,,ფირუზისფერთვალება ბოშა გოგო ნანორი მარადისობის ნაწილი გახდა..." - სამწუხარო ამბავი ქობულეთიდან

ნანორი

გოგონა, რომელსაც აჭარაში ბევრი გულშემატკივრობდა და ეხმარებოდა, გარდაიცვალა. 

სამწუხარო ამბავს სოციალურ ქსელში ქობულეთის საკრებულოს წევრი ლია შაქარიშვილი ავრცელებს და ნანორისთან შეხვედრას იხსენებს.  

,,ფირუზისფერ თვალება ბოშა გოგო ნანორი Nana Meliasanovi მარადისობის ნაწილი გახდა...

პირველად მასზე და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალგაზრდებთან მორიგი შეხვედრისას გავიგე.

ნანორის თანასკოლელები (მე-5 საჯარო სკოლა) ნარგიზ ჯინჭარაძე, ქუჩის საქველმოქმედო აქციებით და ასე შეგროვილი თანხებით ცდილობდნენ დახმარებოდნენ, რაც რა თქმა უნდა, დიდი სიკეთე, მაგრამ ამ ურთულესი დაავადებისა და საჭირო მედიკამენტის შესაძენად, არასაკმარისი იყო.

ამის შემდეგ ერთად დავიწყეთ ბრძოლა მისი სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის.

მალე IFES -ის პროექტის ფარგლებში Tamila Dolidze, Guranda Dolidze, ბოშა ქალებს შევხვდით და იქ ნანორი - ეს მხიარული და სიცოცხლეზე უზომოდ შეყვარებული გოგო, უშუალოდ გავიცანი. ჩვენი ხანმოკლე მეგობრობაც აქედან დაიწყო.

მაისის ბოლოს დამირეკა და შემახსენა, ლია დეიდა, ხომ გახსოვს წამალი ივნისის თვეში მითავდებაო. რა თქმა უნდა, მახსოვდა ამ პატარა გოგოს გასაჭირი.

ამ საქმეში აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის, თინა ზოიძის უპირობო მხარდაჭერა გვქონდა. მისი თანადგომით ნანორის ძვირად ღირებული მედიკამენტი უწყვეტად ჰქონდა.

ცხოვრებას თავისი კანონები აქვს და ზოგჯერ ადამიანების სურვილისა და მცდელობის მიუხედავად, სიკვდილი სიცოცხლეზე იმარჯვებს.

სიმშვიდე და ცხონება ნანორის სულს", - წერს ლია შაქარიშვილი სოციალურ ქსელში.