1728846029
Exclusive: „ორი ანგელოზი მყავს... ჩემს შვილებს ვატყობ, რომ სიმღერის და ცეკვის ნიჭი აქვთ“ - გიორგი შოშიტაშვილი პირადსა და კარიერაზე
ლეგენდარული ქსოვრელები 60-იან წლებში შეიქმნა. გრიშა ქსოვრელმა შექმნა ანსამბლი, რომელსაც „სოინარი” ერქვა. ბატონი გრიშას გარდაცვალების შემდეგ, 1995 წელს, ანსამბლი არ დაიშალა და სპორტის სასახლეში კონცერტზე ხალხმა მათ „ქსოვრელები“ შეარქვა, სწორედ ასე მოინათლა ანსამბლი „ქსოვრელებად”.
დუდუკის, აკორდეონისა და ძველი თბილისური ჰანგების შერწყმამ, მსმენელს თავი მალევე შეაყვარა. 6 წელი ისრაელში მოღვაწეობდნენ, დაბრუნების შემდეგ დაიწყეს ახალი სიმღერების ჩაწერა, განსაკუთრებით დიდი პოპულარობა მორის ფოცხიშვილის და ვაჟა აზარაშვილის ერთობლივმა ნამუშევარმა „ქსოვრელები მღერიან“ მოუტანათ.
„პრაიმტაიმი“ დღეს ისტორიის გამგრძელებელს, გიორგი შოშიტაშვილს უფრო ახლოს გაგაცნობთ.
გიორგი შოშიტაშვილი: მუსიკალურ ოჯახში გავიზარდე. მამაჩემს, ბატონ ელდარ შოშიტაშვილს იცნობთ. ბავშვობიდან ყოველთვის ქართული ფოლკლორი მესმოდა, ქალაქური სიმღერები. მაშინ კასეტები იყო, ვრთავდი და ვუსმენდი ისე, რომ მამამ არ იცოდა.
ის სულ სახლიდან იყო გასული, დაკავებული. მოკლედ, ნელ-ნელა 6-7 წლიდან, ხელში ინსტრუმენტი ავიღე და ჩემით ვახერხებდი რაღაცებს. მამას თან უნდოდა, თან არა, რომ მის გზას გავყოლოდი.
მამას მუსიკალური წრე ჰქონდა გახსნილი, სადაც მოსწავლეები ჰყავდა. იქ დავიწყე სიარული. რასაც ის ასწავლიდა, 2 თვის პროგრამა უკვე ვიცოდი. შემდეგ კონცერტებზე დავყვებოდი და აქედან დაიწყო ყველაფერი.
- ასევე, უკრავთ რამდენიმე ინსტრუმენტზე ...
- ვინ როგორ ფიქრობს, არ ვიცი, მაგრამ ყველაზე კარგად დუდუკზე ვუკრავ, რომელიც ჩემი ინსტრუმენტია. ასევე სოლო დამკვრელი ვარ. ბას გიტარაზეც ვუკრავ, მოყვარულის დონეზე - დოლზე. მოყვარულის დაბალ დონეზე აკორდეონზე. კლარნეტსაც მოყვარულის დონეზე ვფლობ. მაგრამ მთავარი ჩემი ინსტრუმენტი დუდუკია, რითაც ვმოღვაწეობ.
- ღვინო, დუდუკი, ქალები?
- რა თქმა უნდა, ეს თემა ყოველთვის იყო. ზოგისთვის სახუმაროა, მაგრამ ბევრისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. თუ შენ შენი ქალაქი, ინსტრუმენტი, ეს ხელოვნება არ გიყვარს, მაშასადამე, არ გიყვარს არც თბილისი, არც ხელოვნება, არც ღვინო, არც დუდუკი და არც ქალები. თუ ამ სფეროში ხარ, ქეიფიც უნდა გიყვარდეს, დუდუკიც და ქალებიც, რა თქმა უნდა.
- რას ნიშნავს თქვენთვის „ქსოვრელები“?
- პირველ რიგში, ეს ჩემთვის სათუთი და ფაქიზად გასაკეთებელი იყო. დიდი „ქსოვრებელი“, ბატონი გრიშადან დაწყებული, ძალიან დიდი სკოლაა და ძალიან ფაქიზი თემა. თავიდან, პატარა ქსოვრელები გვერქვა, შემდეგ გვერდით ისეთი პროფესიონალები დავიყენე, ალბათ ხალხმა უნდა შეაფასოს, მაგრამ ვხვდები, რომ „ქსოვრელების“ სიყვარულს კარგად ვაგრძელებთ.
თამამად ვიტყვი, ქსოვრელები არის ერთადერთი ბრენდი საქართველოში, რომელიც იცის ყველამ - დიდმა, პატარამ, მოხუცმა. ეს ნამდვილად საამაყოა. ბატონი გრიშა, მამაჩემი და ახლა უკვე ჩემი ვალია, რომ ახალმა თაობამ გაიცნოს ქსოვრელების სახელი და მოღვაწეობა.
- ამის შემდგომ კი თქვენი შვილები განაგრძობენ ამ გზას?
- ეს ჩანაფიქრი მაქვს. ჩემს მიზნებს რომ მივაღწევ, რა თქმა უნდა, მერე სტუდიას გავაკეთებ და ამ საქმეს პატარებს შევასწავლი, რომ ახალი თაობა წამოვიდეს. დუდუკი იკარგება. თუმცა, რასაც ვუკვირდები, ვიდეოებს ვნახულობ, სადაც პატარებიც უკრავენ. მეც მიგზავნიან კადრებს, როგორ აფორმებენ ჩვენს სიმღერებს დუდუკით, ეს ძალიან სასიამოვნოა.
- გარდა მუსიკალური საქმიანობისა, კიდეც რით ხართ დაკავებული, თუ მთელი ცხოვრება „ქსოვრელებისთვის“ გაქვთ მიძღვნილი?
- მთელი ენერგია, მთელი ჩემი ცხოვრება, გაღვიძებიდან დაძინებამდე, არის მუსიკა და სიმღერა. ჩემი ჰობი ინსტრუმენტების შეგროვებაა, ვუკრავ, არ ვუკრავ არ აქვს მნიშვნელობა. კლასიკური თუ ხალხური ინსტრუმენტები - ყველაფერი სახლში მაქვს.
- თქვენი სიმღერები გაჰიტდა, თითქმის ყველა პლატფორმაზე გვხვდება. რა ემოცია და რეაქცია გაქვთ ამ დროს?
- ეს შრომის დაფასებაა, რაც ძალიან მახარებს. უცხო არ ყოფილა ეს ყველაფერი ჩემთვის, მაგრამ ასე უცბად თუ აიტაცებდა ხალხი, არ მეგონა. დიდი მადლობა თითოეულ მათგანს, ვისაც ჩვენი, ჩემი შესრულება უყვარს.
ამ ყველაფერს ქალაქურ ფოლკლორს დავარქმევ. ვინც არ იცის, ამას ფანოღს უწოდებს, მაგრამ ეს არასწორი შესატყვისია. უმჯობესია, ვთქვათ, აშუღური სიმღერები. არ მინდოდა, ეს ქალაქური ფოლკლორი რესტორნის დონეზე დარჩენილიყო. ამ ყველაფერს იმიტომ ვაკეთებთ - მომავალმა თაობამაც უნდა გაიგოს, რა არის ქალაქური ფოლკლორი, ამით მოვიდა თბილისი აქამდე და დღემდე ამით ცოცხლობს.
ამ ყველაფერს დიდი შრომა სჭირდება, ყოველი ჩვენი ჩანაწერი ცოცხალი შესრულებაა. ეს არ უნდა დაიკარგოს. ეს არ არის რესტორნის ხელოვნება, ესაა ქართული, ქალაქური აშუღური ფოლკლორი. მიხარია, რომ ხალხმა ასე შეიყვარა.
- და ბოლოს, ალბათ ბევრს აინტერესებს, რა ხდება თქვენს პირად ცხოვრებაში, დაკავებულია თქვენი გული?
- გეტყვით, რომ ამ წლების განმავლობაში 2 ლამაზი შვილი შევიძინე, ორი ანგელოზი გოგონა მყავს. დანარჩენი საიდუმლოდ დავტოვოთ.
ჩემს შვილებს რომ ვუსმენ, ვატყობ, რომ სიმღერის ნიჭი აქვთ, ასევე ცეკვის. სავარაუდოდ, ისინიც კარგი მომღერლები და მუსიკოსები იქნებიან. ეს ძალიან სასიხარულოა, როგორც ჩვენთვის, ოჯახისთვის, ასევე ერისთვის.