დედა შვილებს თოვლში აკაჟებს - ფოტოები სოფელ ნაკრადან

სვანეთი

თოვლში გადაღებული დედის და შვილების ფოტოები სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება. ფოტოზე 8 თვის სერაფიმე და 3 წლის დიონისე ხაჩიძეები და მათი დედა ელენე ცინდელიანია. ფოტოებში ასახულია, სოფელი ნაკრა, მესტია, სადაც თოვლში დედა შვილებს აკაჟებს.


ბავშვების მამა გიორგი ხაჩიძე ამბობს, რომ, პირველ რიგში, ყურადღებას უთმობენ სულიერ, შემდეგ კი ფიზიკურ ჯანმრთელობას, რასაც მშვენივრად ახერხებენ კიდეც.


„ზოგი იმასაც გვწერს პირადში, რა იცით, რომ მომავალში გაკაჟებული იქნებაო, მათ გასაგონად ვიტყვი, რომ ეს არაა 2 ან 3 წლის მოგონილი ვარჯიში. ათწლეულებია, რაც არსებობს და თაობები ჰყავს გაზრდილი. ამ მეთოდით ძალიან ბევრი ბავშვია გადარჩენილი და მას "მაუგლის მეთოდი"ჰქვია. კონკრეტული ვარჯიშები და ყველა დეტალი, რა თქმა უნდა, გამოცდილი სპეციალისტების მეთვალყურეობისა და რეკომენდაციის შემდეგ ტარდება. მგონია, რაც უფრო ჯანმრთელად გავზრდით შვილებს, უკეთესია.


სახლი ტაშის კარში გვაქვს, პარალელურად თბილისშიც ვართ. ახლა დიდი ხანია ჩემი ცოლი და შვილები სვანეთში არიან. მე პროფესიით ხატმწერი ვარ, ტაძარს ვხატავ და ხან რომელ კუთხეში მიწევს ყოფნა, ხან რომელში. ცხოვრებას აუცილებლად სოფელში ვაგრძელებთ.",- ამბობს მამა.


მან და მისმა მეუღლემ ერთმანეთი საეკლესიო მაღაზიაში გაიცნეს.


"ასე ერთსულოვნად მოვდივართ დღემდე. უბრალო და დიდი სიყვარულით ვცდილობთ, ქრისტიანულად ვიცხოვროთ და შვილებიც, პირველ რიგში, ქრისტიანულად, აღვზარდოთ. ასევე, სულიერი ჯანმრთელობის გარდა, ფიზიკურ ჯანმრთელობასაც დიდი ყურადღებას ვაქცევთ. აღზრდის პროცესში ყურადღებას ვანიჭებთ სწორ და ჯანმრთელ ცხოვრებას. ეს შეიძლება იყოს კვება, ვარჯიში და ასე შემდეგ. ვცდილობთ, არ მივცეთ ქიმიური საკვები, ნატურალურ პროდუქტებს ვანიჭებთ უპირატესობას. პატარა სერაფიმემ ღვთის წყალობით სამი თვის ასაკში ადვილად დასძლია კორონა. ჩვენი მიზანია ჯანმრთელები გაიზარდონ ჩვენი შვილები",- ამბობს მამა.

ძმების ფოტოებს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მათ კომენტარებში დადებითად აფასებენ და ჯანმრთელობას უსურვებენ პატარებს, თუმცა არის კრიტიკული კომენტარებიც.