რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი ახალციხეში მომხდარ ტრაგედიაზე
1746508859
25 დეკემბერი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის აღსაყდრების დღეა.
1977 წლის 25 დეკემბერს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის საპატრიარქო ტახტზე, რომელიც ანდრია პირველწოდებულისა და სვიმონ კანანელისაგან იღებს დასაბამს, ახალი პატრიარქი იქნა აღყვანილი: ღვთის განგებით, მცხეთის საპატრიარქო ტაძარში შესრულდა ახალი კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრება.
ეკლესიას იმ დროს, შეიძლება ითქვას, მრევლი არც ჰყავდა. თვით პატრიარქის წირვა-ლოცვას ათიოდე კაცი ესწრებოდა. და, აი, მოხდა საოცრება: სვეტიცხოვლის დიდებული ტაძარიც და მისი ეზოც ინტელიგენციის საუკეთესო წარმომადგენლებითა და ახალგაზრდებით გაივსო. ეკლესიისადმი ასეთი თანაგრძნობა კომუნისტური რეჟიმის დროს პირველი იყო. როგორც ჩანს, ხალხმა იგრძნო, რომ საქართველოს ცხოვრებაში რაღაც ახალი, ძალზე მნიშვნელოვანი იწყებოდა.
„ვიდრე ვცოცხლობ, მუდამ ჩემს თვალწინ იქნება ის უხილავი და მაინც ხილული ტახტი, რომელზეც მეუფის ძლიერმა მარჯვენამ ამიყვანა. ჩემს გულზე წარუშლელად წერია ის მოვალეობანი, რომელნიც მისმა უსაზღვრო მოწყალებამ დამაკისრა“, - ბრძანა საქართველო კათოლიკოს-პატრიარქმა.
1990 წელს უწმინდესისა და უნეტარესის ილია II ხანგრძლივი და დაუღალავი შრომით მსოფლიო საპატრიარქომ მიანიჭა მტკიცების სიგელი, რითაც აღდგა ისტორიული სამართლიანობა და მთელმა მართლმადიდებელმა სამყარომ ცნო საქართველოს უწმინდესი ეკლესიის ავტოკეფალია.
1988 წელს მისი უწმიდესობის თაოსნობით მცხეთის სასულიერო სემინარია გადმოტანილ იქნა თბილისში და დაარსდა თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია. საუკუნეთა შემდეგ კვლავ აღდგა გელათის სასულიერო და მეცნიერებათა აკადემიები. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაიხსნა მრავალი სასულიერო სასწავლებელი, გიმნაზიები, სხვადასხვა საერო უნივერსიტეტებში დაარსდა საღვთისმეტყველო კათედრები, სადაც ლექციებს კითხულობენ თბილისის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებულნი.
უწმიდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით თანამედროვე ქართულ ენაზე გამოიცა ბიბლია, საღვთისმეტყველო კრებული, გამოდის საეკლესიო ჟურნალ-გაზეთები, საეკლესიო კალენდრები, საღვთისმეტყველო წიგნები. საპატრიარქოსთან შეიქმნა მისიისა და ევანგელიზაციის, ხალხური რეწვის, საგარეო-ეკონომიკური, საფინანსო-სამეურნეო, სიმწმიდეთა მოძიების, სოფლის მეურნეობის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილებები, პრესცენტრი, ხუროთმოძღვრების, საეკლესიო გალობის აღდგენისა და შემსწავლელი ცენტრი, სასწავლო კომიტეტი. 2001 წლიდან ეთერშია საპატრიარქოს რადიო „ივერია“, რომლის მაუწყებლობა ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, აფხაზეთში. საპატრიარქო რეზიდენციაში პერიოდულად იმართება სამეცნიერო კონფერენციები აქტუალურ თემებზე. სადაც სასულიერო პირები და მეცნიერები ერთობლივად განიხილავენ ჩვენი ქვეყნსათვის საჭირბოროტო, პრობლემატურ საკითხებს. საპატრიარქოში ფუნქციონირებს ახალგაზრდული ორგანიზაცია „ძლევაი“, ჩამოყალიბდა საქველმოქმედო ფონდი „ლაზარე“, რომელიც სოციალურად დაუცველ ფენებს უწევს დახმარებას, დაარსდა მოხუცებულთა თავშესაფარი, მოწყალების სახლი. კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, გაიხსნა ობოლ ბავშვთა სახლები ძეგვში, ბედიანში და ზესტაფონში, სადაც მონასტრები მფარველობენ მზუნველობას მოკლებულ ყმაწვილებს.
უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II მოინახულა საუკუნეთა მანძილზე სამშობლოს მოწყვეტილი ფერეიდნელი ქართველები. აღსანიშნავია, რომ ისტორიული ძნელბედობის გამო საქართველოს სხვა პირველიერარქებს მანამდე ამგვარი შესაძლებლობა არ ჰქონიათ. პატრიარქ ილია II ასევე აქტიური ურთიერთობა აქვს თურქეთში, საინგილოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრებ ქართველებთან.
კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, საქართველოში გაიხსნა ეკლესიები და მონასტრები, აშენდა ახალი ტაძრები. ცნობისათვის: 25 წლის წინ საქართველოში მხოლოდ 48 მოქმედი ეკლესია იყო, დღეს მათი რიცხვი 800-მდეა. 25 წლის წინ 40-მდე სასულიერო პირი გვყავდა, დღეს 1000-მდეა. საქართველოს ეპარქიათა რიცხვი 30-მდე გაიზარდა. აღდგა ტაო-კლარჯეთის ისტორიული ეპარქია და დაარსდა ახალი - დასავლეთ ევროპის მიტროპოლია.
კათოლიკოს-პატრიარქი ილია II დაჯილდოებულია მსოფლიოს საპატრიარქოს, იერუსალიმის, ალექსანდრიის, რუსეთის, ბულგარეთის, სერბეთის და თითქმის ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი. ნიუ-იორკის სასულიერო აკადემიამ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II ღვთისმეტყველების დოქტორის წოდება მიანიჭა. ასეთივე ხარისხი მიანიჭა 1997 წელს მას კრეტის მეცნიერებათა აკადემიამ. იგი არჩეულია მოსკოვის ინფორმატიზაციის აკადემიის წევრად, 2002 წელს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურმა უნივერისტეტმა საპატიო დოქტორისა და პროფესორის წოდება მიანიჭეს.
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა საქართველოს ისტორიაში კათოლიკოს-პატრიარქის ილია II მოღვაწეობას უკავშირდება. 2002 წლის 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დაიდო საკონსტიტუციო შეთანხმება, რითაც აღდგა ისტორიული სამართლიანობა და განისაზღვრა ეკლესიის ადგილი ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II ლოცვა-კურთხევითა და ღვაწლით თბილისში აშენდა წმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარი, როგორც ქართველი ერის ღვთისაგან სინანულით მოქცევის სიმბოლო.