ეს უნდა იყოს პირველი ნიშანი მშობლისთვის, რომ ბავშვს სამედიცინო დახმარება სჭირდება... - ივანე ჩხაიძე მშობლებს მიმართავს

ივანე ჩხაიძე

ხელოვნური რძის პროდუქტის მიღება და დღის განმავლობაში რამდენჯერმე განვითარებული ღებინება უნდა იყოს პირველი ნიშანი მშობლისთვის, რომ ბავშვს სამედიცინო დახმარება სჭირდება, - განაცხადა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა ივანე ჩხაიძემ.

მისი თქმით, დღის განმავლობაში ღებინების რამდენიმეჯერ განვითარება ბავშვის გაუწყლოების რისკს ზრდის.

„თუ ბავშვს ხელოვნური კვების პროდუქტის მიღების შემდეგ დაეწყო ღებინება, ეს პერიოდი შეიძლება იყოს ნახევარი საათიდან გაცილებით უფრო მეტი დროის განმავლობაში და პირდაპირ უკავშირდება ამ ხელოვნური რძის პროდუქტის მიღებას, მაშინ პირველ რიგში უმჯობესია მიმართონ სამედიცინო დაწესებას ან ექიმს. რა თქმა უნდა, ერთჯერადი ღებინება საშიში არ არის, მას არ შეუძლია გამოიწვიოს რაღაც მნიშვნელოვანი ძვრები და ბავშვის მდგომარეობის დამძიმება, მაგრამ თუ ეს ღებინება რამდენჯერმე განვითარდა დღის განმავლობაში, მაშინ გაუწყლოების რისკი არის ძალიან მაღალი“, - განაცხადა ჩხაიძემ.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია: სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მულტინაციონალური კომპანიიდან „დანონი ნუტრიცია“ მიიღო შეტყობინება „დანონის“ პროდუქციის კონკრეტული პარტიების ბაზრიდან გამოთხოვის შესახებ, რაც განპირობებულია პრევენციით, კონკრეტულად, ევროპის სურსათის უვნებლობის ორგანოს (EFSA) ახალი სახელმძღვანელო მითითებებით და არ უკავშირდება სურსათის უვნებლობის სტანდარტების დარღვევას“.