ეროვნული ბიბლიოთეკის 2024 წელს გაწეული მუშაობის ანგარიში

ეროვნული ბიბლიოთეკა

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დეპარტამენტებმა 2024 წელს გაწეული მუშაობის ანგარიშები წარმოადგინეს. მოხსენებების წარდგენას წინ უძღოდა ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის, კონსტანტინე გამსახურდიას სიტყვა.

„წლიური ანგარიშებიდან ჩანს, რა მიღწევები გვაქვს ამ წელს, სად ვართ ამჟამად და საითკენ მივისწრაფვით მომავალში. ბიბლიოთეკა არის ეროვნული და საკაცობრიო კულტურის, სულიერების, ეროვნული იდენტობისა და სახელმწიფოებრიობასთან დაკავშირებული ტრადიციების შენახვისა და გადარჩენის ცენტრი. ეს არის ჩვენი ძალიან მოკლედ, ლაპიდარულად ჩამოყალიბებული მისია. 2024 წელს ვეცადეთ, ინფრასტრუქტურა მოგვეწესრიგებინა, წიგნადი ფონდი შეგვევსო, არქივები ჩამოგვეტანა. სამი მნიშვნელოვნი ბიბლიოთეკა გადმოვიტანეთ გერმანიიდან. ვაპირებთ, შევქმნათ კომისია, რომელიც განსაზღვრავს, თუ რა ახალი წიგნები უნდა შეისყიდოს ბიბლიოთეკამ. მომავალი წლიდან უნდა შევუდგეთ აღდგენით სამუშაოებს, რომელთა შორისაა დიმიტრი ყიფიანის დარბაზის აღდგენა, კაფეტერიის გახსნა. ეროვნულ ბიბლიოთეკას აქვს ორი მიმართულება. ერთი არის სამუზეუმო და იშვიათი გამოცემების მიმართულება და მეორე - აქტიური სამკითხველო დარბაზები და ფონდები, რომლებიც უახლესი გამოცემებით იქნება მომარაგებული. ორივე მათგანზე თანაბრად უნდა ვიზრუნოთ“, - განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ.

ანგარიშები წარმოადგინეს: ადმინისტრაციული მართვის დეპარტამენტის დირექტორმა სოფიო გელუკაშვილმა, საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორმა ლევან თაქთაქიშვილმა, საბიბლიოთეკო მომსახურებისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორმა ლაშა გოგეშვილმა და მეცნიერები, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორმა ემზარ ჯგერენაიამ.

ანგარიშები იყო დეტალური, ბიბლიოთეკის მუშაობის ყველა ასპექტისა და მიმართულების მომცველი; შეეხო როგორც ადმინისტრაციულ მართვას, ისე ფონდების შევსების საკითხს, ბიბლიოთეკის ახალ შენაძენებს, მკითხველთა მომსახურებასა და მუდმივად, ყოველდღიურად მზარდ ციფრულ ბაზებს.

„წარმოდგენილმა ინფორმაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ეროვნული ბიბლიოთეკა რჩება მნიშვნელოვან ფაქტორად საქართველოს კულტურულ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში“, - განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ.