პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიელი ხალხისა და ფეხბურთის გულშემატკივრების გულის მოგება მალევე შეძლო.
ქართველი წარმატებული ფეხბურთის მიღწევებმა იტალიაში ქართველი ემიგრანტების ცხოვრებაც გააუმჯობესა. ყოველდღიურად უამრავი ადამიანი წერს, რომ ხვიჩას მიღწევებმა საქართველოსადმი ინტერესი გააღრმავა.
ერთ-ერთი ემიგრანტი, რომელიც ხვიჩას შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს, მელი თურმანიძეა, რომელსაც „პრაიმტაიმი“ უცვლელად გთავაზობთ:
ჩემთვის ყველაფერი ბევრად უფრო მარტივი აღმოჩნდა, რადგან არასდროს არცერთი ჯგუფის მიმდევარი არ ვყოფილვარ და არც ფეხბურთს ვუყურებ.
ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ საკუთარი ნებით მატჩის სანახავად წავიდოდი.
წავედი! წავედი და ასე ძალიან, ალბათ არასდროს ვყოფილვარ საკუთარი გადაწყვეტილებით ბედნიერი!
შესასვლელში კონტროლი ნეაპოლის ფანი აღმოჩნდა, მომიახლოვდა და მითხრა: - დროშა დამალეთ ქალბატონო, თორემ შესასვლელში დაგატოვებინებენ. მისი საქციელით გაოცებულმა, პირღიად მივაჩერდი, ეშმაკურად გადმომხედა და „Forza Kvara!“-ო, რომ მითხრა ეგრევე მივხვდი, რაღაცნაირად ზღაპრულ სამყაროში გადავაბიჯე, ამ ბიჭის წყალობით.
სანამ თამაში დაიწყებოდა, ჯერ კიდევ მანამ დაიწყო, ქართული დროშა ყურადღების ცენტრში იყო უწყვეტად, გვესალმებოდნენ, გვემადლიერებოდნენ, ინტერვიუებს გვთხოვდნენ... როგორც იქნა ჩვენი ადგილი დავიკავეთ და ემოციების ზღვაში გადავეშვით.
პირველად რომ წააქციეს მუხანათურად, იტალიურად შევყვირე, ვაიმე შვილო-თქო და გვერდიდან მილანის ფანი მომვარდა აღტაცებით:- კვარა თქვენი შვილია?!
- კვარა ჩვენი შვილია, ვუპასუხე სევდით... ხაზგასმით ვამბობ, აღტაცებით ვინც გამესაუბრა, ამ ჯადოსნურ ბიჭზე, მილანის ფანი იყო, მილანის გუნდის მაისური ეცვა! ძალიან ბევრჯერ მომისმენია ფეხბურთის მიმდევართა სიგიჟეზე, დაუნდობლობაზე, სიუხეშეზე. სტადიონზე მიმავალი კიდევ ერთხელ გამაფრთხილეს: - მელ, ეს კონცერტი ნუ გგონია! ეს ფეხბურთია! ფრთხილად იყავი!
თავს არ ვუტყდებოდი მაგრამ, როცა მილანის მიმდევრებით გარშემორტყმული აღმოვჩნდით სამი ქართველი, ცოტა შიშმა ამიტანა, თუმცა მალე მივხვდი ამის საჭიროება არ არსებობდა.
- ეს ქართული დროშაა!
- ისინი ქართველები არიან!
- ეს ხალხი კვარას სამშობლოდანაა!
მესმოდა უწყვეტად და ნეტავ იცოდეთ როგორ ამაყი ვიყავი! ამაყი ისე, როგორც მთელი ემიგრაცია! თავაწეული, ერთდროულად მშვიდი და ენერგიით სავსე, ქართული ემიგრაცია!
ემოციის ტალღა, ნეაპოლის გუნდის გამარჯვების მერე კიდევ უფრო დიდი იყო, სტადიონიდან გამოსულებს ბათუმიდან ჩამოსული „დინამო“ ბათუმისა და კვარს მიმდევრები გადაგვეყარენ, რომლებთანაც უცხო სტუმრების გარეშე სურათის გადაღება ვერ შევძელით, ვინ აღარ ჩერდებოდა ქართულ დროშასთან, ფრანგები, ინგლისელები, ავსტრიელები და რა თქმა უნდა იტალიელელბი! ამაყები ვიყავით, აბა რა!
დიდი უცნაური ბუნება გვაქვს ქართველებს, არსად დამკვიდრება არ გვიჭირს, თუმცა იმხელა ნაღველი გვადევს მხრებზე სამშობლოს დარდით და მონატრებით სავსე, მშვიდად და იმედიანად ცხოვრებას ვერც კი ვისიზმრებთ!
2006 წელს, როცა პირველად აღმოვჩნდი მილანში, თიფლისი და კალაძე იცოდა თითო ოროლამ, ამდენივემ -შევარდნაძე, სტალინი, ბევრს რუსი ეგონა.
სწორედ იმ ქართველმა ქალებმა ჩაუყარეს მყარი საძირკველი საქართველოზე ცნობიერებისა სახელის გაზრდას, რომლებიც ჩუმად, სევდიანები და გულთვალ ცრემლიანები შრომობენ სხვის ოჯახებში საკუთარის გადასარჩენად! ჰო და ამ ურყევ საძირკველზე, პატარა, საოცარმა ბიჭმა უზარმაზარი ნათელი დააშენა!
სხვა რომ არაფერი ვთქვათ, დაღლილ, ქანცგალეულ, იმედ გადაწურულ ემიგრაციას ემოციის ცუნამი გადმოასხა თავს, ენერგიით აავსო, ცრემლი დაუშრო და გააღიმა!