პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
პროფესიას რომ არ აქვს გენდერი, ქართულ რეალობაში ამის უამრავი მაგალითი არსებობს. ქალები ყოველდღიურად ამტკიცებენ, რომ აქამდე არსებული სტერეოტიპები და მავნე შეხედულებები თითქმის დაიმსხვრა და ნელ-ნელა ქრება.
„პრაიმტაიმი“ გაგაცნობთ ქალს, რომელიც ამერიკაში სულ რაღაც სამი წლის წინ გაემგზავრა, იმუშავა რამდენიმე დაწესებულებაში, ერთ დღესაც კი, გადაწყვიტა, რომ მართვის მოწმობის არ ისე მარტივი გამოცდა ჩაებარებინა და ტრაილერის მძღოლად დაეწყო მუშაობა.
მიუხედავად იმისა, რომ მის შესაძლებლობებს რამდენიმე ადამიანმა ცოტა სკეპტიკურად შეხედა, 32 წლის ნათია რეხვიაშვილი დღეს ერთ-ერთია იმ მძღოლებს შორის, რომელიც ამერიკის ტერიტორიაზე უზარმაზარი მანქანით ამერიკის ყველა შტატში გადაადგილდება.
- ნათია, თავდაპირველად საიდან გაგიჩნდათ სურვილი, რომ ამერიკაში ტრაილერის მძღოლად დაგეწყოთ მუშაობა?
- დაახლოებით, წელიწად-ნახევარია რაც ამ საქმით ვარ დაკავებული. როგორც ამერიკელები იტყვიან, თავისუფლების გამო გადავწყვიტე.
დაახლოებით, სამი წელია, რაც ამერიკაში ვცხოვრობ. შეიძლება, ბანალურად გამომივიდეს, მაგრამ ემიგრაციას, როგორც წესი, ძალიან დიდი სტრესი ახლავს. მოწყვეტილი ხარ სამშობლოს, ოჯახს, რთულია აქ ადაპტაციის გავლა.
რომ ჩამოდიხარ, ყველაფრის გაკეთება თავიდან გიწევთ. არის ისეთი სამსახურები, სადაც გამუდმებით სტრესის ქვეშ ხარ, იმდენად რთული სამუშაოებია... ჩემთვის მთავარი თავისუფლება იყო.
მანამდე, მანჰეტენზე, „ტრამპ-თაუერში“ ვმუშაობდი. გავიარე მრავალი გასაუბრება და ცოტა დაუჯერებელიც კი იყო ჩემთვის, რომ ამიყვანეს. თუმცა დიდი სტრესიც იყო, არ ვიყავი თავისუფალი. სტუმრების მიღება-განაწილება მევალებოდა. ჩემი თავი მაინც ვერ ვიპოვე.
ასეთ დროს განტვირთვისთვის საჭესთან ვჯდებოდი, მუსიკას ვუსმენდი და მანქანით ვსეირნობდი. თავიდან აქ მეგობრები არ მყავდა, არავის ვიცნობდი.
გაგონილი მქონდა, რომ ტრაილერის მძღოლებს კარგი ანაზღაურება ჰქონდათ. ტრაილერის მართვას სპეციალური მოწმობა სჭირდება, რომლის აღებაც საკმაოდ რთულია. ძალიან ბევრი გამოცდის ჩაბარებაა საჭირო. პირველივე გასვლაზე მართვის უფლება მოვიპოვე.
- რა დრო დაგჭირდათ ამისთვის?
- დაახლოებით, 3 დღეში ვისწავლე თეორიული მასალა. 1000-ზე მეტი ბილეთია, თუმცა, გამოცდაზე ნაკლები მოდის. ვისწავლე, გავედი, თეორიული გამოცდა ჩავაბარე და ამის შემდეგ ავტოსკოლაში ვისწავლე, აქ ასეთი წესია. ზუსტად, 6 გაკვეთილი ვიყავი სკოლაში. ბოლოს, სხვებს ვეხმარებოდი. საბოლოოდ, გამოცდა ჩავაბარე და ძალიან მალევე ამ საქმეს შევუდექი.
ასოციაცია მიჩნდება, რომ ჩემი საქმე თავისუფლებაა. არის გზა, ხიფათი, თუმცა, ჰაერზე ვარ, ულამაზეს ხედებს ვუყურებ, მუსიკას ვუსმენ ნებისმიერ ხმაზე, რამდენი ხანით მინდა ვსაუბრობ ახლობლებთან, მეგობრებთან, ვუყურებ ფილმებს, გადაცემებს, ვმღერი... როცა მინდა ვაჩერებ, ვიკვებები.
აქ უსაფრთხოება ნომერ პირველია. უნდა გააჩერო თუ გეძინება, ან გზაზე საფრთხეს ხედავ. მიუხედავად იმისა, რომ ვიზიტი გაქვს დაჯავშნილი და კონკრეტულ დროს უნდა მიიტანო ტვირთი, ჯობს მეორე დღეს მიხვიდე. რომ დაუფიქრდე, საკმაოდ პასუხისმგებლობიანი საქმეა, ეს არ არის თამაში, შენი და სხვა ადამიანების სიცოცხლეს ეხება. ერთი პატარა შეცდომის დაშვებას არავინ გაპატიებს.
- რა სახის ტვირთი გადაგაქვთ?
- არის მაცივრები, მშრალი და გადაუხურავი ტვირთმზიდები. თავიდან მაცივარზე ვმუშაობდი, გადამქონდა საკვები პროდუქტები, მაგალითად, ნაყინი, რასაც მაცივარი სჭირდება.
ამ ეტაპზე, მაქვს მშრალი ტვირთი. ახლა, ერთ-ერთ დიდ მაღაზიათა ქსელში ძაღლის საკვები მოვიტანე.
ასევე, მიწევს სხვადასხვა ტიპის ტვირთის გადატანა: ავეჯი, კომპიუტერები, ტექნიკა და ა.შ. ჩემი პასუხისმგებლობაა, ამ ნივთების უსაფრთხოდ დამაგრება და A პუნქტიდან B პუნქტში უსაფრთხოდ და დროულად მიტანა.
- როგორც ქალს, რა სახის დაბრკოლებები შეგექმნათ?
- თავიდან უფრო მქონდა კომპლექსები... მაგალითად, ტრაილერის ჩახსნას თუ ვერ ვახერხებდი და საკმარისი ძალა არ მქონდა, მეგონა, რომ ვერ ვაკეთებ, რადგან ქალი ვარ და კაცს ეს ყველაფერი გამოუვიდოდა. ბევრს გასჩენია კითხვა, საბურავს რამე რომ მოუვიდეს, შენ გამოცვლიო?!... არც მამაკაცი გამოცვლის, რადგან ამისთვის შესაბამისი სამსახური არსებობს. ტრაილერის წინა ნაწილს აქვს დაზღვევა, შესაბამისად, სპეციალური სამსახური მოვა და ყველაფერს მიხედავს.
ყოველი ფეხის ნაბიჯზე გასაჩერებელი ადგილია, სადაც დიდი ბენზინგასამართი სადგურებია, ვავსებთ საწვავს, ვუვლით მანქანას, არის დაწესებულება, სადაც ვიღებთ შხაპს. სისუფთავეა, ყველაფერი წესრიგშია.
- როგორი ურთიერთობა გაქვთ სხვა მძღოლებთან?
- დამოკიდებულება ძალიან კარგია. ყველამ ვიცით, ეს რა არის, რამდენად რთულია და ყველგან კეთილგანწყობილები არიან. ცდილობენ, თუკი რამე დაგჭირდება, დახმარება შემოგთავაზონ. არ აქვთ ის მომენტი, რომ ქალი ვარ. არანაირი გენდერული ბარიერი აქ არ არის, მე ვარ მათი კოლეგა. ბევრი ამერიკელი ქალი მინახავს, 60 წელს გადაცილებული. უსაფრთხოება აქ ისეთი მნიშვნელოვანია, რომ არ არის სირცხვილი, ვინმე დაიხმარო.
ყოფილა შემთხვევა, როცა 50-60 წლის კაცებს პარკინგში ჩაყენება უჭირდათ და ჩემთვის დახმარება უთხოვიათ. სხვათა შორის, გუშინაც მთხოვეს. ეს ჩვეულებრივი მომენტია. ვიცით, ეს რა საქმეცაა და მუცლიდან რომ არავის დაჰყოლია.
- რამდენად კეთილმოწყობილია თქვენი ტრაილერი, სადაც ყველაზე დიდ დროს ატარებთ?
- კომპანიამ, სადაც ვმუშაობ, სიურპრიზი გამიკეთა და სულ ახალი ტრაილერი მომცეს. ყველაფერი იმდენად ახალია... მაქვს ძალიან კარგი საწოლი, მაცივარი, მიკროტალღური ღუმელი, ტელევიზორი, საკიდები, დივანი, მაგიდა... აბსოლუტურად ყველაფერი მაქვს.
- როგორც მივხვდი, მარტო არ ხართ ...
- დიახ, ყველაზე საუკეთესო კომპანიონი მყავს. ხარ „სოლო დრაივერი“, ან „თიმი“ - ჩემი ოთხფეხა მეგობარი ჩემი მეწყვილეა. ძალიან მიეჩვია ყველაფერს და როცა ვაჩერებ, მაშინვე ხვდება, რომ უნდა ჩავიდეთ.
- რას გეუბნებიან მშობლები საქმიანობასთან დაკავშირებით?
- მშობლები საქართველოში იმყოფებიან. როგორც ყველა, ჩემებიც ღელავენ, რადგან გზაზე ვარ და ეს გარკვეულ საფრთხეს შეიცავს. მათგან ყოველთვის მქონდა და მაქვს მხარდაჭერა.
- რა ხდება პირად ცხოვრებაში?
- ამ თემაზე არ ვსაუბრობ... ჯერჯერობით, თავს ვიკავებ.
- სამომავლო გეგმები გაგვიმხილეთ...
- იცით, რატომღაც ადამიანების უმრავლესობა ფიქრობს, რომ რადგან ტრაილერის მძღოლი ხარ, მთელი ცხოვრება საჭე უნდა ატრიალო. ეს ამას საერთოდ არ ნიშნავს. რა თქმა უნდა, მაქვს გეგმები, რომელიც ამ და კიდევ სხვა სფეროსთან არის დაკავშირებული. ვაპირებ, სწავლა გავაგრძელო.
საბანკო მაქვს დამთავრებული და საქართველოში ერთ-ერთ ცნობილ ბანკში ვმუშაობდი. შემდეგ პროფესია შევიცვალე და კოსმეტოლოგიით დავკავდი. ვაკეთებდი ინექციებს, მქონდა ჩემი კუთხე. ამერიკაში ჩამოსვლის შემდეგ, პერმანენტული მაკიაჟის სპეციალისტად ვმუშაობდი.
არ ვიცი, მოვლენები როგორ განვითარდება, ბევრი გეგმა მაქვს.