პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის - „არა ფემიციდს“ ფარგლებში, გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა „სუხიშვილების ცეკვის აკადემიის“ პედაგოგებთან და მოცეკვავეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებთან ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის, ოჯახში ძალადობის, ადრეული ქორწინების, სქესობრივი დანაშაულებისა და ფემიციდის საკითხებზე ისაუბრეს.
პროკურორებმა შეხვედრის მონაწილეებს ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით პროკურატურის მიერ განხორციელებული ღონისძიებების და არსებული გამოწვევების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დისკუსიას ქალთა გენდერული ნიშნით მკვლელობების გამომწვევი მიზეზებისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ. ასევე, ხაზი გაესვა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების სამსახურის მნიშვნელობას.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ, მათთვის საინტერესო საკითხებზე შეკითხვები დაესვათ.
კამპანიის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქში აქტიურად გრძელდება საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრები ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ფემიციდის დანაშაულების პრევენციის მიზნით.
საინფორმაციო კამპანია - „არა ფემიციდს“ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და გაეროს ქალთა ორგანიზაცია UN WOMEN-ის მხარდაჭერით მიმდინარეობს. კამპანიის მიზანია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულების პრევენცია.