დღეს ამ სასწაულთმოქმედი ხატის - "ღირს არსის" ხსენების დღეა - ვკითხულობთ ამ ლოცვებს

icon

24 ივნისს დიდებული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის ხსენების დღეა. ამ ხატს ეწოდება "ღირს არსი ანუ მოწყალე."

ათონზე, კონსტანტინე დიდის მიერ 335 წელს დაარსებულ კარეასის მონასტერში იმყოფება სასწაულთმოქმედი ხატი - "ღირს არსი". ხატი ამ სავანის მთავარ ტაძარში, საკურთხეველში მაღალ დასაჯდომელზეა მოთავსებული. ის შემდეგი მოვლენის გამო განსაკუთრებითაა განდიდებული:

ერთი მღვდელ-მონაზონი მორჩილთან ერთად კარეასის ახლოს განდეგილივით ცხოვრობდა. ისინი იშვიათად, მხოლოდ განსაკუთრებულ ვითარებაში ტოვებდნენ სენაკს. ისე მოხდა, რომ ერთხელ, აღდგომის დღეს, ღამის თევაზე დასასწრებად ბერი კარეასის ეკლესიაში წავიდა. მოწაფე სენაკის დასარაჯოდ დარჩა და მისგან ბრძანება მიიღო, რომ მსახურება შინ აღესრულებინა. დაღამებისთანავე მან კაკუნი გაიგონა. როდესაც კარი გამოაღო, დაინახა უცნობი ბერი, რომელიც პატივითა და თავაზით მიიღო. როცა ღამის თევის ლოცვის აღსრულების დრო დადგა, მათ ერთად დაიწყეს გალობა. ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის სადიდებელი ლოცვის დროს, ორივე ღვთისმშობლის ხატის წინაშე დადგა და კოსმა მაიუმელის ძველი საგალობელი წამოიწყეს - „უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა...“ და ა.შ., მაგრამ საოცარმა სტუმარმა თქვა: „ჩვენთან ასე არ ადიდებენ ღვთისმშობელს. ჩვენ ჯერ ასე ვგალობთ: „ღირს არს ჭეშმარიტად რათა გადიდებდეთ შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლადუბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა“ და მხოლოდ ამის შემდეგ ვამბობთ: „უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა“.

ახალგაზრდა ბერს გული აუჩუყდა, როცა ჯერ არსმენილი გალობა გაიგონა და სტუმარს ვედრება დაუწყო, რომ ღვთისმშობლის ამგვარი დიდება მისთვისაც ესწავლებინა, მაგრამ სენაკში არც მელანი და არც ქაღალდი არ აღმოჩნდა. მაშინ სტუმარმა უთხრა:

„მაშინ მე შენთვის ამ ქვაზე დავწერ, შენ კი ისწავლე, ასე იგალობე და ყველა ქრისტიანს ასწავლე, რომ მათაც ამგვარადვე ადიდონ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი“.

საოცარი სტუმრის ხელში ქვა ცვილივით დარბილდა და სიტყვები ღრმად ამოიკვეთა. როცა ქვაზე გალობა დაწერა, სტუმარმა იგი მორჩილს მისცა, საკუთარი თავი გაბრიელად მოიხსენია და მსწრაფლ უხილავი გახდა.

მორჩილმა მთელი ღამე ღვთისმშობლის ხატის წინაშე, მის ქება-დიდებაში გაატარა და დილისთვის ღვთაებრივ საგალობელს ზეპირად ამბობდა. კარეასიდან დაბრუნებულმა ბერმა იგი ამ საოცარი გალობის აღვლენისას ნახა.
მორჩილმა მას ქვა აჩვენა და რაც მოხდა, ყველაფერი უამბო. ბერმა ამის შესახებ წმინდა მთის საკრებულოზე განაცხადა და ყველა ერთი პირით და ერთი გულით ადიდებდა უფალს, დედა ღვთისას და გალობდნენ ახალ საგალობელს.

მას შემდეგ ეკლესია მთავარანგელოზის გალობას „ღირს არსს“ აღავლენს, ხოლო ხატი, რომლის წინაშეც ის მთავარანგელოზმა აღასრულა, კარეასის ტაძარში გადააბრძანეს. მთავარანგელოზის მიერ ამოკვეთილი ფილა წმინდა პატრიარქის ნიკოლოზ ქრიზოვერხის (938-996 წწ.) დროს, ბასილი და კონსტანტინე რომან-უმცროსის ვაჟების ზეობის ჟამს, კონსტანტინოპოლში გადაიტანეს. ხოლო ის სენაკი ათონზე დღემდე "ღირს არსის" სახელითაა ცნობილი.

***

საგალობელი "ღირს არსს"….

“ღირს არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ შენ, ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლადუბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა. უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით ვადიდებდეთ!”

***

ალბათ, არ არსებობს მაზიარებელი მართლმადიდებელი, რომელსაც არ უყვარდეს ეს საოცარი საგალობელი.
ის უდიდეს მადლსა და წყალობას ანიჭებს მსმენელს. ღვთისმშობლის "ღირს არსის" გალობა, ანგელოზთა მიერ, ზეცაში მუდმივად აღევლინება,  დედაღვთისმშობლის წინაშე.

***

ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის ხატს - „ღირს არსს“ ევედრებიან სულიერი და ხორციელი სნეულებების დროს, ყოველგვარი საქმის დასრულებისას

ტროპარი, ხმა 4
სამართლად კადნიერებით მოვილტვით მოწყალისა ხატისა შენისა მომართ, ღუთისმშობელო და ლმობიერებითა ვხმობთ მისდა მომართ: გარდამომივლინენ მდიდარნი წყალობანი შენნი: განამტკიცე ეკლესიაჲ ჩუენი, კეთილდღეობანი კაცთანი დაიცევ და იხსენ ქუეყანაჲ ჩუენი ყოვლისაგან გარემოდგომილებისა, ერსა ამას მშვიდობაჲ მოჰმადლე და აცხოვნენ სულნი ჩუენნი.

ლოცვა 1
ღირსად საგალობელო და სამართლად ყოველთა უმაღლესთა ძალთაგან პატივდებულო, ვითარცა უზესთაეს მათდა აღმატებულმან, ღუთისა და ყოვლისა შემოქმედისა მშობელმან, ყოველთა ზედა განდიდებულმან, საკვირველმან დედუფალმან, ევედრე შენგან განხორციელებულსა ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა. რაჲთა მოიხილოს ერსა თვისსა ზედა, რომელსა არა აუქს სიტყუისგებაჲ წინაშე მისა, რაჲთა უვნებელად დაგვიცუას ჩუენ ცილისწამებისაგან წინააღმდგომთა და ბოროტთა კრულებათაგან ჭეშმარიტად მრავლის შემძლებელ არნ დედობრივი ლოცუანი შენნი, რამეთუ იტყუის: ევედრე დედასა ჩემსა და არა განაგდო შენ, არამედ აღგისრულო თხოვაჲ ყოველი. ამისთვისცა აღვსილნი სიხარულითა გიღაღადებთ შენ: დედუფალო, მიხსენ განსაცდელსა შინა მყოფნი მონანი ესე შენნი, განანათლენ ყოველნი აწინდელსა ჟამსა დაბნელებულნი ამაოჲსაგან სიბრძნისმოყუარებისა და იესუს ტკბილსა მიჰმადლენ, რაჲთა მოხარულნი ვხმობდეთ: დიდება მამასა, დიდება ძესა, დიდება სულსა წმიდასა. დიდება შენცა ყოვლადდიდებულსა და ყოვლადუხრწნელსა ქალწულსა ღუთისმშობელსა, უფროსადპატივდებულსა და უფროსადკურთხეულსა, დაუსრულებელთა საუკუნეთა უკუნისამდე, ამინ.

ლოცვა 2ჰოი, ყოვლადწმიდაო და ყოვლადმოწყალეო დედუფალო ღვთისმშობელო, ყოველნი შევრდომილნი წმიდასა ხატსა შენსა შენდა ვხმობთ მორჩილებითა: ისმინე ხმისა ლოცვისა ჩუენისასა, მოხედენ მწუხარებათა და სულთქუმათა ჩუენთა და ვითარცა დედამან მოყუარულმან ისწრაფე ჩუენ-უძლურთა მომართ, ევედრე ძესა შენსა და ღმერთსა ჩუენსა, რაჲთა არა უსჯულოებათა ჩუენთაებრ დავინთქნეთ ჩუენ, არამედ გარდამოავლინოს აურაცხელნი კაცთმოყუარებანი თვისნი ჩუენ - ცოდუილთა ზედა, ითხოე ჩუენთვის, დედუფალო, მისითა მოწყალებითა, მოგუენიჭოს ჩუენ სიმრთელე ხორციელი და კეთილჰაეროვნებაჲ, რაჲთა გარდამოგუვლინოს კურთხევაჲ ზეციური თვისი ყოველსა საქმესა კეთილსა ჩუენსა ზედა და ვითარცა ძუელად მოჰხედა მოწყალითა თუალითა თვისითა მორჩილთა მას ათონის მთისასა, რომელი სიმდაბლითა ადიდებდა სახელსა შენსა - წინაშე ყოვლადწმიდისა ხატისა შენისა და წარმოგზავნა მისდა მთავარანგელოსი სწავლად გალობისა მის, რომლითა ზეციურნი ძალნი გადიდებენ შენ, ეგრეცა ჟამსა ამას შეიწირენ სულთქუმანი ესე ჩუენნი, რომელსა აღავავლენთ შენდა მომართ, ჰოი, ყოვლადსაგალობელო დედაო, განპყარ ღუთისმტვირთუელნი ხელნი შენნი უფლისა მიმართ, რომელთა ზედა ყრმა იგი ღმერთი მიიქუ და ევედრე მას, რაჲთა ყოვლისაგან ბოროტისა მიხსნნეს ჩუენ. გარდამოავლინე, დედუფალო, წყალობანი შენნი ჩუენ ზედა, სნეულნი განკურნენ, მწუხარეთა ნუგეშინის-ეც, განსაცდელთა შინა მყოფთა შეეწიე და ღირს-მყვენ ყოველნი, რაჲთა კეთილად განვლოთ ცხორებაჲ ესე ჩუენნი, აღსასრული ურცხუენელი, ქრისტეანობითი მომმადლე ჩუენ და ზეციურისა სავანისა მემკვიდრედ გამომაჩინე დედობრივითა შუამდგომელობითა შენითა წინაშე შენგან განკაცებულსა ქრისტესა ღვთისა ჩუენისა, მასთანა დაუსაბამოჲსა მამისა და ყოვლადწმიდისა სულისა, რომელსა შუენის ყოველი დიდება, პატივი და თაყუანისცემა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!