ერთმა ეპისკოპოსმა დამირეკა, როგორ შეიძლებაო ეპისკოპოსი დოლზე უკრავდესო! – ნახეთ, რა ისტორია აქვს სინამდვილეში ამ ფოტოს

ესაია

ფოტოზე ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიის წინამძღვარი, მეუფე ისაია დოლზე უკრავს. მომღერალი ლევან ვეშაპიძე სოციალურ ქსელში ფოტოს ისტორიას აქვეყნებს, რათა საზოგადოების დამოკიდებულებას გამოეპასუხოს.

ლევან ვეშაპიძე: – ერთხელ მეწერა, მაგრამ სურვილი გამიჩნდა კიდევ დავწერო ამ ფოტოს ისტორიის შესახებ.
ეს ფოტო (მეუფე ისაია უკრავს დოლზე) გამოჩნდა ინტერნეტ სივრცეში აგვისტოს ომის მერე და ვინც აზიარებდა, ყველასთან უარყოფითი კონტექსტი ედო.

ზოგს სტატუსად ეწერა – “ჯიპები აღარ ყოფნით, ახლა დოლ-გარმონზე გადავიდნენ”, “რა ეტაშფანდურებათ, აი დღევანდელი სამღვდელოების სახე” და ა.შ.

მეუფე ისაიას დიდი ხანია ვიცნობ. ვიცი, როგორი ადამიანია და ეს ფოტო რომ დავინახე, უბრალოდ, დავინტერესდი ფოტოს ისტორიით, თორემ იმ მიზნით, რომ არ ეჭირა ხელში დოლი, როგორც მავანი მაწოდებდა თავის სტატუსიდან, მაგას კი მივხვდი ეგრევე.

მეუფე ისაია ყოველი სექტემბრის დასაწყისში ნიქოზში მასპინძლობს ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალს, რომელიც თავადვე დააარსა და ჩართული ჰყავს ნიქოზის ახალგაზრდობა. ამ ფესტივალის დასკვნით დღეს ჩვენი ანსამბლიც ვღებულობთ ხოლმე მონაწილეობას, ვატარებთ კონცერტს სტუმრებისთვის და ადგილობრივებისთვის და ერთგვარად ვალამაზებთ.

ერთ-ერთ ფესტივალზე, ამ ფოტოს ისტორია ვკითხეთ მეუფეს და ასეთი ამბავი მოგვიყვა:

– ომის მერე ლიახვის ხეობის მოსახლეობა რომ გამოყარეს რუსებმა, ბევრმა ნიქოზში მოიყარა თავი და აქ დარჩნენო. ბევრი ბავშვი დაობლებული იყო და ჩვენ შევიფარეთ, ჰოდა, ეგ ფოტო მაშინაა გადაღებული, ამ ბავშვებს რომ ვეთამაშები და ვართობო (არადა, სახეზე თუ დააკვირდებით, ეტყობა კიდეც, რომ გულში ტირის ამ ბავშვების სვე-ბედის გამო).

ერთმა ეპისკოპოსმაც დამირეკაო, ცოტა შეშფოთებული იყო ამ ფოტოს ხილვითო და მითხრა: მეუფე, ეს რანაირადო, როგორ შეიძლებაო ეპისკოპოსი დოლზე უკრავდესო, ხალხი საცინლად იგდებს მერე ამის გამო ეკლესიასო. მე ვუპასუხე – მეუფე, რაც გინდა მთხოვე, ოღონდ დოლს ვერ შევეშვებიო.

დღეს მეუფე ისაიას დაბადების დღეა და ვულოცავ ამ მართლა გამორჩეულ, ჩუმ, თავმდაბალ, ომგამოვლილ, თავისი მრევლის ომში არმიმტოვებელ და ახალგორში რუსების და სეპარატისტების მიერ 3 წლით იძულებით გამოკეტილ კაცს დაბადების დღეს.

მეუფე ისაია, ერისკაცობაში ზურაბ ჭანტურია ბერად 1994 წელს აღიკვეცა. 1995 წელს ეპისკოპოსად, 2000 წელს მთავარეპისკოპოსად, 2006 წელს კი მიტროპოლიტად აკურთხეს. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მიერ დაჯილდოებულია სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით.