დაირღვა თუ არა სანქციები რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემის შემოსვლით - ეკონომიკის სამინისტროს განმარტება

გემი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და „ტერმინალი 1“-ის ნავმისადგომზე რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემის შემოსვლის ფაქტს განმარტავს. 

განცხადებას „პრაიმთაიმი“ უცვლელად გთავაზობთ:

„ტვ პირველმა“ გაავრცელა მცდარი და გადაუმოწმებელი ინფორმაცია, თითქოს ბათუმის ნავსადგურში არსებული “ტერმინალი 1” ემსახურება რუსულ სანქცირებულ გემებს და ეხმარება მათ სანქციებისგან თავის დაღწევაში.

ევროკავშირის სანქციების მე-5 პაკეტი, რომელიც მოიცავს რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემებისთვის ევროკავშირის პორტებში შესვლის აკრძალვას, ითვალისწინებს გამონაკლისებს ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობისა და საკვები პროდუქტების, ასევე ჰუმანიტარული დახმარებისა მიმართ.

შესაბამისად, ენერგეტიკის სფეროში ევროკავშირსა და რუსეთს შორის სავაჭრო ურთიერთობები დღემდე არსებობს.

2022 წლის 7 აპრილს ბათუმის ნავსადგურში არსებული შპს „ტერმინალ 1”-ის ნავმისადგომზე შემოსულმა რუსეთის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა, სახელწოდებით: Loyalty, შემოიტანა დიზელის საწვავი და 12 აპრილს დატოვა ნავსადგური. აქედან გამომდინარე, “ტერმინალი 1”-ის მიერ გაწეული მომსახურება არ წარმოადგენს სანქციების დარღვევას, ან სანქციებისთვის გვერდის ავლის ხელშეწყობას.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ გემი შემოვიდა ტერმინალში 2022 წლის 7 აპრილს, როცა ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტი არ იყო დამტკიცებული.

ზემოთქმული ნათლად აჩვენებს, რომ აღნიშნული მედიის მხრიდან ადგილი ჰქონდა მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელებას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

სამწუხაროდ, ტელეკომპანია აგრძელებს მავნებლურ და უპასუხისმგებლო, გადაუმოწმებელ და სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის საშიშ ქმედებებს. ტელეკომპანია წარმართავს საქართველოს საწინააღმდეგო კამპანიას ისეთი უპასუხისმგებლო განცხადებებით, რომელიც უპირისპირდება არა აღმასრულებელი ხელისუფლების ვერტიკალის, არამედ ჩვენი საერთო სახელმწიფოს უსაფრთხოებას“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.