"ეს თავზარდამცემი ტრაგედია მის სახლთან ახლოს მოხდა... ნოემბრის შემდეგ გონს არ მოსულა, ისე გარდაიცვალა..." - ზურა ლეჟავას ხვალ დაკრძალავენ

zura

ბიზნესმენ ზურა ლეჟავას საზოგადოება ემშვიდობება. ნინო სუხიშვილის მეუღლეს 1 მარტს საბურთალოს სასაფლაოზე კრძალავენ. 

პირველი, ვინც ზურას გარდაცვალების სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა, მამა ალექსანდრე გალდავა იყო.

"ყველაზე სუფთა, წრფელი, ერთგული, გვერდში მდგომი, ხელგაშლილი, გულიანი, უსაყვარლესი თვალებბრიალა ზურა. ღმერთმა განუსვენოს", - წერდა სასულიერო პირი სოციალურ ქსელში.

ბიზნესმენი წყნეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ძლიერ დაშავდა. როგორც ზურას მეგობარი, ყოფილი კულტურის მინისტრი, სესილი გოგიბერიძე "პრაიმტაიმთან" ამბობს, ისე გარდაიცვალა, ნოემბრის შემდეგ გონს არ მოსულა...

სესილი გოგიბერიძე: ჩვენ 53-ე სკოლაში ვსწავლობდით. ზურა ჩემი ძმის მეგობარი, მისი მეჯვარე და ჩემი ძმისშვილის ნათლიაა. ჩვენი მეგობრობა ბევრი ათეული წლის მანძილზე არასდროს შეფერხებულა. ერთად მოვდიოდით. ამდენად ჩვენთვის დიდი ტრაგედიაა ეს ამბავი. 

ზურა მთელ თაობაში გამორჩეული იყო. სულ საინტერესო იდეები ჰქონდა. არასდროს ჩერდებოდა. ყოველთვის ახლის ძიებით იყო შეპყრობილი. 

90-იან წლებში ზურა იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც ამერიკაში წავიდა, დასახლდა და ბიზნესი ააწყო. ატლანტაში ძალიან დიდხანს ცხოვრობდა. სხვადასხვა პროექტებს ახორციელებდა.

ძალიან შეძლებული ადამიანი იყო, იქ ქართველებისთვის მისი სახლის კარი ღია იყო. არაერთი სტუდენტისთვის შეუწყია ხელი. მეგობრები ყველა ჩაიყვანა და ამერიკა გააცნო. ერთგვარად ცხოვრება გაულამაზა ახლობლებს. იყო გახსნილი და თბილი, მეგობრებზე გადაყოლილი ადამიანი. 

პირველი ოჯახი ამერიკელ ქალბატონთან შექმნა. მათ ქორწილში ვიყავი. ეს ქორწინება დიდხანს არ გაგრძელებულა.  შემდეგ ნინო სუხიშვილზე იქორწინა, რომელსაც ჩვენს თაობაში არაერთი ბიჭი ეტრფოდა...

მის ცხოვრებაში ბევრი რამ იყო საინტერესო. როცა საქართველოში დაბრუნდა, წყნეთში ულამაზესი სახლი ააშენა. წყნეთში ბევრი სახლი აშენდა და გარედან ისეთი გალავნები არტყია, ჩიტი ვერ გადაფრინდება. არქიტექტურის დათვალიერების და ტკბობის საშუალება არ გაქვს. ზურამ სახლს ღობე არ გაუკეთა და გარს ბუჩქები შემოარტყა. გახსნილი ადამიანი იყო და კარ-მიდამოც ასეთი გახსნილი ჰქონდა. ეს სახლი თავშეყრის და არაერთი კულტურული პროექტის განხორციელების ადგილად იქცა. პანდემიის დროს მასთან, ტყეში ამფითეატრი გააკეთა და "უღრანი ტყის" საკონცერტო საღამოები ტარდებოდა. ცდილობდა ბიზნესი შეეთავსებინა კულტურულ ფენომენთან. შემოქმედი ადამიანი იყო, ახალ-ახალი იდეებით. უნდოდა ისეთი საქმეები ეკეთებინა მხოლოდ მოგების მომტანი რომ არ იქნებოდა. 

ეს ტრაგედია მის სახლთან ახლოს მოხდა, ეს თავზარდამცემი ამბავი. "სქროლის" მოდერნიზებული სატრანსპორტო საშუალება შეიძინა და იმით გადაადგილდებოდა. ვარჯიშობდა, ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევდა. როგორც ვიცი, წონაში დაიკლო და ეს ტრანსპორტიც ახალი შეძენილი ჰქონდა. 

59 წლის იყო, თუმცა ახალგაზრდულად შემართული. უყვარდა სისწრაფე. მახსოვს, ჰყავდა პორშე და წყნეთში ხომ მოდიხარ, წაგიყვანო, ერთხელ შემომთავაზა. გამიხარდა, კომფორტული მანქანით წავალ-მეთქი. ისეთი სისწრაფით მატარა წყნეთის მოსახვევებში, ვუთხარი, ეს არის ჩემი ბოლო ჩაჯდომა შენ მანქანაში-მეთქი. იცინოდა...

ინოვაციებისკენ სწრაფვა სულ ჰქონდა. სამწუხაროდ, ასეთი ტრაგედია დატრიალდა. ამ ტრანსპორტით ხევში გადავარდა, ძლიერ დაიმტვრა. ფუძის მოტეხილობაც ჰქონდა. ისე გარდაიცვალა, ნოემბრის შემდეგ გონს არ მოსულა. ისე გული მტკიოდა, არ მინდოდა მცოდნოდა დეტალები. თუმცა ვიცოდი, რომ პირველი დღიდან უიმედო მდგომარეობაში იყო. დიდი დაზიანება ჰქონდა...

შვილები არ ჰყავს, ჰყავს ძმისშვილები და მოხუცი მშობლები, ექიმები, შესანიშნავი ადამიანები... 

ამ ტრაგედიის აღქმა ძალიან მიჭირს.