1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
სოციალური ქსელის მომხმარებლების უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა ვიდეოს, სადაც მამაკაცი წარმოუდგენელი სისწრაფით ამრავლებს ერთმანეთზე რიცხვებს და ზუსტ პასუხს ამბობს.
„პრაიმტაიმმა“ გაარკვია, რომ იშვიათი უნარის მქონე ადამიანი, 57 წლის გია ნოზაძეა.
ნოზაძე წარმოშობით რუსთაველია, თუმცა, ამჟამად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძეანში, დედის დანატოვარ სახლში, მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს.
ნოზაძეებს სულ ოთხი შვილი ჰყავთ, რომელთაგან ორი ემიგრაციაშია წასული, უმცროსი გოგონა კი, მეოთხე კლასშია.
საკუთარ უნარს გია ნოზაძე მათემატიკის ჩვეულებრივ ცოდნას ეძახის. ჰყვება, რომ რიცხვების ერთმანეთზე სწრაფად გადამრავლების უნარი რუსთავის 21-ე სკოლაში, მისმა ფიზიკის მასწავლებელმა აღმოაჩინა.
„ფიზიკაში საკონტროლო დავწერეთ. მასწავლებელი მერჩოდა და ხუთიანს არ მიწერდა. ვისაც უწერდა, იმისგან გადავწერე, სადაც გამრავლება იყო შეცდომით. სახლში ჩემზე უთქვამს, გამრავლება არ იცისო. მისმა შვილმა იცოდა ჩემი უნარების შესახებ და უთხრა, ნეტავ შენ შეგეძლოს, რაც გიას შეუძლიაო. მაშინ მომაქცია ყურადღება. პირველი რიცხვები, რომლის გამრავლებაც მან მთხოვა, იყო 125*131- ზე. მერე, ფიზიკის წიგნი მომცა და რაც წესები ეწერა, ყველა გვერდი ნუმერაციით უნდა დამემახსოვრებინა. გამიყვანეს სკოლის სააქტო დარბაზში და ყველაფერი ზუსტად ვთქვი“, - ამბობს გია ნოზაძე.
სკოლის პერიოდში იყო უამრავი შეჯიბრი, ოლიმპიადა, სპარტაკიადები, სადაც მოსწავლე გია ნოზაძე, ყოველთვის გამარჯვებული გამოდიოდა. რუსთავში მის შესახებ ყველამ იცოდა და როგორც თავად ჰყვება, სკოლის უფროსკლასელები მის იმედზე სანაძლეოებსაც კი დებდნენ.
„დიდი ამბები იყო ხოლმე, ბიჭები დებდნენ სანაძლეოებს და იგებდნენ. გამრავლებისა და გაყოფის გარდა, ზუსტად შემეძლო დამესახელებინა, რა ნომერი მანქანა სად ვნახე, რა ფირმის იყო, რა გაბარიტები ჰქონდა მის მფლობელს და ასე შემდეგ. რას არ მეძახდნენ, კალკულატორს, გამომთვლელს, გენიოსს“.
სკოლის დასრულების შემდეგ გია ნოზაძემ იმჟამინდელ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მექანიკა- მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე ჩააბარა. მისაღებ გამოცდაზე ყველა საკითხი 45 წუთში დაწერა, სხვებსაც დაეხმარა და უმაღლესი შეფასებაც მიიღო.
„მეცხრე კლასში ვიყავი, რომ ერთმა ბიჭმა პოლიტექნიკურში, თავის დეკანატში წამიყვანა, როგორც განსაკუთრებული უნარის მქონე. სავსე იყო პროფესორ-მასწავლებლებით. ცოტა ეჭვით შემომხედეს, მაგრამ წლების მერე, იმათი სტუდენტი ვიყავი და თავად დარწმუნდნენ ყველაფერში. განსაკუთრებულად რთულ საგნად თეორიული მექანიკა ითვლებოდა, მაგრამ ყველაფერს თავისუფლად ვხსნიდი. ერთ-ერთ სემესტრში, ერთ დღეში, ხუთი საგანი ჩავაბარე. მთავარია, ერთხელ გადავხედო, არ არის საკითხი, რომელსაც ვერ გავიგებ. მეუბნებოდნენ, მათემატიკურზე ჩააბარეო, მაგრამ ვინ რა უნდა მასწავლოს. მთავარია, ჩახედვა მოვასწრო“.
სტუდენტობის პერიოდში, გია ნოზაძე არმიაში იმყოფებოდა, სადაც სპეციალურ სამუშაოს რვა წამის ნაცვლად, ექვს წამში ასრულებდა. თუმცა, უნიკალური უნარების მიუხედავად, უმაღლესი სასწავლებლის დასრულების შემდეგ, მან საკუთარი სპეციალობით საქმიანობა ვერ შეძლო.
გარკვეული პერიოდი, ნოზაძე რუსთავის სახანძრო სამსახურში, ქართულ-რუსულ სავაჭრო კომპანიაში მამის თუნუქის საამქროში, კერძო შეკვეთებზე მუშაობდა.
90-იან წლებში, კი ის მძიმე ავარიაში მოყვა და მეხსიერებაში შეფერხებები დაეწყო, თუმცა, გამოჯანმრთელების შემდეგ, უნიკალური მათემატიკური ცოდნა კვლავ შენარჩუნებული ჰქონდა.
„მანამდე ოთხნიშნა რიცხვებსაც თავისუფლად ვამრავლებდი. ავარიის მერე, თავს აღარ ვიტვირთავ. თუმცა, ის ცოდნა სადმე კი არ წასულა. ვინ აღარ მაკითხავს, დაგეგმვაში, დაზომვაში , ანგარიშში ვეხმარები, თანაც უანგაროდ. თუმცა, არიან ისეთებიც, ჩემი დაგეგმვით, ბიზნესები მოიწყვეს და გამარჯობის თქმა ეზარებათ. ხან შეიძლება, 5-6 კილომეტრზე ფეხით მიმავალი გნახონ და მანქანაც არ გაგიჩერონ. მე, მაინც თავმდაბალი კაცი ვარ, ასე ვიცხოვრე, ყოველთვის ყველას ვეხმარები. ბოლოს გიპასუხებთ, რომ 2022*2002, 4 088 484-ია".
ბოლო 8 წელია, გია ნოზაძე დედის დანატოვარ სახლში ჩასახლდა. მეუღლესთან ერთად იმ ჯგუფშია გაერთიანებული, რომელიც ვენახებში შესაბამის ოპერაციებს ასრულებს და გასამრჯელოს იღებს. პარალელურად, რიცხვების ჯადოქარი დარაჯადაც მუშაობს. სოფელ ვაჩნაძეანში ოჯახს ატმის ბაღი და ვენახიც აქვს გაშენებული.
თავად ამბობს, რომ მათემატიკა მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. საკუთარი უნარებით გია ნოზაძეს ტექნიკურ მთვლელებთან, ზომის დამდგენ ხელსაწყოებთან და კალკულატორთან გაჯიბრებაც შეუძლია. თარიღებითა და ზუსტი ასაკებით იცის ისტორიაც, თუმცა გვპირდება, რომ ამაზე, შემდეგში მოგვიყვება.