პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რამდენიმე დღის წინ "დირსში" მომხდარი სისხლიანი გარჩევის მიზეზზე მეზობლები "პრაიმტაიმთან" ალაპარაკდნენ. როგორც ჩვენთან საუბრისას ერთ-ერთმა მათგანმა აღნიშნა, დაპირისპირებას წინ შელაპარაკება უძღოდა, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და ბოლოს დაჭრით დასრულდა, რასაც, ერთი ადამიანის სიკვდილი მოჰყვა.
მომხდარის გამო მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახმა სახლი დატოვა.
"მთელი დღე საბეკიები განსაკუთრებულად აგრესიულები იყვნენ. საჩხუბრად ხან ვინ გამოიწვიეს, ხან - ვინ. ბოლოს ის საწყალი ბიჭი შერჩათ, რომელიც საშინელ მდგომარეობაში ჩააგდეს და თანაც ამხელა ცოდვა ჩაადენინეს. სამწუხარო კი ის არის, რომ ყველაფერი გააკეთეს ახლა დაზარალებულად წოდებულებმა. თავებიც გაინადგურეს და ეს ბიჭიც, მისი ოჯახიც დაღუპეს.
წესიერი ბიჭი იყო, ყოველ საღამოს ბავშვი ეზოში სასეირნოდ ჩამოჰყავდა, იმ საბედისწერო საღამოსაც ასე იყო. საწყალს ტელეფონი დარჩენია სახლში და საბეკიებს მობილური სთხოვა, ცოლთან დამარეკინეთო. ამათ უთქვამთ შენს ცოლთან დაგარეკინებ და ბარემ სახლში წამოგყვებით, დაგეხმარებიო... მის ცოლს შეურაცხყოფა მიაყენა, საშინელებები აკადრა.
ამაზე იჩხუბეს, გრიგოლი სცემეს, სხეულზე სისხლჩაქცევები აქვს და დანითაც დასერეს. ბავშვები ღრიალებდნენ, უყურებდნენ, როგორ სცემდნენ მათ მამას და როგორ აგინებდნენ დედას.
მერე გრიგოლი სახლში ავიდა, თოფი ჩამოიტანა და ამის მერე მოხდა დაჭრა. დარწმუნებული ვარ, ეს აფექტის მდგომარეობაში ჩაიდინა. მანამდე, სანამ გრიგოლთან საბეკიებს ჩხუბი მოუვიდოდათ, 6 სხვადასხვა დირსელს აუშარდნენ.
ახლა, ცოლ-შვილი გაქცეულები არიან, ანგარიშსწორების ეშინიათ, იმიტომ, რომ "დირსში" ცნობილია, რომ საბეკია აგრესიულია და არავინ იცის, რას ჩაიდენს, როცა კლინიკიდან გამოვა." - ამბობს მეზობელი.
ცნობისთვის, 27 აპრილს, ისანში, "დირსის" დასახლებაში სისხლიანი გარჩევა იყო, რომელსაც ერთი პირის გარდაცვალება და სამის დაჭრა მოჰყვა, მათ შორის - ერთი არასრულწლოვანი იყო.
მომხდარზე დაკავებულია 37 წლის მამაკაცი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.