„მე ამას ვეღარ დავაფინანსებ...“ - UFC-ის პრეზიდენტის დენა უაითის სკანდალური განცხადება
1782339471
ყოველკვირეული ანალიტიკური გადაცემა „იმედის კვირა”, რომელსაც მაყურებელი განსაკუთრებული მოლოდინით ელოდება, ყოველთვის ელენე ცინცაძის სიუჟეტით სრულდება. პოლიტიკური თემებიდან განტვირთვისთვის, მაყურებელს ერთგვარი ამოსუნთქვა სჭირდება და სწორედ ამის შესაძლებლობას იძლევა ელენეს სიუჟეტები.
კულტურა, მოგზაურობა, სოციალური თემები, საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ქვეყნის წარმატება, საინტერესო ადამიანები და მათი ისტორიები. ამ ყველაფერზე იმედის ეთერიდან უკვე დიდი ხანია გვიყვება, მის ნამუშევრებს საზოგადოება კარგად იცნობს და ელოდება.
რატომ აირჩია ეს პროფესია, რა სირთულეებს აწყდება, როგორ იქმნება პროდუქტი, რომელმაც მილიონობით მაყურებლის გული მოიგო და რას გრძნობს ყოველი წარმატებული სიუჟეტის შემდე... ამ და სხვა თემებზე ელენე „პრაიმტაიმს“ თავად უყვება.
- ელენე მოგვიყევი რატომ აირჩიე ეს პროფესია?
- ბავშვობიდან ცნობისმოყვარე ვიყავი, მაინტერესებდა უცნაური და განსაკუთრებული ისტორიები და ადამიანები. შემდეგ ვცდილობდი ჩემი ინტერპრეტაციით გადმომეცა და მომეყოლა ეს ამბები. მიყვარდა კამერა და მიკროფონი. ოჯახის წევრები და ახლობლები მეუბნებოდნენ, რომ ჟურნალისტი უნდა გავმხდარიყავი, ჩემი ოცნებაც ზუსტად ეს იყო. როცა უნივერსიტეტში ვაბარებდი არჩევანი ადვილად გავაკეთე და ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე. შემდეგ მაგისტრატურაც ამ სფეროში ავირჩიე. თუმცა მაშინ რას წარმოვიდგენდი რომ ერთ დღეს ოცნება ამიხდებოდა და ზუსტად იმ გადაცემაზე ვიმუშავებდი, რომელსაც ბავშვობიდან ვუყურებდი.

როცა „იმედის კვირაში” მოვხვდი, მივხვდი რომ ჩემი ადგილი აქ არის. ყოველ კვირას მაქვს საშუალება სხვადასხვა და ძალიან საინტერესო ამბები მოვუყვე მაყურებელს, გავაცნო უცნობი, საინტერესო ადამიანები, შევცვალო ბევრი რამ უკეთესობისკენ, მივიტანო მსმენელთან ადამიანების ხმა, რომლებსაც ამის საშუალება არ აქვთ. როცა სიუჟეტს გამოხმაურება და კონკრეტული შედეგი მოჰყვება, მაშინ ვხვდები რომ მიზანს მივაღწიე. ეს საოცარი შეგრძნებაა.
- ბევრ დასამახსოვრებელ სიუჟეტზე იმუშავე, გვითხარი რომელია შენთვის გამორჩეული?
- ამ პროფესიამ მომცა საშუალება რომ შევხვედროდი საოცარ ადამიანებს, ჩემი თვალით მენახა და განმეცადა ჩვენი ქვეყნის არაერთი წარმატება თუ გამარჯვება, აღმოვჩენილიყავი ცხელ წერტილებში და გამეშუქებინა ემოციური ამბები. ჩემთვის გამორჩეული იყო კომპოზიტორ გია ყანჩელთან შეხვედრა, მისი მუსიკა ძალიან მიყვარს. მასთან ერთად ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა, ფაქტობრივად ორი კვირა გაატარა. ეს იყო საოცარი, ძალიან საინტერესო, მუსიკით და უცნობი ისტორიებით დატვირთული ორი კვირა.

ეს იყო მისი ერთ-ერთი ბოლო სატელევიზიო გამოსვლა, რომელიც ძალიან ემოციურად დამამახსოვრდა. მასთან მუშაობა არ იყო ადვილი, თუმცა იყო ძალიან საინტერესო.
მნიშვნელოვანი იყო UFC- ჩემპიონთან, ილია თოფურიასთან ინტერვიუ. მაყურებელი ვერ ხედავს რა ხდება კადრს მიღმა, კულისებში. მახსოვს ძალიან ცოტა დრო მოგვცეს ინტერვიუსთვის, კარს მიღმა ჩემპიონს უამრავი ადამიანი ელოდებოდა. ინტერვიუს დასაწყისში ვუთხარი, ისეთი ამბები მომიყევი ყველაზე საინტერესო სიუჟეტი გამოვიდეს-თქო, მან მიპასუხა, მოდი შენ დამისვი საინტერესო კითხვები და მე გულწრფელად გიპასუხებო.
ჩემზე და ჩემს კითხვებზე ბევრი რამ იყო დამოკიდებული. როცა გადაცემა ეთერში გავიდა და სააგენტოები მისი ციტატებით აჭრელდა, მივხვდი რომ ინტერვიუ შედგა.

ხშირად მაყურებელი ვერ ხვდება, რა შრომა და ძალისხმევაა ჩადებული მასალის მომზადების დროს. ჩვენ გვიწევს რთულად დასათანხმებელი რესპონდენტების დათანხმება ინტერვიუზე, დათანხმება იმაზე რომ მათ ცხოვრებაში, ჯერ ჩვენ და შემდეგ მთელი საქართველო შეახედონ. როცა გადაღების შემდეგ მარტო ვრჩები მასალასთან ვცდილობ მთელი ჩემი კრეატივი ჩავდო, რომ გამოვიდეს საინტერესო, ადვილად გასაგები, ვიზუალურად სასიამოვნო და სანახაობრივი. ვცდილობ მაყურებელი გავიყოლო ყველა გადაღებაზე.

კიდევ ერთი გამორჩეული თემა, რომელსაც სიამოვნებით ვაშუქებ არის გასტრონომია. საერთაშორისო ფესტივალებზე როცა საქართველოს გასტრონომიის, კულტურის, იდენტობის გაცნობა ხდება, ამაყი ვარ, იმ შეფასებებით რასაც ვისმენ. ამ დროს ვცდილობ არაფერი გამოეპაროს ჩემს თვალს, ყურს და რა თქმა უნდა, კამერის ობიექტივს. როცა მაყურებელს საინტერესო ამბებს ვუყვები და ჩემგან იგებენ სასიხარულო, საამაყო ინფორმაციას, ეს ძალიან მახარებს.
- ქალთა უფლებებზე არაერთი სიუჟეტი მოგიმზადებიათ, ამ თემაზე მუშაობისთვის პრიზიც მიიღეთ. რამდენად შეუძლია ჟურნალისტიკას რეალური ცვლილებების მოხდენა ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით?
- ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ქალების ისტორიების მოყოლა, რომელთა ხმა ხშირად არ ისმის. ყოველი ასეთი სიუჟეტი მაძლევს შესაძლებლობას, საზოგადოების ყურადღება მივაპყრო მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ და თუნდაც მცირე წვლილი შევიტანო ცვლილებების პროცესში. გახსოვთ გუჩის პერფორმანსი და ეროვნებით სომეხი გოგოს გამოჩენა? როცა 5-წამიანმა კადრმა, მოდის ჩვენების გახსნის ცერემონიიდან მსოფლიო აალაპარაკა. არმინე არუთინიანს აკრიტიკებდნენ გარეგნობის გამო, კრიტიკის სამიზნე იყო სამოდელო სახლიც, რომელმაც ჩვენების გახსნა არმინე არუთინიანს მიანდო. თითქმის ყველა ქვეყნის გამოცემა ამ გოგოს განიხილავდა, საქართველოშიც ყველა მასზე ლაპარაკობდა, თან უარყოფით კონტექსტში. მაშინ მივხვდი რომ უნდა მომეძებნა და მისი ხმა, სათქმელი ქართველ მაყურებლამდე მიმეწვდინა. როგორ გითხრათ, ადვილი ნამდვილად არ იყო. რესპონდენტი დათანხმებულიც არ გვყავდა ისე წავედით გადამღები ჯგუფი ერევანში. არმინეს ჟურნალისტებთან ურთიერთობა არ სურდა, არც გადაღება და ძალიან ემოციურად იყო განწყობილი. შეხვედრაზე მაინც დავითანხმე და შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. ამ სიუჟეტით გავაგებინეთ მაყურებელს რომ გარეგნობას მნიშვნელობა არ აქვს. სიუჟეტს დიდი გაომხმაურება მოჰყვა, მგონი ბევრი დააფიქრა არმინეს სათქმელმა და აზრი შეაცვლევინა.

ყოველდღიურ ცხოვრებაში ქალები ხშირად დგანან გამოწვევის წინაშე- ძალადობა, უთანასწორობა, საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპები. ჩვენ ვცდილობთ ამ თემებზე ხშირად ვისაუბროთ. დაუჯერებელი ამბავი იყო, როცა დაღესტნელი აიშადის ისტორიას გადავაწყდით, ჯგუფში “ვეძებ.” ის საქართველოში ცხოვრობს და 40 წლის განმავლობაში ფიზიკური და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო. 10 შვილი გააჩინა და ყველა მათგან გაუსხვისეს. ემოციური იყო ამ სიუჟეტზე მუშაობა, აიშადი თავის შვილებს ეძებს. დავინტერესდით ადამიანებით, ვინც ამ ძალადობაში იყვნენ ჩართული, თუმცა მუშაობის პროცესში გავარკვიეთ, რომ ხანდაზმულობიდან გამომდინარე და მისი ჯანმრთელობის გათვალისწინებით საქმის გამოძიება შეუძლებელია. „იმედის კვირაში“ ეს ამბავი გაშუქდა და უამრავმა ადამიანმა იხილა და მოისმინა ქალის სათქმელი, რომლის ხმა არასდროს ისმოდა. ვფიქრობ ამ თემებზე ხმამაღლა უნდა ვისაუბროთ, ეს მხოლოდ ინფორმაცია არ არის, ასეთი სიუჟეტები ხელს უწყობს დისკუსიის დაწყებას, ცნობიერების ამაღლებას და ზოგჯერ კონკრეტული პრობლემების გადაჭრასაც კი.
- როგორია შენი, როგორც ჟურნალისტის ყოველი კვირა?
- ხშირად მიწევს მოგზაურობა, ხან საქართველოში, ხან უცხოეთში. ჩემოდანი სულ ჩალაგებული მაქვს. თათბირზე, გადაცემის წამყვანთან და პროდიუსერებთან ერთად იგეგმება თემა. ვცდილობ ბოლომდე გავარკვიო ყველაფერი, წავიკითხო, მოვიძიო. შემდეგი ეტაპი რესპონდენტის დათანხმებაა, რაც ძალიან რთულია. გადაღებაზე გუნდურად ვმუშაობთ, შეთანხმებულად. ხშირად რამდენიმე დღე გრძელდება პროცესი.
გვავიწყდება ჭამაც, ვდგებით გათენებამდე რომ მზის ამოსვლის კადრები გვქონდეს, გვიწევს ღამე გადაადგილება რომ დრო არ დავკარგოთ და ყოველ კვირას მაყურებელს ყველაზე საინტერესო ამბები მოვუყვეთ. რა თქმა უნდა არის გამოწვევებიც, ჩავარდნებიც, გაუთვალისწინებელი ამბები და სიტუაციები, მაგრამ “იმედის კვირის” გუნდი ძალიან შეკრულია, ამიტომ ერთად ყველაფრის გადალახვა შეგვიძლია.
- ბოლოს მოგვიყევი რა სიუჟეტზე მუშაობ?
- ბლენჰეიმის სასახლე უნდა გავაცნოთ მაყურებელს და ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის უინსტონ ჩერჩილის ისტორია მოვყვეთ. ასევე სიუჟეტში გიამბობთ რა კავშირები აქვს ამ სასახლის მფლობელს საქართველოსთან. ჩვენ ვიმოგზაურეთ დიდ ბრიტანეთში, ლონდონში და ორ სიუჟეტს ვამზადებთ.
მეორე სიუჟეტი National Geographic Traveller -ის გასტრონომიულ ფესტივალზეა, სადაც საქართველომ მართლაც დიდ წარმატებას მიაღწია და ბრიტანელებს ქართული სამზარეულო საუკეთესო კუთხით გააცნო. ასე რომ ძალიან საინტერესო და თან შემეცნებითი კვირის შეჯამება ელის იმედის მაყურებელს.

ავტორი: ნანა ჩხაიძე