1730578379
ფოტო: „ყველა მის სიგამხდრეზე წუხდა...“ - როგორ გამოიყურებოდა მამუკა ონაშვილი ჯარიდან დაბრუნების შემდეგ
მომღერალი მამუკა ონაშვილი მახათას მთაზე დაკრძალეს. მომღერალი ავარიის შემდეგ გარდაიცვალა.
მას მეგობრები, ახლობლები და ოჯახის წევრები ემოციურად ემშვიდობებიან.
„კვირის პალიტრასთან“ მომღერალი ნუგზარ კვაშალი მამუკა ონაშვილს იხსენებს და ამბობს, რომ მამუკა მის თვალწინ გაიზარდა და ის პერიოდიც ახსოვს, როდესაც ჯარიდან ახალი დაბრუნებული იყო.
„მე და მამუკას მამა, ძალიან კარგი ადამიანი - გელა ონაშვილი ვმეგობრობდით და მამუკა ჩემს თვალწინ გაიზარდა... ეს იყო უნიჭიერესი კაცი! დიდი ხომ იყო და დიდი იყო ის ყველანაირად - დიდი სიყვარულით, სიკეთით, იუმორით, მართლაც უნიკალური პიროვნება.
მამუკა ჩემზე 16 წლით პატარა იყო... ჯარიდან რომ ჩამოვიდა, იმდენად გამხდარი და ტანწერწეტა იყო, ყველა მის სიგამხდრეზე წუხდა...
ვერ გამოვყოფ, რა მიმართულებით უფრო ნიჭიერი იყო - როგორც მომღერალი თუ მხატვარი... ბოლოს ხატვა დაიწყო, რადგან წონის მკვეთრი მატება მოძრაობაში ხელს უშლიდა.
საოცარ ნახატებს ქმნიდა, ნახატებშიც მისი უდიდესი სიყვარული იყო ჩაქსოვილი ადამიანების მიმართ... უიშვიათესია, მაგრამ იბადებიან ადამიანები, რომლებსაც ყველაფერი გამოუდით, რასაც კი ხელს ჰკიდებენ. სწორედ ასეთი იყო ჩვენი უსაყვარლესი მამუკა.
ყველას გვერდით ედგა ჭირსა თუ ლხინში... მიუხედავად იმისა, რომ სიარული არ შეეძლო, მაინც მოვიდოდა მტკივანი ფეხებით და გვერდით დაგიდგებოდა.
მისი ერთ-ერთი სასცენო პარტნიორი და უახლოესი მეგობარი იყო ზურიკო დოიჯაშვილი... მაგათი დუეტი ნამდვილი შედევრი იყო და ორივე ახალგაზრდა წავიდა ამ წუთისოფლიდან. მამუკა 55 წლის გახდა პირველ ივნისს და ვინ წარმოიდგენდა მისი ცხოვრების ასეთ ფინალს?!...
შეძრული ვარ, ძალიან საწყენია მთელი ქვეყნისთვის, რა ტრაგედიაც დატრიალდა“,- ამბობს ნუგზარ კვაშალი.