მესტიის რაიონულმა პროკურორებმა კამპანია “არა ფემიციდის” ფარგლებში მესტიის სკოლის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

მესტია

ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა მესტიის მე-2 საჯარო სკოლაში, სკოლის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

პროკურორებმა შეხვედრის მონაწილეებს ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით პროკურატურის მიერ განხორციელებული ღონისძიებების და არსებული გამოწვევების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დისკუსიას ქალთა გენდერული ნიშნით მკვლელობების გამომწვევი მიზეზებისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ. ასევე, ხაზი გაესვა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების სამსახურის მნიშვნელობას.

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ, მათთვის საინტერესო საკითხებზე შეკითხვები დაესვათ.

კამპანიის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქში აქტიურად გრძელდება საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრები ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ფემიციდის დანაშაულების პრევენციის მიზნით.

საინფორმაციო კამპანია - „არა ფემიციდს“ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს  და გაეროს ქალთა ორგანიზაცია UN WOMEN-ის მხარდაჭერით  მიმდინარეობს. კამპანიის მიზანია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულების პრევენცია.