ემოციური კადრები: უკრაინაში დღეს დაღუპული ქართველი მებრძოლის უკანასკნელი ვიდეო

კახა გოგოლი

რუსულ აგრესიას კიდევ ერთი ქართველი სამხედრო ემსხვერპლა. კახა გოგოლი ლუჰანსკის ოლქში იბრძოდა, დღეს, გამთენიისას კი ოკუპანტების საჰაერო თავდასხმას ემსხვერპლა. 47 წლის სამხედრო მშვიდობის დასაცავად რუსეთ-უკრაინის ომში თებერვალში წავიდა.

საჰაერო თავდასხმისას დაშავდნენ უკრაინელი ჯარისკაცებიც. ქართველი მეომრის ოჯახი ფოთში ცხოვრობს. ახლობლები "კურიერთან" ამბობენ, რომ კახა გოგოლი, მეგობარი ქვეყნის მშვიდობის დასაცავად უკრაინაში, ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში ჩავიდა.

უკრაინაში წასვლამდე, მეომარი თბილისში ცხოვრობდა. მეზობლების ინფორმაციით, ის ჯერ კიევში იმყოფებოდა, შემდეგ კი ლუჰანსკის ოლქში გადავიდა. ამბობენ, რომ გამოცდილი სამხედრო იყო და აფხაზეთის ომშიც იბრძოდა.

მებრძოლის საქართველოში გადმოსვენების პროცედურები სამშაბათიდან დაიწყება. მისი გარდაცვალების გარემოებების შესახებ ზუსტი ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

გთავაზობთ ქართველი მებრძოლის უკანასკნელ კადრებს ⇓