დავით სონღულაშვილი Foundation Plant Services-ის წარმომადგენლებს შეხვდა

დავით სონღულაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ორგანიზაციის Foundation Plant Services (FPS) დირექტორს, მაჰერ ალ-რვაჰნიჰს და ორგანიზაციის „საქართველოს აგრარული გაერთიანება“ დამფუძნებელს, ვალერი გორგიშელს შეხვდა.

შეხვედრის მიზანს საქართველოში ფსტის კულტურის განვითარების ხელშეწყობის, დარგში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების, ასევე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, სერტიფიცირებული სანერგე მეურნეობის შექმნის მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვა წარმოადგენდა.
შეხვედრაზე დავით სონღულაშვილმა სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამების შესახებ ისაუბრა და ყურადღება ფერმერებისთვის ხარისხიანი სარგავი მასალის ხელმისაწვდომობის, თანამედროვე აგროტექნოლოგიების დანერგვისა და დარგის მდგრადი განვითარებისათვის საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

საუბარი შეეხო ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების, თანამედროვე ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერების, მცენარეთა დაცვის კონტროლისა და სერტიფიცირების სისტემების განვითარების მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს.
მინისტრის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა ხელს შეუწყობს დარგში თანამედროვე სტანდარტების დანერგვას, ინოვაციური ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობას და აგროსექტორში ცოდნაზე დაფუძნებული განვითარების ხელშეწყობას.

როგორც მაჰერ ალ-რვაჰნიჰმა აღნიშნა, საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი პოტენციალი სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მიმართულების, მათ შორის მრავალწლოვანი კულტურების და თანამედროვე სანერგე მეურნეობების განვითარების კუთხით. მისი განცხადებით, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, თანამედროვე სტანდარტებისა და ტექნოლოგიების დანერგვა, ქვეყანაში ხელს შეუწყობს ხარისხიანი სარგავი მასალის წარმოების განვითარებას და აგროსექტორის გაძლიერებას.

აღსანიშნავია, რომ Foundation Plant Services (FPS), კალიფორნიის უნივერსიტეტთან (UC Davis) არსებული, მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაციაა მცენარეთა ჯანსაღი, დაავადებებისგან თავისუფალი სარგავი მასალის წარმოების, სერტიფიცირების, დიაგნოსტიკისა და კვლევების მიმართულებით. ორგანიზაცია მრავალ ქვეყანაში თანამშრომლობს სახელმწიფო და კერძო სექტორთან, ხელს უწყობს სანერგე მეურნეობების, ფიტოსანიტარიული და ლაბორატორიული სისტემების განვითარებას, ასევე თანამედროვე ცოდნისა და ტექნოლოგიების გაზიარებას.

„საქართველოს აგრარული გაერთიანება“ აგრარული სექტორის განვითარების ხელშემწყობი ორგანიზაციაა, რომელიც აქტიურად მუშაობს თანამედროვე აგროტექნოლოგიების დანერგვის, ფერმერებისთვის ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების, ასევე არატრადიციული და მაღალშემოსავლიანი კულტურების, მათ შორის ფსტის, ლურჯი მოცვისა და კენკროვანი კულტურების წარმოების განვითარების მიმართულებით. ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან, რაც საქართველოში თანამედროვე სანერგე მეურნეობებისა და ინოვაციური აგრარული პრაქტიკის განვითარებას უწყობს ხელს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე და საქართველოს აგრარული გაერთიანების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.