ახალგაზრდა წყვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით „თბილისი ენერჯი“ ინფორმაციას ავრცელებს
1775302191
"ნაციონალური მოძრაობის" ახალი თავდასხმა გარდაცვლილ პატრიარქზე - ასე აფასებს მმართველი გუნდი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომელიც მან სოციალურ ქსელში გაავრცელა.
სააკაშვილი ილია მეორის მოსკოვში ვიზიტს იხსენებს და პატრიარქის მაშინდელ გზავნილებს საკუთარ თავს უკავშირებს.
"2014 წელს ის ჩავიდა მოსკოვში, შეხვდა პუტინს და უთხრა შემდეგი ფრაზა - "ერთ პიროვნებას არ უნდა გადავაყოლოთ ორ ხალხს შორის ურთიერთობა". ამ ერთ პიროვნებაში, რა თქმა უნდა, მე ვიგულისხმებოდი და ის რომ სწორედ ჩემს გამო ვერ შეძლო პუტინმა 2008-ში საქართველოს დაპყრობა. ეს განცხადება ყველამ თვითონ შეაფასეთ ისტორიის შეფასება იქნება მკაცრი", - წერს სააკაშვილი.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მათ ოპონენტები მუდმივად ებრძოდნენ ავტორიტეტებს, ახლა კი მათთვის მიუღებელი, ეკლესიისა და პატრიარქის გარშემო ქართველი ხალხის ერთიანობა აღმოჩნდა.
"მიხეილ სააკაშვილი თვითონ არაერთხელ აცხადებდა, რომ რამდენიმე ათეული შეხვედრა ჰქონდა პუტინთან, აცხადებდა, რომ საქართველო ნატოზე უარს იტყვის და ნატოში წევრობისაკენ მისწრაფებას არ უნდა გადააყოლოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა. თუკი პატრიარქი რამე სიტყვას ამბობს, ეს ყველაფერი მიმართულია იმისაკენ, რომ საქართველო არ დაინგრეს, მათ შორის, რუსული აგრესიის ქვეშ და მისი სამიზნე არ გახდეს.
რეალურად, ფაქტია, რომ სააკაშვილმა თავის მიზანს მიაღწია. შექმნა სიტუაცია, როდესაც იგი წითელ ხალიჩაზე დადგა იმის გამო, რომ რუსეთს აგინებდა, თუმცა რუსეთი მოგებული დარჩა და წაგებული დარჩა ქართველი ხალხი. ამის საწინააღმდეგოდ, არათუ არ უმოქმედია ოდესმე ეკლესიას და პატრიარქს - პირიქით, სწორედ პატრიარქი იყო ადამიანი, რომელსაც თავისი ხელით გამოჰყავდა, მოასვენებდა ომში დაღუპულ ჩვენს გმირებს, როდესაც სააკაშვილს ტაშ-ფანდური ჰქონდა გამართული," - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.