1751399667
„ევროპის ტურნე 2024“ - ანსამბლი „ერისიონი“ მასშტაბური ტურნესთვის ემზადება

ლეგენდარული საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ერისიონი“ მასშტაბური საგასტროლო ტურნესთვის ემზადება. შოუ-პროგრამა „ქართული საგანძური“, რომელმაც საყოველთაო აღიარება მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მოიპოვა, თაყვანისმცემლების გაოცებას კიდევ ერთხელ აპირებს.
„ერისიონის“ კონცერტები გაიმართება: შვეიცარიაში, გერმანიაში, იტალიასა და ფინეთში. ანსამბლი საკუთარი ქვეყნის კულტურული სიმდიდრის მაყურებლისთვის გაზიარებას 2 მარტს დაიწყებს. „ევროპის ტურნე 2024“ მარტის ბოლოს დასრულდება.
„პრაიმთაიმი“, სამომავლო გეგმებსა და „ევროპის ტურნესთან“ დაკავშირებით, ესაუბრა პროექტებისა და ღონისძიებების მენეჯერს, ბატონ ვანო ჩხაიძეს და მთავარ ქორეოგრაფს, ქალბატონ ეკა ჭკუასელს.
- სიმღერისა და ცეკვის საქართველოს ყველაზე ძველი ანსამბლისთვის 2023 წელი საკმაოდ დატვირთული იყო მიღწევებითა და წარმატებებით. ბატონო ვანო, გასული წელი რომ შევაჯამოთ...
- „ერისიონის“ ცხოვრებაში, კიდევ ერთი შესანიშნავი წელი გავიარეთ. მინდა, მთელ ანსამბლს და შემოქმედებით ჯგუფს კიდევ უფრო შემოქმედებითად დატვირთული წარმატებული წელი ვუსურვო.
ანსამბლისთვის, 2023 წელი საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა, ეს არ არის მხოლოდ ჩვენი სიტყვები, ასეთია მაყურებლის შეფასებაც. გვქონდა რამდენიმე კონცერტი მაისში, ივნისში და დეკემბერში. წელი დავაგვირგვინეთ განახლებული შოუ-პროგრამით „ქართული საგანძური“, რომელიც მგონი ძალიან საინტერესო გამოვიდა. ანსამბლის არცერთი კონცერტი ერთმანეთს არ ჰგავდა, რაც მეტყველებს იმაზე, რომ სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი ქორეოგრაფი სულ სიახლის ძიებაში არიან. პროგრამაში შეტანილი იყო ახალი სასიმღერო ნიმუშები, ასევე ახალი ქორეოგრაფიული დადგმები.
კულტურის სამინისტროს პროექტის ფარგლებში, ვიმოგზაურეთ საფრანგეთში. საოცარი პროექტი შედგა ლევილის მამულთან დაკავშირებით, სადაც „ერისიონი“ თავისი შოუ-პროგრამით წარდგა. ამისთვის დიდი მადლობა ქალბატონ თეა წულუკიანს, რომელმაც შესანიშნავი ფესტივალი დააფუძნა და ახალი სიცოცხლე ჩაჰბერა ჩვენს საოცარ ისტორიულ ადგილს. კიდევ ერთხელ გაცოცხლდა ლევილი. ფესტივალზე ქართული კულტურის თითქმის ყველა მიმართულება იყო წარმოდგენილი.
ასევე, კულტურის სამინისტროსა და საბერძნეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, კონცერტი გავმართეთ ქ.სალონიკში, სადაც მაყურებლებს შორის იყვნენ ჩვენი თანამემამულეები, რაც ანსამბლისთვის ძალიან ამაღელვებელი და სასიამოვნო აღმოჩნდა. ვიყავით იორდანიაში, ჩინეთსა და უზბეკეთში. ამავდროულად, ჩინეთში ყოფნის დროს სამომავლოდ კიდევ ახალი კონცერტები დაიგეგმა, ჩინელებთან ურთიერთობაში ძალიან დაგვეხმარა ჩვენი ელჩი, შესანიშნავი პიროვნება ბატონი არჩილ კალანდია, რისთვისაც მას ანსამბლის სახელით კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდით.ასევე, მონაწილეობა მივიღეთ ქალბატონი ელისო ბოლქვაძის მიერ დაფუძნებულ შესანიშნავ „ბათუმის საერთაშორისო ფესტივალში“, რომელიც ყოველწლიურად ტარდება. გასულ წელს სწორედაც რომ ჩვენ გვერგო პატივი, ანსამბლს კონცერტით დაეხურა აღნიშნული ფესტივალი, რისთვისაც კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდით ქალბატონ ელისო ბოლქვაძეს. ანსამბლმა კიდევ ბევრი ღონისძიება ჩაატარა ყველას ვერ ჩამოვთვლი. ასე რომ, საკმაოდ დატვირთული და ნაყოფიერი 2023 წელი გვქონდა.
- ცნობილია, რომ „ერისიონს“ მალე საკუთარი სახლი ექნება...
- დიახ, შენობასთან დაკავშირებით, მიდის აქტიური მუშაობა. ბოლოს და ბოლოს, „ერისიონისთვის“ ეს საშვილიშვილო საქმე გადაწყვეტილია, 138 წლის და ძალიან დიდი ისტორიის მქონე ანსამბლს საკუთარი შენობა ექნება. ანსამბლის სახელით მადლობას ვუხდით ჩვენს მთავრობას , რომ შენობის რეაბილიტაციისთვის თანხა გამოიყო, რაც უპრეცედენტო მხარდაჭერაა ჩვენთვის.
ამ ეტაპზე „ერისიონის“ შენობაში სამუშაოები დასკვნით ფაზაშია და 2024 წელს უკვე გადავალთ ჩვენს ახალ სახლში, რომელიც აღჭურვილი იქნება თანამედროვე ინფრასტრუქტურით, სადაც გათვალისწინებულია ყველა ის მოთხოვნები, რომელიც აუცილებელია ანსამბლის შემოქმედებითი ცხოვრებისთვის და არსებობისთვის.
მთელი ანსამბლი და შემოქმედებითი ჯგუფი ძალიან გახარებულები ვართ და ერთი სული გვაქვს, როდის გადავალთ „ერისიონთან „ არსებულ საბავშვო სკოლა-სტუდიებთან ერთად ახალ შენობაში, სადაც სასიამოვნო და საინტერესო გარემო გველოდება. ყოველთვის ვეცდებით „ერისიონი“ ინარჩუნებდეს იმ მაღალ თამასას, რომელიც ბოლო ათწლეულების განმავლობაში ანსამბლისთვის სავიზიტო ბარათია. ვცდილობთ, რომ კიდევ უფრო მეტი სანახაობით დავტვირთოთ ჩვენი შოუ-პროგრამები და კიდევ უფრო საინტერესო გავხადოთ „ერისიონი“ მაყურებლისთვის არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით.
- როგორია ანსამბლის სამომავლო გეგმები?
- ახლახან ანსამბლის მომღერალთა გუნდმა დაიწყო აუდიო ჩანაწერებზე მუშაობა. ჩანაწერები დავიწყეთ ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში არსებულ ხმის ჩამწერ სტუდიაში. დიდ მადლობას ვუხდი ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს, შესანიშნავ ლოტბარს და პროფესიონალს ბატონ გიორგი დონაძეს და მის გუნდს გვერდით დგომისთვის, ასევე ხმის რეჟისორს ბატონ არჩილ ბურჭულაძეს. ანსამბლი ჩვენი ფოლკლორის უნიკალური ნიმუშების 30-35 სიმღერას ჩაწერს. სამწუხაროდ „ერისიონის“ მომღერალთა გუნდს რიგი მიზეზების გამო ბოლო 15 წელია ახალი აუდიო ჩანაწერების ალბომი არ გამოუშვია . სულ მალე კი საუკუნოვან ანსამბლში მოღვაწე დიდი კორიფეების მიერ ძველ აუდიო ჩანაწერებს დაემატება „ერისიონის“ მომღერლების - დღევანდელი, ჩვენი ახალი, ძალიან ნიჭიერი თაობის მიერ ჩაწერილი აუდიო ალბომიც. ალბომის პრეზენტაცია მაისის თვეში მომღერალთა გუნდის კონცერტით დაგვირგვინდება.
ასევე, ხელოვნების სასახლის დირექტორთან და დიდ პროფესიონალთან ბატონ გიორგი კალანდიასთან ერთად, ვმუშაობთ „ერისიონის“ წიგნზე, სადაც ჩვენს ხელთ არსებული ისტორიული ფაქტებით აისახება საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ„ერისიონის“ 138 წლიანი არსებობა, რაც ვფიქრობ მკითხველისთვის ძალიან საინტერესო იქნება. რისთვისაც კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდით ბატონ გიორგის და ყველა იმ ადამიანს ვინც ჩართულია ამ პროცესში. რატომღაც ბევრს ჰგონია, რომ ანსამბლი „ერისიონი“ 1999 წელს შეიქმნა და ის ბატონმა ჯემალ ჭკუასელმა დააარსა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ეს ყველაფერი ანსამბლისთვის სახელი - „ერისიონის“ დარქმევამ გამოიწვია.
ახლა კი რაც შეეხება „ევროპის ტურნე 2024“, თებერვლის ბოლოდან ვიწყებთ მასშტაბურ გასტროლებს შვეიცარიით, ასევე, გვექნება კონცერტები: გერმანიაში, იტალიაში და ფინეთში. მინდა, თითოეულ მსახიობს წარმატებები ვუსურვო. დარწმუნებული ვარ რომ „ერისიონის“ ევრო ტურს დიდი წარმატება მოჰყვება და გვინდა, ქართველმა მაყურებელმაც კიდევ ერთხელ ნახოს ჩვენი შოუ-პროგრამა „ქართული საგანძური“, რომელსაც აპრილის თვეში გავმართავთ, შემდეგ კი საქართველოს რეგიონებს ვეწვევით. ვისარგებლებ შემთხვევით და კიდევ ერთხელ, დიდი მადლობას ვეტყვი იმ ადამიანებს, ვინც მხარს გვიჭერს და ფინანსურად გვეხმარება. აღსანიშნავია, რომ ყოველთვის ჩვენს გვერდით არის ფონდი „ქართული გალობა“. ამ ყველაფერთან ერთად განსაკუთრებით დიდ მადლობას ვუხდით კულტურის სამინისტროს. მე ასეთი გაცოცხლებული ქართული ფოლკლორი და კულტურის სფეროს სხვა ბევრი მიმართულება ბოლო ათწლეულებია არ მინახავს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და დასაფასებელია.
ანსამბლი ცოცხლობს, არ ჩერდება, იდეებით სავსე ვართ და რაც ჩემზეა დამოკიდებული, მაქსიმალურად ვცდილობ ხელი შევუწყო ანსამბლის თითოეულ წევრს, ხელმძღვანელებს ბატონ შერმადინს, ქალბატონ ეკას, რომ კიდევ უფრო მეტი და მეტი სიახლე იხილოს მაყურებელმა. ასევე მაქვს მოლაპარაკებები რამდენიმე უცხოელ პროდიუსერთან სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით.
- ამჯერად, რას სთავაზობს „ერისიონი“ მაყურებელს და თუ არის სიახლე შოუ-პროგრამაში?
- „ერისიონის“ მთავარი ქორეოგრაფი, ეკა ჭკუასელი: „არცერთი კონცერტი ერთმანეთს არ ჰგავს, ყველა კონცერტზე გვაქვს სიახლე, ახალი ნიმუშები როგორც სასიმღერო, ასევე ქორეოგრაფიულ ნაწილში. სიახლეზე როცა არის საუბარი, რატომღაც წარმოუდგენიათ, რომ ახალი უნდა მოვიგონოთ, ვერ მოვიგონებთ ახალ ცეკვა ქართულს, ახალ აჭარულს, ხევსურულს, სვანურს, ხორუმს, ახალ ჩაკრულოს, ხასანბეგურას და ა.შ. მამა ხშირად გვახსენებდა, ხალხურ ანდაზას „თურაშაულის პატრონი ტყეში ეძებდა პანტასაო“, ასე რომ, ჩვენ მაყურებელს ვთავაზობთ ჩვენი ძველი ფოლკლორული ნიმუშების ახლებურად დანახულ ვარიანტებს, შერწყმულს თანამედროვეობასთან. ჩვენს შოუ პროგრამას „ქართული საგანძური“ ჰქვია, პროგრამა ორგანყოფილებიანია და დაახლოებით 2 საათი გრძელდება. სადაც მაყურებელს წარვუდგენთ საქართველოს ყველა კუთხის საოცარ მარგალიტებს.
- ანსამბლ „ერისიონის“ კონცერტების ნახვის შემდეგ ხშირად აღნიშნავენ, რომ თითოეული კომპოზიცია რაღაც ამბავს ჰყვება და საქართველოში გამოგზაურებს. როგორ შეაფასებთ, თანამედროვეობაში როგორ ერწყმის ცეკვა სიმღერას და რამდენად გვიყვება ისტორიას?
- ყველას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ იმას, რასაც „ერისიონი“ სიმღერისა და ცეკვის შერწყმით აკეთებს, (ეს ჩემი მოკრძალებული აზრია) სამწუხაროდ დღეს ცოტა ვინმე თუ ახერხებს. იმიტომ, კი არა, რომ ცუდი ლოტბარია ან ცუდი ქორეოგრაფი, ან ჩვენ ვართ განსაკუთრებულები, უბრალოდ გუნდურობა, გამოცდილება და ის ხაზი, რასაც ჩვენი ანსამბლი ატარებს, ნამდვილად რთულად მისაღწევია. „ერისიონი“ დაარსებიდან ამ ტრადიციების მატარებელია, ცეკვა არ უნდა იყოს მარტო სანახაობრივი, ის აუცილებლად უნდა გვიყვებოდეს ამბავს. როცა ვფიქრობ ახალ ქორეოგრაფიულ დადგმაზე პარალელურად სამხატვრო ხელმძღვანელთან, ლოტბართან , მუსიკალურ ხელმძღვანელთან ერთად ვეძებ შესაფერის მელოდიებს, სიმღერებს, მუსიკებს, რაც კიდევ უფრო მიადვილებს ჩანაფიქრის განხორციელებას. შეიძლება შენ როგორც ქორეოგრაფს გქონდეს ნაფიქრი ამა თუ იმ ცეკვის მონახაზზე და დადგმაზე, მაგრამ შემდგომში მოწონებულმა მუსიკამ მთლიანად შეგაცვლევინოს თავდაპირველი ჩანაფიქრი.
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ანსამბლის თითოეულ მსახიობს დაუღალავი შრომისთვის და გვერდით დგომისთვის.
„ერისიონის“ ყველაზე დიდი ჯილდო მსმენელისა და მაყურებლის აპლოდისმენტებია. ბედნიერებაა, როცა ჩვენს მიერ დადგმულ შოუ პროგრამებს - უანალოგო მრავალხმიან ქართულ ხალხურ სიმღერასა და ცეკვას მსოფლიო განცვიფრებაში მოჰყავს.
ევროპის საგასტროლო ტურნეს შემდეგ, ანსამბლი ქართველი მაყურებლის წინაშე თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში 6 და7 აპრილს წარდგება.