ბოლო ცნობები რომში მომხდარი უბედური შემთხვევის ადგილიდან - დაშავებულთა რიცხვი 29-მდე გაიზარდა
1751632913
შსს-ს ინფორმაციით გასულ წელს საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების გამო დაიღუპა 430, ხოლო 5 500-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.
მსგავსი შემთხვევების შესამცირებლად, ევროკავშირის მხარდაჭერით დაიწყო კამპანია, რომლის სლოგანია - „არ გაიმეორო შეცდომა“, რასაც საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც შეუერთდნენ.
მოდელი და ტელეწამყვანი ირინა ონაშვილი საკუთარ შემთხვევას იხსენებს.
„ჩემი პირადი მაგალითი მინდა გაგიზიაროთ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წლის წინ შემემთხვა. ვაკე-საბურთალოს გზაზე, არც ისე სწრაფად მომავალმა, შორიდან შევნიშნე, რომ სადაც გზა უხვევს ყაზბეგისკენ, შუქნიშანზე მწვანე ენთო და ნამდვილად ჩემი გზა იყო.
შესაბამისად, თამამად განვაგრძე მოძრაობა, რა დროსაც, ფეხით მომავალმა ადამიანმა გზა სწრაფად გადმოკვეთა. წარმოუდგენელი შეგრძნება იყო, ერთ წუთში გავიფიქრე, რომ ამ ადამიანს პირდაპირ ვეჯახებოდი. თუმცა, გამოცდილებამ და სწრაფმა რეაგირებამ მომცა იმის შესაძლებლობა, რომ საჭეს სხვა მიმართულება მივეცი. ოდნავ სარკე მივაჯახე... ყველაზე მთავარი რაც არის, ადამიანს არაფერი დაზიანებია.
გავაჩერე მანქანა, გადავედი, ვიყავი ძალიან შეშფოთებული და განადგურებული, იმიტომ, რომ სანამ მივხვდებოდი, რომ არაფერი დაემართა, წარმოუდგენელი წამები და წუთები იყო. ისიც დარცხვენილად გრძნობდა თავს, რადგან მართლა არაფერ შუაში ვიყავი.
ასეთი შემთხვევები წამის მეასედში ხდება, ერთმა დაუფიქრებელმა მოძრაობამ შეიძლება, რადიკალურად შეცვალოს ჩვენი ცხოვრება. ამიტომ გაიაზრეთ, რომ მძღოლობა მართლა უდიდესი პასუხისმგებლობაა. ერთი წამით შეიძლება მობილურზე დახედვამაც კი, რადიკალურად შეცვალოს ჩვენი ცხოვრება. ამიტომ მეტი ყურადღებით და დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს ყველა საჭის მართვას. გთხოვთ ყველას, გაუფრთხილდით სხვების და საკუთარ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.“ - ამბობს ირინა ონაშვილი.