დეზინფორმაცია და რეალობა - რა ხდება სინამდვილეში საგარეო საქმეთა სამინისტროში?

ბოჭორიშვილი

რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაციის შესახებ. ცალკეული პირები და მედიასაშუალებები აქტიურად აქვეყნებენ დაუდასტურებელ ცნობებს იმის შესახებ, რომ თითქოს საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, ასევე ლევან მიქელაძის სახელობის სასწავლო ცენტრი უქმდება და ფუნქციონირებას წყვეტს.

„პრაიმტაიმი“ დაინტერესდა, რა ხდება რეალურად. მას შემდეგ, რაც დიპლომატიურ უწყებაში რეორგანიზაცია გამოცხადდა, მედიამ მოიპოვა სამინისტროს სტრუქტურის გეგმა, რომლის მიხედვითაც ხორციელდება უწყების რეორგანიზაცია. ჩვენ ასევე მოვიპოვეთ საგარეო საქმეთა მინისტრის წერილი, რომელიც სამინისტროს თანამშრომლებს რეორგანიზაციის შესახებ დაეგზავნათ. წერილის მიხედვით ირკვევა, რომ სამინისტროში დეპარტამენტების ეფექტურობა არათუ სუსტდება, არამედ ძლიერდება, გაუქმების ნაცვლად კი აღმოჩნდა, რომ რამდენიმე სტრუქტურული ერთეული ცენტრალიზებულად, ერთი ქოლგის ქვეშ ერთიანდება, რასაც სამინისტროში სწორედ მეტი ეფექტურობით ხსნიან.

მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი  წერილში დეტალურად ხსნის რეფორმის აუცილებლობას, რომლის ეტაპობრივი განხორციელებაც ქვეყანას მისცემს შესაძლებლობას, ეროვნული ინტერესების დასაცავად და მთავრობის პრიორიტეტების სათანადოდ განსახორციელებლად, ჰქონდეს, რაც შეიძლება ძლიერი წარმომადგენლობა საზღვრებს გარეთ, ოპტიმალური ცენტრალური აპარატი და ეფექტიანი კოორდინაციის ყველა საჭირო მექანიზმი. წერილში ნათლად ჩანს, რომ მიმდინარე ცვლილებები საგარეო პოლიტიკური მიზნების ეფექტიანად განხორციელებას ემსახურება და სამინისტროს სტრუქტურის იმგვარად გარდაქმნას ისახავს მიზნად, რომელიც თანამედროვე გამოწვევებს ბევრად უფრო ეფექტიანად უპახუსებს.  

„ქვეყნის საგარეო პრიორიტეტების შესაბამისად, გაძლიერდება არსებული დიპლომატიური წარმომადგენლობები საზღვარგარეთ;  ამოქმედდება საქართველოს არარეზიდენტი ელჩების ინსტიტუტი, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიზნების განხორციელების არეალის გაფართოებას; გაიხსნება ახალი დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო სამსახურები; ცენტრალური აპარატის ეფექტიანობისა და კოორდინაციის მექანიზმების გაძლიერებისთვის, შეიქმნება 4 პოლიტიკური დირექტორატი, რომელიც გააერთიანებს 10 დეპარტამენტს და 25 სამმართველოს; სამინისტროს ფუნქციონირებისთვის ადამიანური და ადმინისტრაციული რესურსით უზრუნველყოფაზე იზრუნებს რესურსების მართვის გენერალური დირექტორატი; სამინისტროს ცენტრალურ აპარატს შეერწყმება სისტემაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები; დამწყები დიპლომატებისთვის ამოქმედდება ორწლიანი გამოსაცდელი ვადა, რაც ასევე მოიცავს საზღვარგარეთ წარმომადგენლობებში მოკლევადიანი სამსახურის/პრაქტიკის გავლას“ - წერს მაკა ბოჭორიშვილი თანამშრომლებს.

„პრაიმტაიმმა“ ასევე მოიპოვა სამინისტროს განახლებული სტრუქტურა, დოკუმენტიდან ჩანს, რომ საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ და ასევე, ლევან მიქელაძის სახელობის სასწავლო ცენტრი, უშუალოდ სამინისტროს ცენტრალურ აპარატში განაგრძობს ფუნქციონირებას, რაც დასახული მიზნების უფრო ეფექტიანად განხორციელებას შეუწყობს ხელს.