1728312638
Exclusive: "როცა ვხვდები, რაღაც არ გამომდის, თავს ვანებებ..." - ვინ არის 18 წლის ანონიმი ტიკტოკერი ლექტორი
წარმატებული, ნიჭიერი, გონიერი ადამიანები ჩვენი ქვეყნის მომავალს განსაზღვრავენ და რაც უფრო მეტს აღმოვაჩენთ, ამით კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდას მივცემთ სტიმულს და მიზანს.
„პრაიმტაიმი“ გაგაცნობთ ბიჭს, რომელმაც 15 წლის ასაკში გადაწყვიტა, საკუთარი მცირე ბიზნესი დაეწყო. 16 წლიდან ციფრული მარკეტინგისა და გრაფიკული დიზაინის პროფესიას დაეუფლა. 17 წლიდან ერთ-ერთ მსხვილ კომპანიაში ლექტორის რეკომენდაციით დაიწყო მუშაობა, და ამის პარალელურად, გახდა აბიტურიენტი, ახლა უკვე სტუდენტია. ამ ყველაფერთან ერთად, როგორი უცნაურიც უნდა იყოს, ის ლექტორიცაა და სოციალური მედიის მარკეტინგის მიმართულებით თავისზე გაცილებით უფროსებს ლექციებს უკითხავს.
მიშო ვაგარშაკიანი: სოციალური მედიის მენეჯერი ვარ რამდენიმე კომპანიაში.
ბავშვობიდან სულ მაინტერესებდა, როგორ მუშაობდნენ ბლოგერები კამერებთან და როგორ გამოიმუშავებდნენ თანხას. 2019 წელს, 15 წლის რომ ვიყავი, შემთხვევით, ჩემი მეგობრის ინტერნეტ მაღაზია შემხვდა, გადავწყვიტე, რომ მეც მეცადა. თავდაპირველად, ცხოველებისთვის საჭირო ნივთებზე გავაკეთე არჩევანი, მაგრამ მერე ავტომობილების აქსესუარებზე გადავედი. მუშაობა წარმატებით დავიწყეთ. მახსოვს, პირველი შეკვეთა მარჯანიშვილზე მივიტანე, მოგება 2 ლარი მქონდა. ის ორი ლარი ავიღე და 10 ლარი „მაკდონალდსში“ დავხარჯე(იცინის).
დაახლოებით, ერთი წლის შემდეგ, ერთ-ერთ აკადემიაში დავიწყე სწავლა, ციფრული მარკეტინგის მიმართულებით, და რამდენიმე თვის შემდეგ კი, მუშაობაც დავიწყე.
- მუშაობა რომ დაიწყე, არასრულწლოვანი იყავი. თუ შეგქმნია ამის გამო რამე დაბრკოლება ან კურიოზული შემთხვევა?
- 15 წლის რომ ვიყავი და ჩემი საკუთარი მცირე ბიზნესი მქონდა, თანამშრომლები არ მყავდა: კურიერიც მე ვიყავი, დირექტორიც... ხშირად იყო შემთხვევა, როცა შეკვეთის მიტანის შემდეგ მოუწერიათ, - რა პატარა და საყვარელი კურიერი გყავთ, კინაღამ ჩავჩქმიტეო. ერთხელ ნივთი მივუტანე, რომელიც არ მოეწონათ და მითხრეს, დირექტორს დაურეკეო, ამ დროს დირექტორი მე ვარ (იცინის). რაღაცები მოვიტყუე და სიტუაციიდან გამოვძვერი. ინტერნეტ მაღაზია რომ გავაკეთე, სახლში არავინ იცოდა. პირველი მოგება რომ მქონდა, ჩემებს მაშინ ვუთხარი.
- ახლა ტიკტოკზეც აქტიურობ და ძალიან საინტერესო კონტენტს ქმნი, რატომ გადაწყვიტე „ფეიკების“ გამოაშკარავება?
- დაახლოებით, ისეთ ვიდეოებს ვიღებ, როგორსაც უცხოელები. საქართველოში ასეთი ტიპის კონტენტი ჯერ არ შემხვედრია. ამიტომ, ვიფიქრე, - რატომაც არა, ქართულ ტიკტოკზე ეს გამეკეთებინა. პირველი ვიდეო რომ ავტვირთე, ნახვები არ ჰქონდა და გული დამწყდა. უკვე ვიცოდი, რომ ამის კეთებას თავს დავანებებდი. ზოგადად, როცა ვხვდები, რაღაც არ გამომდის, თავს ვანებებ. მეორე დღეს, უნივერსიტეტში, ლექციაზე უამრავი შეტყობინება მივიღე, ვნახე რომ „ლაიქები“ და ნახვები მემატებოდა. მცირე დროში, რეკორდული შედეგი დაიდო. ჩემთვის ეს მოულოდნელი იყო.
კონკრეტულად ეს კონტენტი იმიტომ ავირჩიე, რომ მსგავს ვიდეოებს სულ ინტერესით ვუყურებდი. რამდენჯერმე რომ გავიმეორე და სიმართლე არ აღმოჩნდა, გადავწყვიტე, ხშირად ჩამეწერა. ამის პარალელურად, სხვა თემატიკაზეც ვიღებ, რომელსაც მალე დავდებ.
- როგორ უნდა გახდე სოციალურ ქსელში პოპულარული, რამე ფორმულა თუ გაქვს?
- ყველაზე მთავარი, რა თქმა, უნდა კონტენტია. ერთადერთი პლატფორმაა, რომლისთვისაც გამომწერების რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს. პირობითად, თუ Instagram-ზე დადებ ვიდეოს და გამომწერები არ გეყოლება, მაქსიმუმ „სერჩიდან“ რამდენიმე ადამიანმა ნახოს, მაგრამ ტიკტოკი არის პლატფორმა, 0 გამომწერიც რომ გყავდეს, შეიძლება, უცებ 2 მილიონ ნახვაზე ახვიდე. მოკლედ, მთავარია ხარისხიანი და საინტერესო კონტენტი გქონდეს.
- ტიკტოკიდან თანხას თუ გამოიმუშავებ?
- ჯერჯერობით, არა. თუმცა, შემოთავაზებების შემთხვევაში, უარს არ ვიტყოდი.
- ვიდეოებს ანონიმურად იღებ, ხელების გარდა, თითქმის არაფერი ჩანს. ხშირად, კომენტარებშიც წერენ დაგვენახეო. რატო არჩიე ინკოგნიტოდ დარჩენა?
- ანონიმურობა გადაწყვეტილი არ მქონდა, რამდენიმე ვიდეოში გამოვჩნდი კიდეც და კომენტარებში მიწერდნენ სახე გამოგიჩნდაო (იცინის). არ ვიმალები, უბრალოდ, ისეთი კონტენტი მაქვს, რომ საჭირო არ არის მთლიანად გამოჩენა. კომენტარებშიც მიწერენ და აინტერესებთ, ვინ ვარ.
@misho_va ⛄️ რა ვცადოთ შემდეგში ❔ #tiktok #snow #foryou ♬ Cartoon-style piano solo jazz(853970) - motofuji
- მიშო, მუშაობ რამდენიმე კომპანიაში, ხარ სტუდენტი და, პარალელურად, ტიკტოკზე აქტიურობ. როგორ ათავსებ ამ ყველაფერს?
- ხშირად ხდება ისე, რომ ტიკტოკისთვის ვერ ვიცლი. კომენტარებს მიწერენ ხოლმე, იაქტიურეო. ამის გამო, ვიდეოებს ხშირად ღამის სამ საათზეც ვიღებ. ვცდილობ, დრო სწორად გადავანაწილო და მაქსიმალურად ვცდილობ, ჩემს მეგობრებსაც დავუთმო დრო.
- როგორია მშობლების დამოკიდებულება და პოზიცია, ნაადრევი ასაკიდან რომ დამოუკიდებლობა აირჩიე?
- პირადად არ მაქებენ, მაგრამ ვგრძნობ, რომ რასაც ვაკეთებ, მოსწონთ. ვცდილობ, მათთან სამსახურის ამბებზე არ ვილაპარაკო, კითხვებსაც თავს ვარიდებ ხოლმე.
- თავისუფალ დროს რას აკეთებ?
- საღამოობით, მანქანით სეირნობა მიყვარს. გადავწყვიტე, რომ ჯანსაღი ცხოვრების ერთი საათის განმავლობაში, ფეხით დავდივარ. ყოველდღიურობიდან ამოვიღე გაზიანი სასმელები და წყლით ჩავანაცვლე. პერიოდულად, მიწევს სწორი კვების დარღვევაც(იცინის).
- ჩვენი მკითხველებისთვის სიახლე იქნება ის, რომ მალე შენს ვიდეოებს ჩვენს ფეისბუკ გვერდზე [Prime Time • პრაიმ ტაიმი] აქტიურად განვათავსებთ. ეს გადაწყვეტილება კი კომპანიამ მას შემდეგ მიიღო, რაც ერთხელ ატვირთულ ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. რა სიახლეებით აპირებ ჩვენთან თანამშრომლობას, რას შემოგვთავაზებ?
- ვფიქრობ, „პრაიმტაიმის“ გამომწერებს ჩემი კონტენტისგან ოდნავ განსხვავებულ კონტენტს და თემატიკას შევთავაზებ. შეიძლება, ფორმატიც სხვა იყოს. ვნახოთ, გადაწყვეტილებას ერთად მივიღებთ.
@misho_va 🙃 რა ვცადოთ შემდეგში ❓ #foryou #tiktok #lifehack ♬ Cartoon-style piano solo jazz(853970) - motofuji