EXCLUSIVE: „მანამ, სანამ ფიზიკურად გამისწორდებოდა, მუქარის შემცველ შეტყობინებებს მიგზავნიდა...“ - არის თუ არა კოვიდი გიორგი ფხაკაძეზე თავდასხმის მიზეზი

გიორგი ფხაკაძე

რამდენიმე საათის წინ ჯანდაცვის დამოუკიდებელმა ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ დაწერა, რომ თბილისში ყოფნის დროს მას თავს დაესხნენ, რისი ამსახველი კადრებიც გამოაქვეყნა.

„პრაიმტაიმი“ დამატებითი დეტალების გასარკვევად დაუკავშირდა. როგორც მან გვითხრა, ხელში ტელეფონი ეკავა და მის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტს იღებდა. 

მისივე თქმით, მანამ, სანამ კაცი ფიზიკურად გაუსწორდებოდა, მუქარის შემცველ შეტყობინებებს უგზავნიდა და ეუბნებოდა, რომ მოკლავდა. 

„ხმას არ ვიღებდი, 5 თვის წინ, 12 ივლისს მოხდა ეს ამბავი. ამ კაცის ვინაობას არ დავასახელებ, არ მინდა რეკლამა გავუკეთო. ჩვენს შორის კონფლიქტი იყო, არ უკავშირდება კოვიდს. პრობლემური ადამიანია. მანამდე იყო სიტყვიერი შეურაცხყოფები, რაც გავატარე, პოლიციასაც მივმართე, მთელი ამბები იყო. სასამართლომდე მივიდა საქმე. მათ სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს და გამოუშვეს. 

ყველაზე სასაცილო მომენტი ის იყო, რომ თბილისში ყოფნის დროს მშვიდად ვიყავი, მაგრამ მოხდა ის, რაც სურათზე ჩანს. 

თბილისში ყოფნისას სამხარაულშიც ვიყავი, ადგილზე იყო სასწრაფოც. 4 თვე რომ გავიდა, ვრეკავ და არანაირი რეაგირება არ მოხდა, ვატყობ, რომ ამ საქმეს ყურადღებას არ აქცევდნენ. დაახლოებით, 3 კვირის წინ ადვოკატი ავიყვანე და აღმოჩნდა, რომ ჩემი საქმე თაროზეც არ არის შემოდებული. 

ეს ამბავი მხოლოდ ჩემმა ორმა მეგობარმა იცოდა, ჩემთან მოვიდნენ და მხარი დამიჭირეს. მჯეროდა, რომ ჩემი საუბრით საგამოძიებო ორგანოებს ხელს შევუშლიდი. 

ხელში ტელეფონი მეჭირა და ყველაფერს ვიღებდი. თავიდან ბოლომდე ყველაფერი ასახულია. თუ ასე გაგრძელდა, აუცილებლად დავდებ. 

სხვა საქმესთან დაკავშირებით, ამავე კაცზე უკვე 7 თვეა, რაც საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ყველაფერი ასახული მაქვს, როგორ მოკიდა ჯოხს ხელი, როგორ მაგინებს... სანამ ეს საკითხი არ მოგვარდება, საქართველოში არ ჩამოვალ.“ - გვითხრა გიორგი ფხაკაძემ.