ამერიკაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა
1775328360
ამერიკელი მფრინავი, რომელსაც ირანში F-15-ის ჩამოგდების შემდეგ ეძებდნენ, გადაარჩინეს, - ინფორმაციას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში ავრცელებს. მისი ცნობით, მფრინავმა, რომელსაც პოლკოვნიკის წოდება აქვს, თავს მთებს აფარებდა, „მტერი მას უახლოვდებოდა, თუმცა ის მარტო არასოდეს იყო“, რადგან აშშ-ის სარდლობა მის გადარჩენაზე ზრუნავდა. ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ მფრინავმა გარკვეული დაზიანებები მიიღო, თუმცა მის სიცოცხლეს ახლა არაფერი ემუქრება.
„ჩემი მითითებით, აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ათობით თვითმფრინავი გაგზავნა, რომლებიც მსოფლიოში ყველაზე მომაკვდინებელი იარაღით იყვნენ აღჭურვილნი, რათა ის დაებრუნებინათ. მან დაზიანებები მიიღო, თუმცა ყველაფერი რიგზე ექნება. ეს სასწაულებრივი სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ემატება კიდევ ერთი მამაცი პილოტის გუშინდელ წარმატებულ გადარჩენას, რაც ჩვენ არ დავადასტურეთ, რადგან არ გვსურდა საფრთხე შეგვექმნა მეორე სამაშველო ოპერაციისთვის.
ეს პირველი შემთხვევაა სამხედრო ისტორიაში, როდესაც მტრის ტერიტორიის სიღრმეში, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, აშშ-ის ორი პილოტი გადავარჩინეთ. ჩვენ არასოდეს მივატოვებთ ამერიკელ მებრძოლს! ის ფაქტი, რომ ჩვენ შევძელით ორივე ამ ოპერაციის განხორციელება ისე, რომ არცერთი ამერიკელი არ დაღუპულა და არც კი დაშავებულა, კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ჩვენ მივაღწიეთ აბსოლუტურ საჰაერო დომინირებასა და უპირატესობას ირანის ცაზე“, - წერს ტრამპი.
ირანის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ ამერიკული გამანადგურებელი F-15 ჩამოაგდო. თვითმფრინავის ორმა პილოტმა კატაპულტირება მოასწრო. ერთი პილოტი ამერიკელებმა გადაარჩინეს და სამშვიდობოს გაიყვანეს, ხოლო მეორე მფრინავის ბედი უცნობი იყო.