„გაიქეცით ასეთი კაცისგან... არ გაყვეთ თქვენზე თუნდაც ერთი მისხალით ნაკლებ კაცებს“ - რას წერს ირინა ჭოჭუა

ირინა

სასტიკი მკვლელობა თბილისში - კაცმა ყოფილი ცოლი მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარი ხევში გადაადგო.

მოკლული ქალი, 27 წლის მარიტა მაზიაშვილია. სამართალდამცველებმა ყოფილი ცოლის მკვლელობისთვის 31 წლის ნიკოლოზ ლაჩაშვილი დააკავეს.

მომხდარს, სოციალურ ქსელში, ქოუჩი ირინა ჭოჭუა ეხმაურება და ქალბატონებს მიმართავს: 

„კიდევ ერთი ქალი მოკლა ყოფილმა ქმარმა. თოკით გაგუდა და მერე ხევში გადააგდო. ქეთი დევდარიანის სიტყვები გამახსენდა, ქალებო, არ გაჰყვეთ ცოლებად თქვენზე ნაკლებ კაცებსო. მე უფრო ასე ვიტყოდი, არ გაყვეთ ცოლებად ისეთ კაცებს, რომლებიც სახლში თქვენი მოსავლელი შვილები იქნებიან და გარეთ თქვენი ჯალათები. და ასეთი კაცის ამოცნობა ძალიან მარტივია.

პირველივე ფრაზაზე, როგორც კი დაიწყებს საკუთარი აზრის თქვენზე თავსმოხვევას, თქვენი სამეგობრო წრის, თქვენი სამსახურის თუ ჩაცმულობის თუ კიდევ რამის დაწუნებას, ეგრევე გაიქეცით ასეთი კაცისგან. როგორც კი კაცი გეტყვით, რომ თქვენთვის უკეთესი უნდა და ამიტომ გიკრძალავთ მუშაობას, გარეთ გასვლას თუ რაღაცებს, ეგრევე გაიქეცით ასეთი კაცისგან. როგორც კი უთქვენოდ მიიღებს თქვენზე რაიმე სახის გადაწყვეტილებას, ეგრევე გაიქეცით ასეთი კაცისგან.

და არცერთი წამით არ იფიქროთ, რომ თქვენი სიყვარულით შეძლებთ მის გაკეთილშობილებას. ვერ შეძლებთ. ურჩხული პრინცად მხოლოდ ზღაპარში გადაიქცევა და დროა ზღაპრების აზროვნებიდან გამოვიდეთ.

სიყვარული აკეთილშობილებს, მაგრამ მხოლოდ იმას, ვისაც ამის მიღება შეუძლია. და იმის გარჩევას, თუ ვის შეუძლია ამის მიღება და ვის არა, სწავლა სჭირდება.
ქალებო, არ გაყვეთ თქვენზე თუნდაც ერთი მისხალით ნაკლებ კაცებს. ასეთ კაცს აუცილებლად მოუნდება, რომ უკან დაგწიოთ“,- წერს ირმა.