გაიცანით, მათემატიკის მასწავლებელი, რომელმაც 76 წლის ასაკში ტიკ-ტოკერობა გადაწყვიტა

ჯული ბებო

დღეს მაყურებელმა „რუსთავი 2-ის“ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“, მათემატიკის მასწავლებელი ჯული კუპრაძე გაიცნო, რომელმაც 76 წლის ასაკში  ტიკ-ტოკერობა გადაწყვიტა.

ჯული ბებოს ვიდეოებს სოციალურ ქსელში, სულ რამდენიმე დღეში მილიონობით ნახვა აქვს. 

ამტკიცებს, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია. სიახლეებს არ უშინდება, გამოწვევებს ენთუზიაზმით უყურებს და თანამედროვე ტექნოლოგიებსაც ემეგობრება. 

ახალი თავგადასავლების ძიება, მისი ცხოვრების ნაწილი გახდა. 4 ქვეყანაში უკვე იმოგზაურა, როგორც თავად ამბობს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია, გაჩერებას არ აპირებს და წინ კიდევ ბევრი  მოგონება აქვს დასაგროვებელი. 

სკოლა და ბავშვები, ჯული ბებოს მთელი ცხოვრებაა, მათ გარეშე არც ერთი დღე არ წარმოუდგენია. 

 „მთავარია, ჯერ ვასწავლო ადამიანობა და შემდეგ - მათემატიკა. მე ვმეგობრობ ახლა მე-5 და მე-6 კლასელებთან, როგორც ჩემს ტოლებთან. მე მათი ყველა საიდუმლო ვიცი, იმათ - ჩემი. სიყვარული მოდის მათგან - სიყვარული ყველაფრის გარეშე, დაუშურვებელი. ამით იკვებები ყოველდღე და სად მეტევა, არ ვიცი. ვერ ჩაგივლის - ისე უყვარხარ. ჩაგეხუტება, თვალებს დახუჭავს და მორჩა - შენ რომ ეს არ გააკეთო, არ შეიძლება. იქ იმდენი რამე გადადის შენგან… იმას შეიძლება დედა სულაც არ ჰყავდეს სახლში და კვირიდან კვირამდე კმარობს იმ ჩახუტებას — და მეც მშველის, ხანდახან მეტირება. ეს ჩახუტება არის მთავარი და შემდეგ - მათემატიკა…“ - ამბობს ჯული კუპრაძე.

ნახეთ სრულად სიუჟეტი ⇓