7 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია ხარების დღესასწაულს ზეიმობს. ეს არის დღესასწაული, რომელიც ღვთისმშობლისთვის ანგელოზის მიერ ხარებას უკავშირდება, რომ კაცობრიობის მხსნელს მოავლენს.

ხარების დღესასწაული მარხვას ემთხვევა. მაგრამ ამ დღეს მორწმუნეებს ზღვის პროდუქტებით გახსნილების უფლება ეძლევათ.

სახარების მიხედვით, გაბრიელ მთავარანგელოზმა ახარა მარიამ ღვთისმშობელს, რომ მისგან იშვებოდა იესო ქრისტე, ძე ღვთისა.

ხარება მიჩნეულია კაცობრიობის ხსნის დასაბამად, საუკუნეებით დაფარული ღვთის საიდუმლოს გამოცხადებად.

პატარა ქალაქ ნაზარეთში მცხოვრებ ქალწულ მარიამს უფალი წმინდა გულით უყვარდა. ერთხელ მას გამოეცხადა უფლისგან გამოგზავნილი ანგელოზი გაბრიელი და უთხრა: “გიხაროდეს! მომადლებულო, უფალი შენთანაა. კურთხეული ხარ დედათა შორის.”

მარიამი შეკრთა, მაგრამ ანგელოზმა დაამშვიდა: „ნუ გეშინია, მარიამ, ვინაიდან მადლი ჰპოვე ღმერთთან. აჰა, დაორსულდები და შობ ძეს და სახელად იესოს დაარქმევ. დიდი იქნება ის და უზენაესის ძედ იწოდება. მისცემს მას უფალი ღმერთი მისი მამის, დავითის, ტახტს და უკუნისამდე იმეფებს იაკობის სახლზე და მის მეფობას არ ექნება დასასრული”.

მარიამი იოსებზე მხოლოდ დანიშნული იყო და გაიოცა: „როგორ იქნება ეს, როცა მე მამაკაცი არ ვიცი?”

ანგელოზმა მიუგო: „სულიწმინდა გადმოვა შენზე და უზენაესის ძალა მოგჩრდილავს. ამიტომ წმინდა შობილიც იწოდება ღვთის ძედ.”

მაშინ მარიამმა თქვა: „აჰა, მხევალი ვარ უფლისა. მეყოს შენი სიტყვისამებრ” და განეშორა მას ანგელოზი.