1728583740
Exclusive: ხელი ისე იყო დაფლეთილი, ვფიქრობდი, რომ თითებს კი არა, მთლიანად მტევანს ვკარგავდი... ქირურგებს ერთადერთი თხოვნა მქონდა..." - გურამ ბაღდოშვილი ახალი წლის ღამის ინცდენტზე პირველად ჰყვება
გურამ ბაღდოშვილისთვის 2023 წლის პირველივე წუთები საშინელი ინციდენტით დაიწყო. საქვეყნოდ ცნობილ შეფ მზარეულს ხელში სადღესასწაულო პიროტექნიკა აუფეთქდა!
"ხელი ისეთ დღეში მქონდა, ვფიქრობდი, რომ თითებს კი არა, მთლიანად მტევანს ვკარგავდი", - უყვება შეფმზარეული "პრაიმტაიმს" და პირველი იანვრის ღამეს იხსენებს.
როგორც ამბობს, არასდროს მსგავსი "ასაფეთქებლით" არ დაინტერესებულა. მაგრამ რესტორანში მიმავალს, თვალი ბრჭყვიალა შაშხანებისკენ გაექცა და რაღაც ძალამ, ახალი წლის შესახვედრად, პიროტექნიკა აყიდინა.
გურამ ბაღდოშვილი: - ამ მაიმუნობის ყიდვის სურვილი არც არასდროს მქონია. ინტერესი არ გამომივლენია და არც ის ვიცოდი, რა ზიანის მოტანა შეეძლო. ჩემს სფეროში პირველ დეკემბერს რომ იწყება გაცხარებული მუშაობა სულ მზადებასა და გადარბენაში ვართ. მე წრეებს ვარტყამ საქართველოს, სხვადასხვა რეგიონში მაქვს რესტორანი და იმის ფუფუნება არ მაქვს, ვიჯდე და ინფორმაციები ვიკითხო. შესაბამისად, მოუცლელობის გამო, არც ვიცოდი რამხელა პრობლემები მოაქვს ამ ერთი შეხედვით სიხარულის მომტან სადღესასწაულო ნივთს. ნივთს, რომელიც მავნებელია, როგორც ადამიანისთვის, ისე ფლორა-ფაუნისთვის. აღვიქვამდი მხოლოდ როგორც სილამაზეს, ფეიერვერკს.
31 დეკემბერს ღამის თერთმეტი საათი იყო სახლიდან რომ გავედი. თავი მტკიოდა და ტკივილგამაყუჩებელი დავლიე. წავედი სამსახურში და დიდუბეში რომ გავიარე, დავინახე ყიდდნენ პიროტექნიკას. უცებ თავში "დებილიზმმა" გამკრა. ვიზუალურმა მხარემ მომხიბლა და ვიყიდე. ერთი ჩემთვის, ერთიც - სასაჩუქრედ.
მივედი ჩემს რესტორანში და ახალი წელი რომ დადგა, პირველის წუთებზე გავისროლე. ოთხჯერ გაისროლა და მეხუთედ უკვე ხელში აფეთქდა!.. როგორც ჩანს, ვადაგასული იყო. როგორც მერე მოვიძიე ინფორმაცია, ჩინეთსა და ინდოეთში, ბავშვების ექსპლუატაცია მიდის, მათ ამუშავებენ შაშხანებზე, ატენინებენ და ასე შემდეგ.
მოკლედ, ერთი უკან აფეთქდა და ხელის გული შუაზე გადამიხეთქა. წარმოიდგინეთ, ნარიყალაზე ჩემს რესტორანში დღესასწაულია, ხალხია, საცობებია, ახალ წელს ზეიმობენ და მანქანით გავლა ადვილი არ არის. ხალხისთვის შოკი რომ არ ყოფილიყო, პირსახოცი გადავიხვიე, ქამარი მქონდა გადაჭერილი, სისხლი რომ არ დამეკარგა. იქაურმა ბიჭებმა ივაჟკაცეს, ბილიკი გახსნეს და სასწრაფოდ გამატარეს. გავვარდით.
ღმერთის წყალობით, არაჩვეულებრივი ქირურგები შემხვდნენ. სამმა საოცარმა ქირურგმა ჩემთან ერთად გაათენა ახალი წელი. შემდეგ კიდევ რამდენიმე ათეული პაციენტი შემოიყვანეს. მარტო ჩემს პალატაში სამი ვიწექით მტევნების ერთნაირი დაზიანებით. ერთნაირი მაშხალების წყალობით...
დაზიანებული მაქვს მარცხენა ხელი. მაინც ფსიქოლოგიური მომენტია და უსაფრთხოებისთვის იჭერ მარცხენა ხელში და სახეს უკან ატრიალებ. ერთ პაციენტს თვალი ჰქონდა დაზიანებული, ერთს მუცელში შეუვარდა და გამოფატრა.
ქირურგებმა კარგად იმუშავეს. ძვლები დამსხვრეული მქონდა, თითები და მთელი მტევანი სულ დაფლეთილი იყო და ააწყვეს. სერიოზული ტრავმა მივიღე. იმედი მაქვს, კარგად შეხორცდება და სამსახურს მალე დავუბრუნდები.
ქირურგებთან ერთადერთი თხოვნა მქონდა, გამთიშეთ-მეთქი. მინდოდა ძალიან სწრაფად დასრულებულიყო ოპერაცია. ჩემს მტევანს რომ ვუყურებდი, მართლა საშინელ მდგომარეობაში იყო. მეგონა სრულიად ხელს დავკარგავდი.
გამთიშეს და როდესაც ნარკოზიდან გამოვედი, ახლიდან დავიბადე. ახალი ადამიანი, სამყაროს სხვანაირი ხედვით. არ ვნანობ, უბრალოდ ვფიქრობ, რომ ჩემგან მესიჯის გაშვება იყო საჭირო და მე ამას გავაკეთებ. სრულად რომ გავჯანსაღდები, პიროტექნიკის წინააღმდეგ პიარკამპანიას წამოვიწყებ.
მეორე დღეს ნარკოზიდან რომ გამოვედი, მივხვდი, რომ საზოგადოებისთვის მაქსიმალურად უნდა მიმეწვდინა ხმა, რომ ეს არა მხოლოდ ჯანმრთელობას აზიანებს, არამედ ბუნებას, საცხოვრებლებს. ეს არის მავნებელი "ბრჭყვიალა სიკვდილი", რომელსაც არაფერი კარგი არ მოაქვს. ჩემი ტელეფონით ბევრი ფეიერვერკი გადამიღია. ბოლოს დუბაიში ვნახე საოცარი რამ, აღფრთოვანებული დავრჩი. ალბათ, იქიდან მქონდა ჩარჩენილი ამ სილამაზეზე...
რაც მოხდა, ეს ალბათ, კარმა იყო, გაფრთხილება იყო... მე რომ ამ შაშხანების "მომხმარებელი" ვყოფილიყავი, კიდევ მესმის ამგვარი ზიანი, მაგრამ არასდროს ცხოვრებაში არ მიყიდია. პირველად გავისროლე. სპონტანური სისულელე მომივიდა. წერდნენ "ჭკუის მასწავლებლები" მიწაში უნდა ჩაგერჭო, ხეზე უნდა მიგებაო... სისულელეა. ხელის მაშხალაა და ინსტრუქციაც აწერია. მეორე ხომ მაქვს, მსგავსი, სხვისთვის რომ უნდა მეჩუქებინა.
ახლა რეაბილიტაციას გავდივარ, ტკივილები მაქვს. გამაყუჩებლის გარეშე არაჩვეულებრივად ვიტან ტკივილს. ძლიერი ვარ, ძლიერი, ეგრე მალე ვერ მომიშორებენ. ღმერთს ვუყვარვარ. ისეთ ფოტოებს მიგზავნიან დაზარალებულები, ქორწილებზე და დაბადების დღეებზე რომ შაშხანებით დაზიანდნენ, ამას რომ ვუყურებ, ვრწმუნდები, რომ უფალს მართლა ვუყვარვარ. ეს კატასტროფული ფოტოები აუცილებლად უნდა დავბეჭდო, კამპანიაში ჩავრთო და ქალაქში გამოვფინო.
450 ადამიანი დაშავდა პიროტექნიკით.
კიდევ ერთი თვე მექნება მტევანში რკინის ჩხირები. ორი დღეა გამოვედი გარეთ. ცოტ-ცოტა საქმეებს ვაკეთებ. 13 იანვარს თაბაშირიანი ხელით ვიქნები "რუსთავი 2-ის" მზარეულების შოუში. არა უშავს, მე ხშირად ვამბობ, ცალხელინი ბევრ ორხელიანს ბევრ რამეში ვაჯობებ-მეთქი. ალბათ, ბევრი შეუმდგარი ადამიანის ნეგატიური ფიქრებია ჩემს მიმართ მომართული, თუმცა ბევრს რომ ვუყვარვარ, ესეც ფაქტია და ნათელია.
ბევრჯერ დავეცი, ბევრჯერაც ფეხზე დავდექი. კიდევ დავეცემი და დავდგები. სანამ სული მიდგას, მზად ვიქნები ვიბრძოლო ჩემი კეთილდღეობისთვის და მათთვის, ვინც ჩემს ირგვლივ ტრიალებს.
მხნედ ვარ, მაგრად ვარ! მაქსიმალურად შევეცდები გამოვასწორო ის შეცდომა, რაც საკუთარი თავის მიმართ დავუშვი...