„ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება ქალების უფლებებისთვის...“ - თამილა ბარკალაია

თამილა ბარკალაია

ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი განახლებული სახით პარლამენტს დღეს დაუბრუნდა. გაზრდილი ბიუჯეტის დაფინანსების ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება სოციალური პროექტებია.

მაგალითად, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 50 ლარის ნაცვლად, 200 ლარი გახდება. ორმაგდება კერძო სექტორში დასაქმებულთათვის დეკრეტული შვებულება და ის 1000 ლარის ნაცვლად, 2000 ლარი გახდება. 2023 წლიდან კი სკოლის მასწავლებლები დეკრეტული შვებულების დროს სრულ ხელფასს მიიღებენ.

ახალი სოციალური პროექტების დეტალების გასარკვევად „პრაიმტაიმი“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეს თამილა ბარკალაიას დაუკავშირდა.

როგორც თამილა ბარკალაია ამბობს, ამ პროგრამის ბიუჯეტი, 2023 წელს, 465 მილიონი ლარი იქნება. რაც შეეხება 2024 წელს, სრულ წელზე, Სოციალურად დაუცველ ბავშვთა 200-ლარიანი გასაცემლისთვის, 530 მილიონი ლარი იქნება გათვალისწინებული.

„როგორც პრემიერმა დააანონსა, 2023 წლის პირველი ივლისიდან, სოციალურად დაუცველი ბავშვების გასაცემელი, 50 ლარით გაიზრდება და 200 ლარი გახდება. 

მოგეხსენებათ, წელს, 1-ლი ივლისიდან ბავშვები უკვე გაზრდილ გასაცემელს, 150 ლარის ოდენობით იღებენ.

დღეს, 220 ათასი ბავშვი იღებს 200-ლარიან გასაცემელს. ამ პროგრამის ბიუჯეტი, 2023 წელს, 465 მილიონი ლარი იქნება. რაც შეეხება 2024 წელს, სრულ წელზე, Სოციალურად დაუცველ ბავშვთა 200-ლარიანი გასაცემლისთვის, 530 მილიონი ლარი იქნება გათვალისწინებული.

გარდა იმისა, რომ თანხა მოემატა, ასევე, წელს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული - მანამდე, სადაც ზღვარი 100 000 ქულა და ნაკლები იყო, რაც ამ დახმარების მიღებას განაპირობებდა. წლევანდელი გადაწყვეტილებით, 120 000 და ნაკლები ქულაა, ანუ ჩვენ უფრო მეტი ბავშვის მოცვა მოვახერხეთ, რადგან ჩვენი აზრით, ბავშვის ბენეფითი ერთ-ერთი ყველაზე კარგი სიღარიბის პრევენციის მექანიზმია.

პარალელურად, სოციალურად დაუცველ ოჯახებში შრომისუნარიანი მოქალაქეების შრომის ბაზარზე აქტივაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი.

მაშინ, როდესაც სახელმწიფო ეხმარება ბავშვებს და ზრდის ბავშვის გასაცემელს, პარალელურად მნიშვნელოვანია, რომ ეს ოჯახები დასაქმების შესაძლებლობებით ვუზრუნველყოთ, იმიტომ, რომ სწორედ დასაქმებაა სიღარიბიდან ამოსვლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბერკეტი. ვერც ერთი სოციალური გასაცემელი  ჩაანაცვლებს დასაქმებასა და ხელფასს.

შესაბამისად, საზოგადოებრივი სამუშაოები, რომელიც წელს, პირველი მარტიდან დაიწყო, გრძელდება მომავალ წელსაც და რჩება პრიორიტეტად. ამ ეტაპზე, 30 000-მდე შრომისუნარიანი პირია საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმებული. პარალელურად, დასაქმების სააგენტო მათთან მუშაობს, რომ მათი უნარების შესაბამისად, ღია ბაზარზე არსებული ვაკანსები შესთავაზოს, ისევე როგორც, მომზადებისა და გადამზადების პროცესში ჩართოს, რომ მათი უნარები განავითაროს და ისინი კონკურენტუნარიანი გახადოს“,- განაცხადა ბარკალაიამ.

რაც შეეხება დეკრეტულ ანაზღაურებას, მთავრობის სხდომაზე პრემიერმა თქვა, რომ „დეკრეტული შვებულებების საკითხი იყო საკმაოდ პრობლემატური.

„დეკრტეტული არის ერთ-ერთი შრომის უფლება და როგორც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი ქვეყანა, ჩვენც ვალდებულები ვართ, რომ შესაბამისი დეკრეტული ანაზღაურებით ვუზრუნველყოთ ქალები ორსულობა-მშობიარობა და ბავშვის მოვლის პერიოდში.

2014 წლის ცვლილებებით, 1 000 ლარი გახდა დეკრეტული შვებულების ანაზღაურება 6 თვის განმავლობაში, მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარისა. აღნიშნული გადაწყვეტილება 2014 წლიდან არ შეცვლილა და არ გაზრდილა. შესაბამისად, პრემიერის წლევანდელი გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესია, სადაც 2023 წლის 1-ლი იანვრიდან ორმაგდება დეკრეტული შვებულების ანაზღაურება, ისევე როგორც, მასწავლებლებისთვის 6 თვის განმავლობაში 100%-ის ხელფასის ანაზღაურების გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

ზოგადად, საჯარო სექტორში და საჯარო მოხელეებისთვის, დეკრეტული ანზღაურების უფრო მაღალი სტანდარტია, ვიდრე კერძო სექტორში დასაქმებულებისთვის. საჯარო სექტორში 6 თვის განმავლობაში, ხელფასის 100% იფარება სახელმწიფო სტრუქტურების მიერ და ამ შემთხვევაში, მასწავლებლების დეკრეტულის პრინციპის გაუთანაბრდა საჯარო მოხელის დეკრეტულის ანაზღაურების წესს. 


ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება პირველ რიგში, ქალების უფლებების დაცვის მიზნით და მეორე მხრივ, იმ სოციალური გაძლიერებისათვის ოჯახებისა და ქალების, რომლებიც მშობიარობენ და ბავშვს უვლიან“, - განაცხადა ბარკალაიამ

მისივე თქმით, ერთ-ერთი პრიორიტეტი დეკრეტული შვებულების ანაზღაურების გაზრდაა, ისევე როგორც, ზოგადად, შრომის უფლებების გაუმჯობესება. მოგეხსნებათ, რომ ყოველწლიურად, გარკვეული ტიპის ცვლილებები და გაუმჯობესებაა შრომის კოდექსში.

„ჩვენ გავაგრძელებთ როგორც სოციალური უზრუნველყოფის, სოციალური მხარდაჭერისა და დაცვის მექანიზმების გაძლიერებას, ასევე აღსრულების მექანიზმების გაძლიერებას იმისათვის, რომ ღირსეული შრომა იყოს უზრუნველყოფილი და მათ შორის, დეკრეტული ანაზღაურებაც იყოს გაუმჯობესებული“, -თქვა თამილა ბარკალაიამ.