პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მესტიელი ქეთი ფანგანი კახეთში, ოჯახში დატრიალებული მძიმე ამბის შემდეგ მოხვდა. 2008 წელს, მშობლიურ მუნიციპალიტეტში, ფანგანებს სახლი დაეწვათ და იძულებულები გახდნენ, საცხოვრებელი ადგილი შეეცვალათ.
ასე დასახლდა ღია ცის ქვეშ დარჩენილი ხუთსულიანი ოჯახი, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ არგოხში.
პრაიმტაიმთან საუბარში, ქეთი ფანგანი ჰყვება, რომ სრულიად უცხო სოფელში ოჯახის გადასახლება საკმაოდ რთული იყო.
„ჩემი მშობლიური სახლი სრულად დაიწვა. წარმოიდგინეთ რა მძიმეა, როცა წამებში, ღია ცის ქვეშ რჩები. მძიმეა სხვაგან გადასახლებაც. უცხო კუთხეში, მარტოები, დარდიანები და დაბნეულები ჩამოვედით. ადვილი არ არის სხვის სახლში, სხვის ეზოში ახალი ცხოვრების დაწყება და ყველაფრის თავიდან შექმნა".
კახეთში ჩასახლების დროისათვის, სრულიად ახალგაზრდა ქეთი ფანგანი, სახელმწიფოს ასპროცენტიანი დაფინანსებით, თბილისში, სამედიცინო აკადემიაში სწავლობდა.
„სრული დაფინანსება მქონდა, ნათესავთან ვცხოვრობდი, ამიტომ სწავლა არ შემიწყვეტია. ოჯახს ჩემი დახმარება, ბუნებრივია, გაუჭირდა, მაგრამ თავი მაინც გამქონდა და აკადემია დავასრულე. სოფელში სამსახურის შოვნა ადვილი არ არის, ჩემები ფიზიკურად შრომობდნენ. სოფელი არგოხიც პატარაა, ცოტა ხალხი ცხოვრობს. მთლიანობაში, ბევრი რამ გართულდა, დამძიმდა და უამრავმა პრობლემამ იჩინა თავი."
ახალგაზრდა ექიმი ვერც წარმოიდგენდა, რომ კიდევ უფრო მძიმე გამოცდა, დედის ავადმყოფობის სახით, კიდევ წინ ჰქონდა. „კიდევ უფრო დაუძლეველი ამბავი, თურმე წინ მქონდა. 2014 წელს, დედაჩემი სიმსივნით დაავადდა. ბევრი ვიბრძოლეთ, ვიარეთ, მაგრამ ვერაფერი ვუშველეთ, დიდი წვალებით წავიდა ამ ქვეყნიდან. მედიცინაზე ფიქრიც აღარ შემეძლო. თითქოს რამე შემეძლო და ვერ ვუშველე, ყველა ექიმი უძლური აღმოჩნდა, ჩემმა მედიცინამ სიკვდილი ვერ დაამარცხა. დედის სიკვდილმა სრულიად შეცვალა ჩემი ცხოვრება, გადავწყვიტე, ორდინატურა არ გამეგრძელებინა, ყველაფერი მივატოვე და შევუდექი სოფლის ცხოვრებას".
ცოტა ხანში, ქეთი ფანგანმა საკუთარ თავში, სახელოვნებო უნარები აღმოაჩინა და თექის შესწავლა დაიწყო. ამის შემდეგ, ხალიჩებისა და გობელენის ქსოვა მოიფიქრა და თელავში, კოლეჯის სტუდენტი გახდა.
„ეს საქმე მამშვიდებს, ძალას მმატებს, ყოველი ჩემი ნახელავი მახარებს. თითქოს დიდი არაფერია, მაგრამ როცა გამომდის, ბედნიერი ვარ..ვერ გეტყვით, ეს უნარები როდის აღმოვაჩინე, მაგრამ თითქოს ამით ახალი ცხოვრება დაიწყო".
ქეთი ფანგანი ახლა 35 წლისაა. სოფელ არგოხში, ოჯახთან ერთად ცხოვრობს და იქ მცხოვრები სხვა ქალების მსგავსად, ფიზიკურად შრომობს. მომქანცველი, მძიმე შრომის შემდეგ, ახალგაზრდა ქალი, სახელოვნებო უნარების რეალიზაციაში ისვენებს.
სამედიცინო აკადემიის ფრიადოსან კურსდამთავრებულს, მედიცინისკენ აღარ გაუხედავს და აღარც მომავალში აპირებს.