სტატისტიკა, ვიკიპედიის ინფორმაციით, გუტმახერისა და გაეროს კვლევებს ეყრდნობა და მონაცემები ძირითადად 2019 წლისაა (ზოგ შემთხვევაში ვხვდებით 2018, 2020 და 2021 წლებს). აღნიშნული სტატისტიკით 64.0 ქულით ლიდერობს ვიეტნამი, მას მოსდევს მადაგასკარი, გვინეა-ბისაუ, კუბა და ჩინეთი. აღნიშნულ სტატისტიკაში საქართველო 86-ე ადგილზეა. საქართველოს შემთხვევაში წყაროდ გამოყენებულია სტატისტიკის ეროვნული სამსახური.
აღსანიშნავია, რომ გავრცელებული ცხრილის სქრინშოტზე საქართველოში აბორტების სრული რაოდენობა 2019 წელს 74000-ია, მაშინ როცა რეალურად ეს მონაცემი ვიკიპედიის იმავე გვერდზე ამჟამად 21600-ია.
მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს 80 ქულა რეალურად მართლაც არის ასახული გუტმახერის კვლევაში, თუმცა ის არა 2019 წელს, არამედ 2015-2019 წლებს აჯამებს და საშუალო მაჩვენებელს ითვლის. აბორტის უკანასკნელი სტატისტიკა გამოქვეყნებული აქვს ორგანიზაცია World Population Review-ს. მათი ინფორმაციით, საქართველო აბორტების რაოდენობით (1000 ქალზე) მე-19 ადგილზეა. პირველ ხუთეულშია რუსეთი, ვიეტნამი, ყაზახეთი, ესტონეთი, ბელარუსი. World Population Review თავის მხრივ ეყრდნობა გაეროს დემოგრაფიის ყოველწლიურ კვლევას, ასევე ლანცეტის, გუტმახერისა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევებს.