დავით სონღულაშვილი ამბროლაურში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს შეხვდა

დავით სონღულაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან გამართულ შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა უპირველესი პრიორიტეტია.

„გარემოსდაცვითი მიმართულება საქართველოს ხელისუფლებისთვის პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, მაქსიმალური მხარდაჭერა აქვს და ექნება გარემოსდაცვითი კონტროლის განმახორციელებელ უწყებას. კონტროლის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, აქტიურად მიმდინარეობს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გაძლიერების პროცესი, რომლის შემადგენელი ნაწილია რეგიონული ოფისების მშენებლობა/რეაბილიტაცია“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის განყოფილების ოფისში, რომელიც ამბროლაურში მდებარეობს, სარემონტო სამუშაოები 2025 წლის ივნისში დაიწყო. რემონტის დასრულების შემდეგ ოფისი სრულად იქნება აღჭურვილი თანამედროვე სტანდარტების ყველა საჭირო ინვენტარითა და ტექნიკით.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებთან შეხვედრაზე მინისტრთან ერთად სახელმწიფო რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში პაპუნა მარგველიძე, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის დელეგატი საქართველოს პარლამენტში გოჩა ენუქიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.