„ცუდია დიდ შაბათს სახლიდან რამეს გაცემა...“ - ცრურწმენები და სახალხო ტრადიციები
1744996659
ვნების შვიდეული – წლის მთავარი კვირაა ყველა ქრისტიანის ცხოვრებაში. ამ კვირის ყოველი დღე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.
დიდი ხუთშაბათი
უფალმა თავისი ამქვეყნიური ცხოვრების უკანასკნელი საღამო მოწაფეებთან ერთად გაატარა. ეს დღე დიდ ხუთშაბათად იწოდება. ხუთშაბათ დღეს მაცხოვარმა პასექის მოსამზადებლად პეტრე და იოანე გააგზავნა. საღამოს უფალი მოციქულებთან ერთად მივიდა იმ სახლში. როცა პასექის საჭმელად დასხდნენ, მაცხოვარმა მოწაფეებს ამცნო, რომ ერთ-ერთი მათგანი გასცემდა.
ძველაღთქმისეული პასექის დასრულების შემდეგ უფალმა აიღო პური, აკურთხა, გატეხა, მოწაფეებს საჭმელად მისცა და უთხრა: "ესე არს ხორცი ჩემი თქვენთვის მიცემული, ამას ჰყოფდეთ მოსახსენებელად ჩემდა", — შემდეგ აიღო სასმისი, მისცა მათ და უთხრა: "სუთ ამისაგან ყოველთა: ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქუმისა, მრავალთათვის დათხეული მისატევებელად ცოდვათა". ამით უფალმა დააწესა ახალი აღთქმის ერთ-ერთი უდიდესი საიდუმლო — ზიარება.
ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინება წირვა და ტრადიციულად წაიკითხება 12 ვნების სახარება, ლიტურგიის შემდეგ, ფეხთბანის რიტუალი შესრულდება.
დიდი ხუთშაბათი იმითაცაა გამორჩეული, რომ ეს ერთადერთი დღეა მთელი წლის განმავლობაში, როცა საჭიროების შემთხვევაში, მირონის კურთხევა შეიძლება. დიდი ხუთშაბათის საღამოს სრულდება დიდი პარასკევის ცისკარი, როდესაც ე.წ. „თორმეტი სახარება“ ანუ ოთხი სახარებიდან ამოკრეფილი 12 ნაწყვეტი იკითხება, რომელშიც იესო ქრისტეს ის ვნებებია აღწერილი, რომლებიც ჯვარცმამდე გადახდა.