დედის წყევლით დაქცეული ერთი ოჯახის ისტორია - რა შემთხვევას იხსენებს მამა პაისი

წყევლა

მშობლებს, განსაკუთრებით დედებს, მუდამ უნდა ახსოვდეთ, რომ, როგორც გულმხურვალე ლოცვით შეუძლიათ შვილებისათვის ღვთისაგან უსაზღვრო მადლი მიიღონ, ასევე გაღიზიანებულად ნათქვამით, წყევლით,  რისხვით შეიძლება შვილებს უბედურება დაატეხონ თავს.

სიტყვას უდიდესი ძალა აქვს. უფალმა სწორედ სიტყვით შექმნა სამყარო. სიტყვა უბრალო ბგერები არ არის, რომელიც წარმოითქმება და ჰაერში გაიფანტება, წავა, უკვალოდ გაქრება, როგორც ამას, სამწუხაროდ, ბევრი ფიქრობს. მას უდიდესი დატვირთვა აქვს.

მშობლების სიტყვას განსაკუთრებული ძალა აქვს. ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შვილის დაწყევლა. არცერთი წუთით არ უნდა დავივიწყოთ, რომ, როგორც დედის ლოცვა აღწევს ღმერთამდე, ისევე - წყევლაც. დედის ყოველი სიტყვა, ზოგჯერ უგუნურად და გაუაზრებლად ნათქვამი, როდესმე მაინც ახდება. 

აქ მოთხრობილი ამბები ყოველივე ამის სამწუხარო და ნათელი დადასტურებაა.

მშობლის წყევლა თუნდაც აღშფოთება ძლიერად მოქმედებს. თუ მშობელს კი არ დაუწყევლია თავისი შვილი, არამედ მხოლოდ აღშფოთდა მისი საქციელის გამო, ესეც საკმარისია, რომ შვილებმა მოსვენება დაკარგონ. ასეთი ბავშვები შემდგომში მთელ ცხოვრებას ტანჯვა-წამებაში ატარებენ. რა თქმა უნდა, საიქიო ცხოვრებაში ეს მათ შეღავათს მისცემს, რადგან ამ წამებით აქაურ ვალებს ისტუმრებენ. ხდება ის, რის შესახებაც წმ. ისააკი ამბობს: „ამქვეყნად იგემებენ თავის გეენას“, ანუ ამქვეყნიური ტანჯვით ის ჯოჯოხეთურ სატანჯველს ამცირებს. ესე იგი როდესაც ძალაში შედის სულიერი კანონები, ასეთი ადამიანი რამდენამდე თავისუფლდება გეენიისაგან, ტანჯვისაგან.

მშობლები, რომლებიც სიტყვით „გზავნიან“ შვილებს ეშმაკთან, მას „უძღვნიან“ თავიანთ შვილებს. ამის შემდეგ ეშმაკს უკვე აქვს უფლება ამ ბავშვებზე, იგი ამბობს: „შენ მე ისინი თავად მომიძღვენი“.

მეოცე საუკუნის ერთ-ერთი დიდი მამა ბერი პაისი ასეთ შემთხვევას იგონებს: „ერთ ქალს ოთხი შვილი ჰყავდა და ვერც ერთი ოჯახს ვერ ეკიდებოდა. დედა ტირილით მეუბნებოდა: „მომკლავს ამათი დარდი, ილოცე მათთვის“. ეს ქალი ქვრივი იყო, მე მეცოდებოდა იგი და ვლოცულობდი მისი შვილებისათვის, მაგრამ უშედეგოდ. მივხვდი, რომ რაღაცა ისე ვერ იყო... ერთხელ მათ ვკითხე, დედა ბავშვობაში ხომ არ გწყევლიდათ-მეთქი.

- დიახ, მამაო, ბავშვობაში ძალიან ცელქები ვიყავით და დედა მუდამ გვწყევლიდა. - მიპასუხეს.

- წადით და დედათქვენს უთხარით, რომ თქვენი მოუწყობელი ცხოვრების ნამდვილი მიზეზი ეს არის. უთხარით, მოინანიოს, აღსარება თქვას და დღეიდან გამუდმებით გლოცოთ.

წელიწადნახევარში ოთხივემ ოჯახი შექმნა!

კარგია, როცა მშობელი ცოცხალია და ამდენად მონანიება შესაძლებელია. მაგრამ ისმის კითხვა: თუ ის ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, რომ თან წაიღო ეს ცოდვა? შეიძლება თუ არა წყვლისგან განთავისუფლება? მამა პაისი პასუხობს:

- თუ შვილები საკუთარ თავს ჩაუკვირდებიან და მიხვდებიან, რომ თავის დროზე აშავებდნენ, აწვალებდნენ მშობლებს და ამიტომაც იქნენ დაწყევლილნი, თუ ისინი დანაშაულს აღიარებენ და ცოდვებს მოინანიებენ, ყველაფერი მოწესრიგდება. სულიერ ცხოვრებაში წარმატებით ისინი განსვენებულ მშობლებსაც შეეწევიან.

წყევლით დაქცეული ერი ოჯახის ტრაგედია
სულისშემძვრელია ამბავი, რომელიც დეკანოზმა ეფიმ ოსტომისლენსკიმ გვიამბო: „სასწავლებელში სწავლის დროს მე და ჩემი ძმა ბიძაშვილებთან ლოვასა და პავლესთან ვცხოვრობდით. ბიჭების მამა - ბიძაჩვენი თავის მამასთან (ჩვენს პაპასთან) ერთად ასოთხმოცი კილომეტრით დაშორებულ სოფელში ცხოვრობდა. ჩვენი მშობლები კი სხვა მაზრაში სახლობდნენ. ჩვენი პაპაც, მამაც და ბიძაც სასულიერო პირები იყვნენ და ჩვენც, ბიჭებიც ეკლესიურად ვცხოვრობდით.

ერთ კვირა დღეს პავლემ, სრულიად ჯანმრთელმა და საღსალამათმა, თავი შეუძლოდ იგრძნო - თავი ასტკივდა და სიცხემ აუწია. ცოტა ხანში გონება დაკარგა და ხრიალი ამოუშვა. თან თვალებიდან ჩირქი გადმოსდიოდა, პირიდან - ქაფი. მოვიდნენ სემინარიის ექიმი და ექთნები, რომლებმაც, რა თქმა უნდა, ვერაფერი გაარკვიეს, თუ რა სჭირდა ბიჭს და ვერც ვერაფერი უშველეს - რამდენიმე წუთში ის გარდაიცვალა. ყველას ამოუხსნელ გამოცანად დაგვრჩა პავლეს უცნაური სიკვდილი.

ერთი კვირის შემდეგ ჩვენთან პაპა ჩვენი ჩამოვიდა, რომელმაც კიდევ ერთი სამწუხარო ამბავი ჩამოგვიტანა - გარდაცვლილიყო ბიძაჩვენი, პავლეს მამა. „წინა კვირას დავასაფლავეთ“ - მწარედ ამოიოხრა პაპამ.

ოთხი თვის შემდეგ სემინარიის არდადეგები დაიწყო და მე და ჩემი ძმა, ჩვეულებრივ, სახლში გავემგზავრეთ. ორი კვირის შემდეგ მამაჩვენმა პაპაჩვენის და ქვრივი ბიცოლას მოსანახულებლად წაგვიყვანა. პავლეს გარდა იმ ოჯახში კიდევ შვიდი შვილი იყო, რომელთაგან უფროსი - ევდოკია 16 წლის გახდა.

ჩავედით სოფელში და ისეთი რამ შევიტყვეთ, რაც ამ ცოდვილ დედამიწაზეც კი იშვიათად ხდება: ბიძაჩვენის და მისი შვილის, პავლეს გარდაცვალების შემდეგ მოულოდნელად გარდაიცვალა ოჯახის კიდევ ერთი შვილი - გიორგი. ცოტა ხნის შემდეგ კი - ევდოკია. ის მდინარეზე სარეცხს რეცხავდა თურმე; უცებ ფეხი დაუცურდა, წყალში ჩავარდა და დაიხრჩო.

უბედურებამ დაისადგურა ოჯახში, სადაც ასე მხიარულად ვატარებდით ბავშვობას. ახლა ყველანი მწარედ ვტიროდით. ყველაზე მეტად თავს იკლავდა ბიცოლა პელაგია. მამაჩვენი, რამდენადაც შეეძლო, ამშვიდებდა.

- არ იწუწუნო, პელაგია. უფალს არ უსაყვედურო. მისი განგებულება ზოგჯერ ჩვენი გონებისათვის მოუწვდომელია, მაგრამ ყოველთვის ბრძნულად განაგებს ყოველივეს თავისი წმინდა ნებით.

პელაგიას ცრემლი არ აშრებოდა თვალზე. ტირილით და გოდებით პასუხობდა მაზლს.

- განა ჩემ ქმართან და შვილებთან დაშორებას ვტირი?! მართალია, ეს ენით აუწერელი ტანჯვა და სიმწარეა, მაგრამ მაინც იმედი მაქვს, რომ როდესმე იმ ქვეყანაში შევხვდებით ერთმანეთს... ჩემი მწარე ცრემლების მიზეზი სულ სხვა რამე. ო, ღმერთო ჩემო!..

ჩვენ გაოცებულები ვუყურებდით ბიცოლას. მან ღრმად ამოიოხრა და განაგრძო:

- განა შეიძლება მე, ცოდვილმა, ცრემლებით ჩამოვირეცხო ცოდვა? ვიცი, რომ სამართლიანად განვარისხე უფალი და ეს არ მეპატიება! იცი, რა ჩავიდინე?!

ქმარი რომ დავასაფლავეთ და სახლში დავბრუნდი, ჩემს საძინებელ ოთახში ჩავიკეტე, ღვთისმშობლის ხატის წინ დავეცი და შეშლილივით დავიწყე ბუზღუნი, საყვედურები, ღვთის გმობა: „დედაო ღვთისავ, წაიყვანე ჩემი შვილებიც! წაიყვანე... არ მჭირდებიან!.. და ხედავ, რა მომივიდა?“

- ღმერთო ჩემო, ეს რა გიქნია, პელაგია. - აღმოხდა მამაჩემს.

- მათთვის ხომ ცუდი არაფერი მიქნია? - გაუბედავად წაილუღლუღა საწყალმა ქალმა.

- რა თქმა უნდა, მათთვის არაფერი გიქნია ცუდი. ისინი ღმერთის ნებით აღტაცებულნი არიან. ახლა მათ ვერც სიბოროტე და სიცრუე დაუშავებს რამეს და შეაცდენს მათ სულებს, მაგრამ შენთვის როგორია ეს?!

- აი, ამაზე ვტირი და მოვთქვამ და ვქვითინებ.

როგორც გამოვარკვიეთ, პავლე ზუსტად იმ წუთებში წასულა ამ ქვეყნიდან, როგორც კი დედამისმა ეს შეჰღაღადა ღვთისმშობელს. 180 კილომეტრის იქით ჩააღწია კრულვამ.

მაშ ასე, თქვენ, მშობლებო, განსაკუთრებით დედებო, შვილებთან დაკავშირებით ხშირად იღებთ განსაცდელს, მაგრამ ნუ დამწუხრდებით, ნუ განრისხდებით, ნუ მიეცემით სასოწარკვეთას. უფალს ნუ განეშორებით და ყოველთვის დაინახავთ, ხსნა აუცილებლად მოვა.

წყარო: