„მოსალოდნელია დღეიდან, 15 ივნისამდე...“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1746383868
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 8 თებერვალს წმინდანად შერაცხული მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. დავით აღმაშენებლის სახელს საქართველოს აღმავლობის ეპოქა - ქვეყნის გაერთიანება, აღმშენებლობა, დიდი საბრძოლო გამარჯვებები, უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი რეფორმები, ქვეყნის ძლიერების სიმბოლოდ ქცეული დიდგორის ბრძოლა, გელათის ტაძრისა და აკადემიის მშენებლობა, (აკადემიაში იოანე პეტრიწი, არსენ იყალთოელი მოღვაწეობდნენ) და პოეტური ნაწარმოები "გალობანი სინანულისანი".
ნაწარმოები ეძღვნება სასულიერო ლირიკაში ღრმად დამუშავებულ (ეფრემ ასურის, იოსებ და თეოდორე სტუდიტეების, ანდრია კრეტელის, იოანე დამასკელის და სხვათა საგალობლები) სინანულის მოტივს. საგალობელში გადმოცემულია ზოგადსაკაცობრიო სევდა. დავით IV თავს ადარებს უმძიმესი ცოდვის ჩამდენთ და გამოთქვამს აზრს, რომ არ არსებობს დანაშაული, რომელიც მის სულს არ ამძიმებდეს. წარმოთქვამს აღსარებას უზენაესის წინაშე, ინანიებს ჩადენილ ცოდვებს და იმედოვნებს ღმერთის მოწყალეობასა და სახიერებაზე. ისევე როგორც, ანდრია კრეტელის "დიდი კანონი", "გალობანი სინანულისანიც" შექმნილია 50-ე ფსალმუნის მოტივზე. დავითის სინანულის საგალობელში ლირიკული გმირის ღაღადისი მარადიულია მაცხოვრისადმი, ღმრთისმშობლისადმი. ამით დავით IV-მ თავისი წვლილი შეიტანა ქართული ჰიმნოგრაფიის განვითარებაშიც.
1125 წლის 24 იანვარს, შაბათ დღეს აღესრულა 53 წლის ასაკში. წმინდა მეფე თბილისიდან ქუთაისში გადაასვენეს და მისივე ანდერძის თანახმად, მის მიერ აგებულ და სამეფო საძვალედ დადგენილ გელათის სამხრეთ კარიბჭე-ნაგებობაში დაკრძალეს. საფლავი განივად არის გაჭრილი, რათა, ანდერძის თანახმად, ყოველ შემსვლელს ფეხი დაედგა მეფის გულზე. საფლავის ლოდზე მისივე სურვილით ფსალმუნთა საგალობელი წააწერეს:
„ესე არს განსასვენებელი ჩემი უკუნითი უკუნისამდე. ესე მთნავს: აქა დავემკვიდრო მე“ (დავით წინასწარმეტყველის 131–ე ფსალმუნში, საიდანაც ამოღებულია ეს სტრიქონები, ნათქვამია: „ჩემს შემდგომ ნაშობნი თუ შეასრულებენ ჩემს ანდერძს და იცხოვრებენ ისე, როგორც მე დავიბარე და რასაც მე უფალი მავალებდა, მათ ექნებათ ტახტი უკუნისამდე."
***
ტროპარ-კონდაკი კეთილმსახურისა მეფისა დავით აღმაშენებლისა
ტროპარი: საკვირველებაი, რომელი ჰქმენ, უფალო, წმიდისა შენისა შორის კეთილმსახურისა მეფისა დავითისა, ზესთა აღხდების გონებასა სიტყვისმოქმედთასა, რამეთუ ადიდე იგი სახელისათვის შენისა ვიდრე დახსნადმდე სარკინოზთა ბრწყინვალეთა მიერ ძლევათა ყოვლადსაკვირველთა, ხოლო შემდგომად დახსნისა სარკინოზთასა დიდებულ-ჰყავ ნიშთა მიერ საკვირველთა, რომლისა ოხითა მოეც სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი.
კონდაკი: ზესთამბრძოლსა უძლეველსა დავითს და შემწესა ურცხვენელსა კეთილმსახურებისასა, ვითარცა მის მიერ განათლებულნი, სამწყსოსა მისისანი ერნი და ქალაქნი შესხმისა გვირგვინსა შეუთხზვიდეთ განმათავისუფლებელსა მას ჩუენსა ყოველთაგან ვნებათა და ვიტყოდეთ მისდამი სიხარულით: გიხაროდენ, კმაო მფარველო ჩუენო.