მკვლელობა ვარკეთილში - ექსკლუზიური კადრები, სადაც ტრაგედიამდე დაწყებული დაპირისპირებაა ასახული
1734982482
დაცული ტერიტორიების სააგენტოს, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) ერთობლივი 5 წლიანი პროექტი „დაცული ტერიტორიების ფინანსური მდგრადობის გაძლიერება საქართველოში“ წარმატებით დასრულდა, ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცეებს.
„დასკვნით ღონისძიებაზე პროექტის განვლილი ეტაპები და მიღებული შედეგები შეაჯამეს, გაიმართა პანელური დისკუსიები.
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა მადლობა გადაუხადა პროექტის განმახორციელებელ და დონორ ორგანიზაციებს. როგორც ნინო თანდილაშვილმა აღნიშნა, პროექტის განხორციელებით მიღებული შედეგები თვალსაჩინოა როგორც ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სისტემის განვითარების, ისე დაცული ტერიტორიების მმართველობის სისტემის გაუმჯობესების მიმართულებით.
„ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს დაცული ტერიტორიების მართვის მიმართულებით. შევქმენით 32 ახალი დაცული ტერიტორია და 75%-ით გავზარდეთ დაცული ტერიტორიების ფართობი. ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს ვახორციელებთ იმისთვის, რომ დაცულ ტერიტორიებზე მართვის და მენეჯმენტის სისტემა გაუმჯობესდეს, უკეთ დავიცვათ ბიომრავალფეროვნება, გავაჩინოთ ახალი ეკოტურისტული სერვისები და დამატებითი ეკონომიკური გაძლიერების შესაძლებლობა მივცეთ დაცული ტერიტორიების გარშემო მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, შესაძლებელია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, საქართველოს მთავრობის ძალისხმევით. ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობას აქტიურად გავაგრძელებთ“, - აღნიშნა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა.
პროექტის დასკვნით ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე ესწრებოდა, რომელმაც აღნიშნა, რომ დაცული ტერიტორიების მომავალი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს თანამშრომლობა საერთაშორისო პარტნიორებთან.
„გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) მოხარულია, რომ თანამშრომლობს სამთავრობო პარტნიორებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სამოქალაქო ორგანიზაციებთან დაცული ტერიტორიების განვითარების ხელშეწყობისთვის, რომელიც ემსახურება ბიომრავალფეროვნების და საქართველოს ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვას მომავალი თაობებისთვის“, - აღნიშნა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში დაგლას უებმა.
პროექტი „დაცული ტერიტორიების ფინანსური მდგრადობის გაძლიერება საქართველოში“ მოიცავდა სამიზნე 12 დაცული ტერიტორიის მდგრად და ეფექტიან ფინანსურ მხარდაჭერას. პროექტის ფარგლებში განხორციელდა საკონსულტაციო მომსახურება, სტრატეგიული დოკუმენტების შექმნა, ბიომრავალფეროვნებისთვის საჭირო სხვადასხვა ინვენტარის შეძენა, მნიშვნელოვანი სახეობების კვლევა-მონიტორინგი, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, ცოდნის მენეჯმენტის, მონიტორინგისა და შეფასების ინსტრუმენტების დანერგვა, დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურიზმის და ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც გააუმჯობესებს დაცული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას.
პროექტის ფარგლებში, საქართველოს 11 დაცულ ტერიტორიაზე დაინერგა თანამედროვე SMART მონიტორინგისა და პატრულირების სისტემა, რომლის მეშვეობითაც რეინჯერები ინფორმაციას სმარტფონებისა და ტაბლეტების გამოყენებით აგროვებენ.
პროექტის დასკვნით ღონისძიებას ესწრებოდნენ და საკუთარი გამოცდილების შესახებ ისაუბრეს კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) ეროვნულმა დირექტორმა თეა ბარბაქაძემ, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ბესიკ კუსიდიმ. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ იმ სამიზნე დაცული ტერიტორიების წარმომადგენლები, რომლებიც პროექტის ფარგლებში იყო შერჩეული. აღინიშნა, რომ მსგავსი პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავს დაცული ტერიტორიების განვითარებას სამომავლოდაც განხორციელდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.